რას კარგავს ბავშვი, როცა დასასვენებლად ვერ მიგყავთ - რჩევები ქალაქში დარჩენილი ბავშვების მშობლებს

რას კარგავს ბავშვი, როცა დასასვენებლად ვერ მიგყავთ - რჩევები ქალაქში დარჩენილი ბავშვების მშობლებს

მშობლების სამსახურის, უსახსრობისა თუ აგარაკის არქონის გამო, ზოგიერთ ბავშვს მთელი ზაფხულის ქალაქში გატარება უწევს. რას კარგავს ამით ბავშვის ორგანიზმი, რით შეგვიძლია პატარას ეს დანაკლისი ქალაქის პირობებში შევუვსოთ, რა უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა სეზონური გართულების თავიდან ასაცილებლად, რჩევა-რეკომანდაციებს მედიცინის აკადემიური დოქტორი, თამარ ობგაიძე გვთავაზობს...

- რას კარგავს ბავშვის ორგანიზმი წლის მანძილზე, როცა მშობელი ზაფხულში მის ქალაქიდან გაყვანას ვერ ახერხებს?

- არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს დიდი ქალაქების მოსახლეობის მხოლოდ 54% ახერხებს ზაფხულში ბავშვის ქალაქგარეთ გაყვანას. დიდი ქალაქების ჰაერი მავნე მინარევებითაა გაჯერებული. სუფთა ჰაერი კი, რომელიც მავნე მინარევებისგან დაცლილია და მასში ჟანგბადის შემცველობაც მეტია, ხელს უწყობს ბავშვის ყველა ორგანოს ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ასუფთავებს სასუნთქ გზებს, დადებითად მოქმედებს სისხლმბად, სისხლის მიმოქცევისა და იმუნურ სისტემებზე.

- რით შეიძლება პატარას ცოტათი მაინც ავუნაზღაუროთ ეს დანაკლისი?

- იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ბავშვის ქალაქგარეთ გაყვანას ვერ ახერხებს, უნდა ეცადოს, ხშირად გაიყვანოს პატარა ქალაქის შემოგარენში, ტბებზე, ტყე-პარკებში, სარეკრეაციო ზონებში, იქ, სადაც ჰაერი შედარებით სუფთაა და ჟანგბადითაა გაჯერებული. ზომიერი ფიზიკური აქტივობა, სეირნობა სუფთა ჰაერზე ხელს უწყობს პატარას ფიზიკურ განვითარებას, გაკაჟებას. გაკაჟება თბორეგულაციის პროცესების გავარჯიშებაა, რაც გაცივების, სხვადასხვა ინფექციების მიმართ ბავშვის იმუნიტეტს ზრდის. გაკაჟება შეიძლება წყლით, ჰაერით. ეს არის ცივი და თბილი პროცედურების ცვალებადობა, მაგალითად, თბილი და გრილი შხაპი, კონტრასტული აბაზანები ხელ-ფეხისათვის, წყლის შემდეგ კი - ჰაერის აბაზანა. გაკაჟების პროცესის დასაწყებად საუკეთესო დრო სწორედ ზაფხულია, რადგან ბუნება ამ დროს თავად გვთავაზობს გაკაჟების ოპტიმალურ პირობებს.

- რამდენად რეკომენდებულია თბილისის ზღვაზე ან ტბებზე ბავშვის წაყვანა? რა რისკები და უპირატესობები ახლავს ამას თან?

- წყალსატევებში ბანაობისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. არავითარ შემთხვევაში არ აბანაოთ ბავშვი უცნობ წყალსატევში. ის, შესაძლოა, სხვადახვა ინფექციური აგენტით ან ჰელმინთით იყოს დაბინძურებული. აუცილებლად მიაწოდეთ სითხეების გაზრდილი რაოდენობა, რათა თავიდან აიცილოთ გაუწყლოება.

- რამდენად უსაფრთხოა, ბავშვმა შუადღისას, როცა მზის მცხუნვარება პიკს აღწევს, ეზოში ითამაშოს?

- როცა მზესა და სეირნობაზე ან ეზოში თამაშზე ვსაუბრობთ, აუცილებელად გაითვალისწინეთ შემდეგი: დაიცავით პატარა ტრავმებისგან, რადგან მისი სულ მცირე დროით უმეთვალყურეოდ მიტოვებამ, შესაძლოა, სავალალო შედეგი გამოიღოს. მზის სხივების ზეგავლენით კანში D ვიტამინი წარმოიქმნება, რომელიც კალციუმისა და ფოსფორის ცვლას არეგულირებს, შედეგად კი ბავშვის ძვალ-სახსროვანი სისტემის სწორ განვითარებასა და ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, მაგრამ ხანგრძლივად მზეზე ყოფნამ, შესაძლოა, მზის და სითბური დაკვრა ან კანის დამწვრობა გამოიწვიოს. გარეთ გასვლისას პატარა საზაფხულო, ღია ქსოვილისაგან შეკერილი ტანსაცმლითა და ქუდით უნდა შემოსოთ. ღია ფერი მზის სხივებს ირეკლავს და სიცხეც ადვილად

ასატანი ხდება. ზოგადად, მზეზე ხანგრძლივი დროით ყოფნა არც ერთ ასაკში არ არის სასარგებლო.

ბავშვის კანი კი, მოგეხსენებათ, გაცილებით უფრო ნაზი და თხელია, რის გამოც მზის სხივების დამაზიანებელი მოქმედება უფრო სწრაფად გამოიხატება. ამის თავიდან ასაცილებლად მზისგან დამცავი კრემები გამოიყენეთ. რაც უფრო მაღალია კრემის ეტიკეტზე მითითებული შPF დაცვის ფაქტორის ინდექსი, მით უფრო მეტხანს და ეფექტიანად იქნება დაცული თქვენი პატარა. თუ ბავშვი შავგვრემანია, მას 15-30 ინდექსიანი კრემიც ეყოფა, ხოლო თუ ის თეთრია, 30-50 ინდექსიანი კრემი გამოიყენეთ. კრემის ერთჯერადად წასმა არ კმარა, ეს ყოველ ორ საათში უნდა გაიმეოროთ.

- ზოგიერთი დასაქმებული დედა ბავშვს სოფელში ოჯახის სხვა წევრთან ერთად გზავნის. ისეთი ბავშვისთვის, ვინც დედაზეა მიჯაჭვული, რამდენად სტრესულია მშობლის ამგვარი გადაწყვეტილება და თუ ღირს იმად, რომ ამ სტრესის ხარჯზე სუფთა ჰაერი ისუნთქოს?

- ბებია-ბაბუასთან თუ ახლო ნათესავებთან სოფელში სტუმრობა ნამდვილად სასარგებლოა, მაგრამ თუ ამას დედასთან განშორების გამო პატარას ნერვიულობა მოჰყვება, უმჯობესია, პატარასთან ერთად თუნდაც რამდენიმე დღით დედაც გაემგზავროს აგარაკზე, რაც ბავშვს ადაპტაციის პროცესში დაეხმარება. თუ ეს ბავშვს დარჩენის სურვილს მაინც არ მოგვრის, უმჯობესია, ბავშვი თქვენთან ერთად ქალაქში დააბრუნოთ და თავად იზრუნოთ მის სარეკრეაციო ზონებში სეირნობაზე.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს