8 ულამაზესი ევროპული ქალაქი, სადაც შვებულებას შედარებით იაფად გაატარებთ

8 ულამაზესი ევროპული ქალაქი, სადაც შვებულებას შედარებით იაფად გაატარებთ

ევროპაში მოგზაურობა ყოველთვის ძვირადღირებული სიამოვნება იყო, ახალი ეკონომიკური სირთულეების გათვალისწინებით კი ევროპის მთავარ დედაქალაქებში დასვენება, ბევრისთვის ფუფუნებაა.

საბედნიეროდ, უძვირესი ლონდონის, პარიზისა და რომის გარდა, არსებობს ევროპის ქალაქები, სადაც სწორად გათვლილი ხარჯებითა და კარგად დაგეგმილი მარშრუტებით, გაცილებით იაფად დაისვენებთ, მიღებული შთაბეჭდილებები და სიამოვნება, არანაკლები იქნება. ამოცანის გასაადვილებლად, გთავაზობთ ევროპის ხელმისაწვდომი ქალაქების ჩამონათვალს.

კრაკოვი

საოცარია, მაგრამ ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი და იაფი ქალაქი ტურისტების მიერ სათანადოდ არ არის დაფასებული. კრაკოვი პოლონეთის დედაქალაქი იყო მე-16 საკუნემდე და ამ სტატუსის დაკარგვის მიუხედავად, ის მუდამ რჩებოდა ქვეყნის კულტურულ და სამეცნიერო ცენტრად.

საბედნიეროდ, ვარშავისგან განსხვავებით, მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი, ფაქტობრივად, არ დაშავებულა, შენარჩუნდა უამრავი ისტორიული ნაგებობა, შუასაუკუნეების დროინდელი იაგელონის უნივერსიტეტი და მე-13 საუკუნის უზარმაზარი სამეფო ციხე-სიმაგრე.

ბუდაპეშტი

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში უნგრეთის დედაქალაქის პოპულარობა გაიზარდა, ფასები აქ შედარებით დაბალია. თუ სასტუმროს ქალაქის შუაგულში არ შეარჩევთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებთ, შეძლებთ დატკბეთ დუნაისა და კლასიკური არქიტექტურის ხედებით, მწირი ბიუჯეტითაც კი. აუცილებლად ეწვიეთ ბუდაპეშტის ცნობილი თერმული აბანოებიდან რომელიმეს, გაიარეთ ჯაჭვის ხიდზე, გაისეირნეთ ბუდას ციხე-სიმაგრეში და მეთევზეების ბასტიონში.

ლისაბონი

ევროპული სტანდარტებითაც კი ლისაბონში უამრავი ღირშესანიშნაობაა - ციხე-სიმაგრეები, სასახლეები და ბაზილიკები, ძვირად ღირებული ავიაბილეთების კომპენსირებას კი იაფფასიანი სასტუმროები, რესტორნები და მაღაზიები ახდენს. თუ ქალაქში ბევრი მოძრაობა გაქვთ დაგეგმილი საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ფუნიკულიორით, აუცილებლად შეიძინეთ სისტემის Viva Viagem სამგზავრო ბილეთები დამატებითი ეკონომიის გასაწევად.

პრაღა

ჩეხეთის დედაქალაქმა ტურისტების დიდი სიყვარული ორი ფაქტორის გამო დაიმსახურა: ხელმისაწვდომი ლუდხანებითა და ულამაზესი ისტორიული ცენტრით. მიმზიდველობითა და ისტორიული ძეგლების სიუხვით, პრაღა ტოლს არ უდებს დასავლეთ ევროპის ძირითად დედაქალაქებს, მოგზაურობა კი ამსტერდამსა და პარიზზე გაცილებით იაფი დაგიჯდებათ.

ერთადერთი მინუსი - სეზონის პიკში პრაღაში უამრავი ტურისტია, ამიტომ, აირჩიეთ ნაკლებად პოპულარული თვეები, საბედნიეროდ, ეს ქალაქი ნებისმიერ პერიოდში ულამაზესია.

სტამბოლი

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, სტამბოლი მიიჩნევა ადგილად, რომელსაც ისტორიის ნებისმიერი მოყვარული ერთხელ მაინც უნდა ეწვიოს. მეჩეთები, ბაზრები და ბოსფორის სრუტის საოცარი ხედები გულგრილს ყველაზე გამოცდილ მოგზაურებსაც არ ტოვებს.

დღეს სტამბოლი იზიდავს არამხოლოდ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, არამედ, მისაღები ფასებით, რომელიც, კიდევ უფრო ეცემა, სამწუხაროდ, ქალაქის უსაფრთხოების დონის უკუპროპორციულად.

სპლიტი

დუბროვნიკის ნაკლებად ტურისტული ასლია: ისეთივე წითელი სახურავებით, ქათქათა კედლებითა და ხედებით ყურეზე. ხორვატიის ქალაქი-სასახლე, როგორც სპლიტს ეძახიან, ბევრად იაფია და დალმაციაში მდებარეობს, რომელიც ცნობილია შესანიშნავი პლაჟებით.

სპლიტში, რა თქმა უნდა, არ არის ქალაქის გრანდიოზული კედელი, როგორც დუბროვნიკში, მაგრამ აქ არის იმპერატორ დიოკლეტიანეს ძველი რომაული სასახლე, რომელიც მსოფლიოში რომაული ეპოქის ყველაზე კარგად შენარჩუნებულ სასახლედ მიიჩნევა.

ბერლინი

მიუხედავად იმისა, რომ ბერლინი ევროზონის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყნის დედაქალაქია, ფასები აქ შედარებით იაფია. რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით, სასტუმროები და ჰოსტელები აქ უფრო ძვირი ღირს, მაგრამ მიმართულების პოპულარობის გათვალისწინებით, ავიაბილეთები ხელმისაწვდომია (განსაკუთრებით, თუ შეძენაზე რამდენიმე თვით ადრე იზრუნებთ).

ლიუბლიანა

თანდათანობით, ადგილიდან, რომლის პოვნასაც რუკაზე ვერავინ ახერხებს, ლიუბლიანა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქალაქად იქცევა. აქ არის ყველაფერი, რაც კლასიკური ევროპული დასვენებისთვისაა საჭირო: ლამაზი ისტორიული ცენტრი, კარგი რესტორნები, არქიტექტურული ძეგლები.

გირჩევთ, ეწვიოთ სლოვენიის დედაქალაქს, სანამ ის ჯერ კიდევ არ იზიდავს უამრავ ტურისტს და სასტუმროს ფასები ჯერჯერობით მისაღებია.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს