"სააკაშვილი საარჩევნოდ ცოლს დააყენებს თუ საყვარელს, არაფერი უშველის" - უმრავლესობა ზუგდიდში სანდრა რულოვსის კანდიდატურას ეხმაურება

"სააკაშვილი საარჩევნოდ ცოლს დააყენებს თუ საყვარელს, არაფერი უშველის" - უმრავლესობა ზუგდიდში სანდრა რულოვსის კანდიდატურას ეხმაურება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება. მისი კანდიდატურის წარდგენა დღეს კორცხელში მოხდა. ყოფილი პირველი ლედი პირობას დებს, რომ "რაც წინა ხელისუფლების დროს ცუდი მოხდა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აღარ განმეორდება".

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მეუღლის მაჟორიტარად დასახელებას ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. დეპუტატ ნუკრი ქანთარიას თქმით, "მიხეილ სააკაშვილს, საარჩევნოდ ცოლს დააყენებს, საყვარელს თუ ნათესავებს, მაინც არაფერი უშველის".

ქანთარია მიიჩნევს, რომ სააკაშვილი პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს ოდესიდან მართავს, მაგრამ მისი საარჩევნო აქტიურობის მიუხედავად, პარლამენტში უმრავლესობას "ქართული ოცნება" მოიპოვებს. ამასთან, ქანთარიას აზრით, მოსალოდნელია რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურის გამართვა.

"მეორე ტურების ალბათობა არსებობს, რადგან საარჩევნოდ ერთი ხმის გაყალბებასაც არავინ შეეცდება", - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

ეკა ბესელია კი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრის წარდგენა, უახლესი წარსულის დაბრუნების გზავნილია. "მე დარწმუნებული ვარ სამეგრელოს და ზუგდიდის ამომრჩეველი არასოდეს არ მისცემს ხმას წამებას და ძალადობის წახალისებას და დაბრუნებას" - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატად სანდრა რულოვსის წარდგენას.

"ყველაზე სასტიკი და ძალადობრივი სისტემის შემქნელის სააკაშვილის ოჯახის წევრის წარდგენა მაჟორიტარად ეს არის გზავნილი მოძალადეების მხრიდან წარსულის დაბრუნების. ამ წარსულზე უარი თქვა საქართველომ და მათ შორის სამეგრელომ, რომელიც ძალადობის და სისასტიკის მსხვერპლი იყო და გადაიტანა საშინელი შეურაცხყოფა. მე დარწმუნებული ვარ, სამეგრელოს და ზუგდიდის ამომრჩეველი არასოდეს არ მისცემს ხმას წამებას და ძალადობის წახალისებას და დაბრუნებას", - განაცხადა ბესელიამ.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობის" მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სანდრა რულოვსის წარდგენა იმაზე მიანიშნებს, რომ კადრები უჭირთ და კანდიდატურებს ოჯახის წევრებს შორის ეძებენ". ამასთან, მისივე თქმით, ზუგდიდში "ქართულ ოცნებას" მაჟორიტარობის ძალიან კარგი კანდიდატი ჰყავს, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს.

თანაგუნდელების პათოსს იზიარებს ირაკლი სესიაშვილი. მისი თქმით, სანდრა რულოვსის დასახელება პოლიტექნოლოგიური ნაბიჯია და ეს ქართულ პოლიტიკაში, რაიმე სიტყვის თქმის საშუალებას არ უკავშირდება. სესიაშვილის განცხადებით, ამ ნაბიჯით მიხეილ სააკაშვილს სურს, შექმნას ილუზია, რომ ის კვლავ "ნაციონალურ მოძრაობაშია", თუმცა, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, რეალურად სააკაშვილი მოსახლეობას მის მიერ შექმნილ ახალ პროექტს, ბურჭულაძე-ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის ბლოკს სთავაზობს.

"ყველა დანარჩენი პროექტი, რაც არის ტაქტიკურ დონეზე გადაადგილებები, წმინდა პოლიტექნოლოგიური ნაბიჯებია და სანდრას წარდგენა, უკავშირდება არა ქართულ პოლიტიკაში, რაიმე სიტყვის თქმის საშუალებას, არამედ ეს არის ჩვეულებრივი ხრიკი და მრავალფეროვნების მცდელობა. ვითომ სააკაშვილი, თავისი ცოლით მიკუთვნებულია "ნაციონალურ მოძრაობას", რეალურად კი გვთავაზობს ახალ პოლიტიკურ გუნდს ბურჭულაძე-ჯაფარიძე-ვაშაძის სახით", - აღნიშნა სესიაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."