ავტორი:

ყველასთვის საყვარელი კომიკოსის ტრაგიკული ცხოვრება - ფრუნზიკ მკრტჩიანი კინოში და კადრს მიღმა...

ყველასთვის საყვარელი კომიკოსის ტრაგიკული ცხოვრება - ფრუნზიკ მკრტჩიანი კინოში და კადრს მიღმა...

ვისაც მისი კინოროლი ერთხელ მაინც უნახავს, შეუძლებელია ფრუნზიკ მკრტჩიანი დაავიწყდეს. უამრავი კინო და სასცენო როლიდან მაყურებელს გამორჩეულად უყვარს გია დანელიას "მიმინოში" ნათამაშები სომეხი მძღოლის, რუბენ ხაჩიკიანის როლი, რომელიც ბუბა კიკაბიძის პერსონაჟს, მფრინავ ვალიკო მიზანდარს არაჩვეულებრივ პარტნიორობას უწევს...

ფრუნზიკ მკრტჩიანი უყვარდა ყველას, აღიარებული და ძალზე პოპულარული იყო. მისი გმირების ფრთიანი ფრაზები ატაცებული ჰქონდა მაყურებელს. მაღაზიასა და ბაზარში პროდუქტებს უფასოდ სთავაზობდნენ, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და მუდმივად ჩასაფრებულები იყვნენ, რომ მისთვის სითბო გამოეხატათ, თუნდაც ხელი ჩამოერთვათ. გარდა დიდი არტისტობისა და იმ ტალანტისა, რომელიც ბედმა არგუნა, გამორჩეული პროფილი ჰქონდა, რასაც მისი სახასიათო ცხვირი და ნაღვლიანი თვალები ქმნიდი... ბევრმა არ იცოდა, რა სევდას ატარებდა, რისი მიზეზიც მისი პირადი, საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრებაა. ნაღველის მიზეზი მეუღლის ფსიქიკური ავადმყოფობა იყო, შემდეგ კი უკვე ვაჟი, რომელიც იმავე დაავადებით დაავადდა. ამას კიდევ უფრო დიდი ტრაგედია - ქალიშვილის დაღუპვა დაემატა... ამიტომ ცხოვრების მეორე ნახევარი ღრმა დეპრესიაში გაატარა, რის გამოც სასმელსაც მიეძალა. მისი მთავარი ტკივილი ოჯახი აღმოჩნდა, სადაც ვერაფრით იპოვა ბედნიერება, სიმშვიდე და ამ დარდით წავიდა კიდეც ამ ქვეყნიდან...

ბავშვობა

1930 წელს 4 ივლისს ლენინაკანში, მუშათა ოჯახში დაიბადა. მამამისს მიაჩნდა, რომ მხატვარი იქნებოდა, რადგანაც ბავშვობაში პორტრეტები კარგად გამოსდიოდა და მეზობლების შარჟებსაც მშვენივრად ხატავდა. ამიტომ, მამა მისგან ხატვაში ყოველდღე მეცადინეობას მოითხოვდა, - ერთხელ იმის გამო, რომ მამის რჩევა არ გაითვალისწინა, რკინის სახაზავი მოხვდა... დედას გამორჩეულად უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა, მუდმივად სიმარტოვეს გრძნობდა, მშობლები ქსოვილების ფაბრიკაში მუშაობდნენ და შინ მხოლოდ ღამე მოდიოდნენ, უმცროს დებთან და ძმასთან საერთოს კი ასაკის გამო ვერ პოულობდა.

არც ეზოში გადიოდა, რადგანაც რთულ უბანში ცხოვრობდა, სადაც მოხულიგნო უფროსი ბიჭები ცხვირის გამო დასცინოდნენ, მასხრად იგდებდნენ, მათგან მოხვედრია კიდეც, მაგრამ თავს ვერ იცავდა... 10 წლისას სამსახიობო მონაცემები აღმოაჩნდა და მეზობლებს სპექტაკლებს უმართავდა. მოგვიანებით კი, მამისგან მალულად, ლენინაკანის კულტურის სახლში, დრამწრეზე შევიდა. ისეთი მონაცემები ჰქონდა, რომ სამომავლოდ არტისტობას უწინასწარმეტყველებდნენ. იმ დროიდან გაუჩნდა სცენისკენ საოცარი სწრაფვის სურვილი და ნიჭიერი ფრუნზე ლენინაკანის თეატრში მიიღეს, სადაც დღე და ღამეს ატარებდა. მუშადაც მუშაობდა და საღამოს სცენაზე იდგა. იქ არავინ დასცინოდა და არანაირ მეტსახელს უგონებდა. ის ატმოსფერო, თითქოს მშობლიური იყო მისთვის.

კარიერა

მისი ძმის ალბერტ მკრტჩიანის მონათხრობით, 23 წლის ფრუნზიკი საცხოვრებლად ერევანში გადავიდა, პოპულარული ლენინაკანელი მსახიობი თეატრალურ ინსტიტუტში უგამოცდოდ, მეორე კურსზე ჩარიცხეს. სტუდენტებში მალევე გავრცელდა ხმა, რომ იქ საოცარი გარეგნობისა და ნიჭის მქონე ახალბედა მსახიობი სწავლობდა. მისი გამორჩეული ცხვირი გარშემო ყველას აოცებდა, რის გამოც თავადაც დიდი დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ წლების მერე მიხვდა, რომ ბუნებამ ის გამორჩეული გარეგნობით დააჯილდოვა, თუმცა საკუთარი თავი უშნოდ და სასაცილო გარეგნობის მქონე ადამიანად მიაჩნდა. კომპლექსი კი სწორედ გენიალური თამაშით დაძლია. მსახიობობის წყალობით თავდაჯერებული გახდა.

25 წლისას უკვე საუკეთესო როლებს ანდობდნენ, მის შესახებ მთელმა ერევანმა გაიგო. ნებისმიერი საზოგადოების საყვარელი, მხიარული და მიღებული წევრი იყო და ასევე გოგონების ოცნებაც, - მის გამო ჭკუას კარგავდნენ. ერთხელაც, ერთ ლამაზ გოგოს, ჯულიას შეუყვარდა, მაგრამ ოთხი ძმა ჰყავდა და ფრუნზიკთან ურთიერთობის საშუალება არ მისცეს, სხვას გააყოლეს. ამან გაანადგურა ფრუნზიკი, ალკოჰოლს მიეძალა. ამბობდა, "გოგოებს მხოლოდ ჩემი გმირები უყვართ, რომლებსაც ვთამაშობ და მე კი არა. მხოლოდ ჯულია მიღებდა ისეთად, როგორიც ვარ"...

ოჯახი

28 წლისას 18 წლის გოგონა მოეწონა, რომელმაც ჯულიაზე სევდიანი ფიქრები გადაავიწყა. გოგონა მას როგორც ნამდვილ კერპს ისე უყურებდა, მაგრამ დონარა ცოტა უცნაური აღმოჩნდა, - მისი სიცილი უცებ ტირილსა და ისტერიკაში ისე იზრდებოდა, თვითონაც ვერ ხვდებოდა. მეგობრები, ვინც დონარას იცნობდა, ფრუნზიკს არწმუნებდნენ, რომ თავი დაენებებინა მისთვის, მაგრამ საბოლოოდ მასზე ქორწინება გადაწყვიტა. ოჯახური სითბო და იქ სიმყუდროვის მოწყობა ფრუნზიკის დიდი ოცნება იყო, რასაც ყველაფერზე მაღლა აყენებდა. ამიტომ დაოჯახების შემდეგ, ყველაფერს აკეთებდა, რომ ჰქონოდა მყუდრო სახლი, ოჯახი და დიდი ბედნიერება. წყვილს გოგონა შეეეძინა, რაც იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც კინოში მისი დებიუტი შედგა. მოკლემეტრაჟიან ფილმს, მალე სრულმეტრაჟიანიც მოჰყვა...

წარმატება

მოსკოვში კინოსინჯებზეც მიიწვიეს. მისი გარეგნობით, ფენომენალური ნიჭით მოიხიბლა რეჟისორი როლანდ ბიკოვი, რომელმაც ფილმში მაშინვე გადაიღო და კოლეგა გია დანელიასაც გააცნო... 60-იან წლებში წელიწადში 2-3 ფილმი მაინც გამოდიოდა მისი მონაწილეობით, რასაც არნახული პოპულარობა მოჰქონდა. თეატრში "ოტელოს" თამაშობდა, თუმცა კინოში თითქმის სულ კომედიურ როლებს სთავაზობდნენ.

1966 წელს რეჟისორმა ლეონიდ გაიდაიმ ფილმში "კავკასიელი ტყვე ქალი" მიიწვია (ამ რეჟისორთან გადაღება პრესტიჟულად ითვლებოდა), მის ფილმებში შესანიშნავი სამეული - ნიკულინი, მორგუნოვი, ვიცინი მონაწილეობდა, ამიტომ ფრუნზიკს უნდა დაემტკიცებინა, რომ მასაც შეეძლო... "კავკასიელი ტყვე ქალის" გადაღებაზე მოსკოვში მარტო არ ჩასულა, რადგანაც ცოლმა ეჭვიანობის სცენა მოუწყო, გამოუცხადა, რომ მასთან ერთად ისიც გაემგზავრებოდა. ფრუნზიკს რეჟისორ გაიდაისთან თხოვნა დასჭირდა, რომ დონარასთვისაც გამოეძებნა ფილმში მცირე როლი (დონარაც მსახიობი იყო). ასე რომ, ფილმში, სადაც მკრტჩიანი საახოვის მძღოლს თამაშობდა, მისი ცოლის როლი ფრუნზიკის რეალურ ცოლს ერგო...

ბზარი ოჯახში და პირადი ტრაგედია

ფრუნზიკისთვის ქორწინება თანდათან მძიმდებოდა, ცოლის ეჭვიანობა ტანჯავდა და მისთვის ოჯახი წამებას ჰგავდა. დონარაზე არაფერი მოქმედებდა, ის მუდმივად ეძებდა მიზეზს, ყველა ქალში ფრუნზიკის საყვარელი აღმოეჩინა. როდესაც მეუღლე გადაღებიდან ბრუნდებოდა, მის ჯიბეებს ამოწმებდა, თუ გვიან მოვიდოდა შინ, სკანდალს აწყობდა: ჭურჭელს ამტვრევდა, ისტერიკაში ვარდებოდა და ქმარი მდგომარეობიდან გამოჰყავდა... იმ წლებში მსახიობისთვის გადაღებაზე, ან თეატრში ყოფნა ნამდვილი ხსნა იყო, თუმცა ეგონა, რომ ცოლს ეჭვიანობა ნელ-ნელა გადაუვლიდა, მაგრამ სცდებოდა...

1972 წელს მათ მეორე შვილი, ვაჟი შეეძინათ. ფრუნზიკი კიდევ უფრო მეტად იყო დარწმუნებული იმაში, რომ მეორე შვილის დაბადება დონარას დაამშვიდებდა, თუმცა მდგომარეობა გაუარესდა. მალე ექიმებმა დაადგინეს, რომ ქალს მწვავე ფსიქიური აშლილობა ჰქონდა, რომელიც სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებდა. ის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს, საიდანაც აღარ გამოსულა, სიკვდილამდე იქ 20 წელი დაჰყო.

ფრუნზიკს უჭირდა 2 შვილთან მარტო დარჩენა და ბავშვების დედის გარეშე აღზრდა. შემდეგი წლები მისთვის არანაკლები ტანჯვა აღმოჩნდა, თუმცა პატარებს არაფერს აკლებდა.

მიმინო

1976 წელს, როცა გია დანელიასგან წინადადება ფილმ "მიმინოზე" მიიღო, ბავშვები დებთან დატოვა, რადგანაც ასეთ შემოთავაზებაზე შვილების გამოც ვერ თქვა უარი. "მიმინომ" სახელი მთელს ყოფილ საბჭოთა სივრცეში მოუტანა. ფილმის ეკრანზე გამოსვლისთანავე აიტაცეს მისი ფრთიანი ფრაზები, ბევრი მათგანი, როგორც გია დანელია ამბობს, გადასაღებ მოედანზე, ფრუნზიკას იმპროვიზაციის შედეგი იყო.

"მიმინოს" შემდეგ მისი არნახული პოპულარობის ფონზე, ალბათ ცოტამ თუ იცოდა, მსახიობის დეპრესიის შესახებ, გულს ვერავის უშლიდა და მხოლოდ ალკოჰოლი მძიმე ემოციებისგან გათავისუფლებაში შველოდა. შეუმდგარი პირადი ცხოვრება აიძულებდა გადასაღებ მოედანზეც არაფხიზელი გასულიყო, რაზეც ერთხელ დანელიასგან მკაცრი შენიშვნაც მიიღო - ან სამუშაო, ან ალკოჰოლი!

დეპრესიას ვერაფრით შველოდა, ამიტომ თეატრში ისეთ როლებს თამაშობდა, რაც მის სულიერ მდგომარეობას ესადაგებოდა. ყველაფერს ისიც ამწვავებდა, რომ მისი ვაჟი სულ უფრო ჩაკეტილი ხდებოდა, ხმას არ იღებდა და სევდიანი იყო, თუმცა ფრუნზიკი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა, რადგანაც ბიჭი კარგად ხატავდა... საბოლოოდ ექიმებმა მასაც ფსიქიკური აშლილობა დაუდგინეს, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარებოდა. ეს მამისთვის გამანადგურებელი რამ იყო. უკანასკნელი იმედიც დაკარგა. უარი თქვა როლებზე, რადგანად მიაჩნდა, რომ სულ შვილთან უნდა ყოფილიყო... 70-იანების დასაწყისში ფრუნზიკს ქალიშვილი გაუთხოვდა, სიძე არგენტინელი იყო, - ისინი საცხოვრებლად არგენტინაში წავიდნენ...

მეორე ქორწინება და შვილის სიკვდილი

57 წლის ასაკში ფრუნზიკი შეხვდა ქალს, რომელიც მიაჩნდა, რომ მისი საყვარელი მეორე ნახევარი იქნებოდა და 15 წლის ავადმყოფი შვილისთვის საუკეთესო დედა. მან თამარ ოგანესიანს, რომელიც სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის შვილი იყო, ხელი სთხოვა. ჭკვიანი და ოჯახისმოყვარული ქალბატონი აღმოჩნდა, მათ ქორწინებას ყველა დადებითად შეხვდა, თამარის სილამაზეზე ლეგენდები დადიოდა, მაგრამ არც ამ ქორწინებამ გაუმართლა. მეუღლე ფრუნზიკისგან ზედმეტ ყურადღებას მოითხოვდა. მალე მიხვდა ცნობილი მსახიობი, რომ ამ ქალბატონს არც ფრუნზიკი უნდოდა და არც მისი შვილი, ისინი დაშორდნენ...

ცხოვრებამ კიდევ ერთი "სიურპრიზი" მოუწყო: 1988 წლის სომხეთის საშინელ მიწისძვრას, ფრუნზიკის ლენინაკანის სახლი შეეწირა, მიწასთან გასწორდა მისი მშობლიური ქალაქი. მალე ქალიშვილის ავარიაში დაღუპვის ამბავიც შეიტყო...

ფრუნზიკი მუდმივად დიდ და სერიოზულ როლზე ოცნებობდა, მაგრამ მასზე ამბობდნენ, რომ ეს როლი რეალურ ცხოვრებაში ერგო... 1993 წლის 29 დეკემბერს დეპრესიისგან დაღლილი და ალკოჰოლს მიძალებული გარდაიცვალა. უკანასკნელ გზაზე ათი ათასობით ადამიანმა გააცილა... უამრავმა დაიტირა, თუმცა საყვარელი ადამიანისგან მაინც დაუტირებელი წავიდა, იმ ადამიანისგან, ვისაც ცხოვრებაში მუდმივად ეძებდა...

ასევე დაგაინტერესებთ:

"გული მწყდება... ისე ჩაიარა მისმა 70 წლის იუბილემ, არავის გახსენებია" - ყველასთვის საყვარელი მსახიობი, რომელზეც თითქმის არაფერი ვიცით

ვაჟი, ასევე ცნობილი მსახიობი, გაურკვეველ ვითარებაში გარდაეცვალა, მომავალი მეუღლე მცხეთაში გაიცნო - ექსკლუზიური ფაქტები ვასილ ჩხაიძის ცხოვრებიდან