იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულთა საქმის პროკურორი ექსპერტიზის დეტალებზე საუბრობს

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულთა საქმის პროკურორი ექსპერტიზის დეტალებზე საუბრობს

ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ნიშნიანიძისგან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა, - ამის შესახებ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ნოდარ ნიშნიანიძის საქმის პროკურორმა, მარიამ გოგორელიანმა დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორის ინფორმაციით, იარაღზე ასევე აღინიშნება დენთის კვალი, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება.

რაც შეეხება ბრალდებულის განცხადებას, რომ მას იარაღი ჩაუდეს, გოგორელიანის განმარტებით, ეს ფაქტი თავად დაცვის მხარემ უნდა დაადასტუროს შესაბამისი მტკიცებულებებით.

თავის მხრივ პროკურორმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბრალდებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს იმისთვის, რომ დაადატუროს ნოდარ ნიშნიანიძის სახლში იარაღის არსებობა.

"ნოდარ ნიშნიანიძის სახლში იარაღის არსებობა დასტურდება ჩხრეკის ოქმით, რომელზეც არც ერთ ოჯახის წევრს შენიშვნა არ გაუკეთებია. ასევე გენეტიკური ექსპერტიზით დასტურდება, რომ ამოღებულ იარაღზე არის ნოდარ ნიშნიანიძის გენეტიკური პროფილი. აქდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს აქვს შესაბამისი მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, რომ ნოდარ ნიშნიანიძის სახლიდან ამოღებული იარაღი მას ეკუთვნის", - განაცხადა მარიამ გოგორელიანმა.

რაც შეეხება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას, პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდების მხარემ აღნიშნული მოთხოვნა რამდენიმე არგუმენტით დაასაბუთა.

"ბრალდებამ პატიმრობა დაასაბუთა მისი მიმალვით საფრთხიდან გამომდინარე, ვინაიდან მუხლი, რომლითაც ნიშნიანიძეს ბრალი აქვს წაყენებული 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აგრეთვე მისი მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხით, ვინაიდან წარსულში ასევე ნასამართლევია ძალადობრივი დანაშაულისთვის", - განაცხადა საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა.

ნოდარ ნიშნიანიძე კიდევ ერთ პირთან, გიორგი ფეიქრიშვილთან ერთად სამართალდამცველებმა 3 და 4 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ნოდარ ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა ამოიღო, გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირების დაკავება შესაძლოა ვაკეში მომხდარ სოსო ჯოხაძის მკვლელობას უკავშირდებოდეს.

იხილეთ ასევე: გიორგი ფეიქრიშვილი მისი დაკავების დეტალებზე - პოლიცია რომ მოვიდა, დავიმალე კარადის თავზე, მათ მიპოვეს და ჩამომიყვანეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ