მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის მხარდაჭერაზეც მეწარმეობის სააგენტომ უარი თქვა

მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის მხარდაჭერაზეც მეწარმეობის სააგენტომ უარი თქვა

თუშეთის სოფელ ომალოში ერთადერთი ჰოსტელის და სასათბურე მეურნეობის განვითარება; პირიქითის სოფელ ჭეშოში, სადაც მუდმივად არცერთი ოჯახი აღარ ცხოვრობს, საოჯახო სასტუმროს შექმნა და ნასოფლარის გაცოცხლება; ნატურალური თაფლისა და ტრადიციული ტექნოლოგიით დამბალხაჭოს წარმოება უკანაფშავში; სოფელ უდაბნოში მუხის კასრებში სულგუნის დამზადება; დავით – გარეჯისკენ მიმავალ გზაზე, ეკომიგრანტების მიერ სვანური სამზარეულოს მოწყობა - ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მეწარმეობის განვითარების სააგენტომ მხარი არ დაუჭირა.

ეთერ მარხვაიძის ჰოსტელი თუშეთში და სწრაფი კვების სერვისი

ეთერ მარხვაიძეს თუშეთში, ქვემო ომალოში, ადმინისტრაციულ ცენტრთან ახლოს 15 ადამიანზე გათვლილი ჰოსტელის ტიპის სასტუმრო და მაღაზია აქვს, სადაც ყიდის სუვენირებს, ხელნაკეთ ნივთებს, წინდებს, ჩითებსა და ქუდებს.

ჰოსტელის ძირითადი მომხმარებლები ფეხით მოსიარულე და მოლაშქრე ტურისტები არიან. ასევე ვიზიტორები, რომლებიც ღამეს კარვებში ათევენ, მაგრამ საუზმისთვის ან ვახშმისთვის ეთერს მიმართავენ. ჰოსტელში ღამის გათევა 15 ლარი ღირს, კვება 10 ლარი.

სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წლის სეზონზე თუშეთს 7500-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია, 2016 წელს 11 ათასზე მეტი. ასეთი პოპულარობის მიუხედავად, თუშეთში დღემდე არ არის განვითარებული კვების და სავაჭრო ობიექტები, რაც ტურისტებს ბევრ პრობლემას უქმნის.

"ომალოში შუქი არ არის. მინდოდა შემეძინა 1 კვ ჰელიო განათების ძაბვა და წყლის გამათბობელი მზის ენერგიაზე. ეს საშუალებას მომცემდა ჰოსტელში დაბინავებულ მომხმარებლებს შხაპის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდათ და მაცივარი ჩამერთო, რომ პროდუქტი უსაფრთხო შემენახა. ასევე, ვაპირებდი ჰოსტელთან სწრაფი კვების სერვისის განვითარებას, რისთვისაც ტექნიკა მჭირდება. ტურისტებს ადგილზეც უფრო მეტ კერძს შევთავაზებდი და დაფასოებული ლანჩის ყიდვასაც შეძლებდნენ წასაღებად", – ამბობს ეთერ მარხვაიძე. პროექტის განხორციელების შედეგად 4 ადამიანის დასაქმება იყო გათვალისწინებული.

რამდენიმე დღის წინ ეთერმა შეიტყო, რომ მისი პროექტი არ დაფინანსდა. "ჯერ მითხრეს ბიზნესგეგმა არ წარმოგიდგენიაო, არადა წარდგენილი მაქვს და ნომერიც ვიცი. მერე მოძებნეს და მითხრეს, რადგან არ დაგირეკეს, ე.ი. მოწონებულ პროექტებში არ ხართო. მე ვფიქრობ, საერთოდაც არ განუხილავთ", – აღნიშნავს ეთერი. მისივე თქმით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას კახეთში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ შერჩეული ორგანიზაცია – შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგ ცენტრი ახორციელებს. "ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ იყვნენ თუშეთში ამოსული. ინფორმაციის დაზუსტება ვთხოვე. არც მოგვისმინეს. სხვა ოჯახებსაც ჰქონდათ კითხვები, რომლებმაც ასევე ვერ გაიმარჯვეს. არც მათ მოუსმინეს. ჩიღოში ერთი ოჯახი ელოდებოდათ, შესთავაზა კიდეც, გზა რადგან არ მოდის აქამდე, ცხენებს გამოგიგზავნით და ისე გადმოგიყვანთო, მაგრამ არ წავიდნენ", - აღნიშნავს ეთერი.

გიორგი და შალვა მოურავიძეების სასტუმრო და სასათბურე მეურნეობა

შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგ – ცენტრმა, რომელიც კახეთის გარდა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ადმინისტრირებას მცხეთა – მთიანეთსა და შიდა ქართლშიც ახორციელებს, 19 წლის გიორგი და შალვა მოურავიძეების პროექტიც დაიწუნა.

ტყუპი ძმებიც თუშეთიდან არიან. ორივე სტუდენტია. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით თუშეთში ცხოვრობენ. ომალოში სახლი აქვთ, სადაც მუდმივად ცხოვრობს მათი მამა, ზურაბ მოურავიძე. გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე თუშეთში არიან ტყუპების დედა და დაც.

ზაფხულობით სახლში ტურისტებსაც იღებენ, ოღონც ხუთოთახიან სახლში მხოლოდ 2 ოთახი აქვთ მოწყობილი სტუმრების მისაღებად და მაქსიმუმ 4-5 ვიზიტორის მიღება შეუძლიათ. თუშეთში ტურისტების რაოდენობის გაზრდის პარალელურად, საოჯახო სასტუმროს განვითარება გადაწყვიტეს. ეზოში მცირე ზომის სათბურიც აქვთ. მთაში, კლიმატური პირობების გამო, მოსავალი გვიან მოდის, როცა ტურისტული სეზონი თითქმის დასასრულს უახლოვდება. ძმებს კი ამ სათბურში ეკოლოგიურად სუფთა კიტრი, პომიდორი, სალათა, ბადრიჯანი, წიწაკა, კომპოსტო და სხვა ბოსტნეული მოჰყავთ ბევრად ადრე. საოჯახო სასტუმროს განვითარების გარდა სათბურის გაზრდაც სურდათ. "ბოსტნეულს იმდენს მოვიყვანდით, რომ ჩვენი საოჯახო სასტუმროს მომხმარებლებსაც ეყოფოდათ და კიდევ რამდენიმე სასტუმროსაც მოვამარაგებდით, რადგან თუშეთში სხვას სათბური არ აქვს", – ამბობს გიორგი მოურავიძე.

მთის მიკროგრანტების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 19 წლის ბიჭები 10 ათას ლარს ითხოვდნენ. ბიზნესგეგმა მოგებაზეა ორიენტირებული, შემოსავლები და ხარჯები რეალურად არის დათვლილი, მაგრამ ახალგაზრდებს მხარდაჭერაზე უარი უთხრეს.

"30 აგვისტოს, გავიგეთ, რომ ჩვენი პროექტი საბოლოოდ გამარჯვებულთა შორის არ მოხვდა. ტელეფონით დავუკავშირდით შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგ ცენტრს. გვითხრეს, რომ ჩვენ ბიზნესგეგმა დაგვიანებით, საკონკურსო ვადის ამოწურვის ბოლო წუთებში წარვადგინეთ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შემდეგ, როცა ავუხსენით, რომ ეს ასე არ იყო, გვითხრეს რომ ბიზნესგეგმა მოწონებული იყო, თუმცა ბოლოს დაიწუნეს. არადა, ამ პროგრამასთან დაკავშირებით ხშირად გვესმოდა, რომ პრიორიტეტი იყო მთა, ახალგაზრდები და ა.შ", - აღნიშნავს გიორგი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა