გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში აღსაზრდელებისთვის ადგილები აღარ დარჩა. ამის გამო, უკმაყოფილო მშობლები "ბაღების გაერთიანებას" მიმართავენ.
გორის "ბაღების გაერთიანებაში" მათ განუცხადეს, რომ სააღმზრდელო დაწესებულების მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის სარეზერვო ჯგუფები 1 ოქტომბრიდან შეიქმნება.
საქმე ის არის, რომ 2016 წლის 20 აგვისტომდე საბავშვო ბაღებში მიღების მსურველებს განაცხადები უნდა წარედგინათ. მეჯვრისხევში, ტირძნისში, კარალეთსა და კიდევ რამდენიმე სოფელში განაცხადების რაოდენობა იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ადგილები იყო.
კარალეთსა და მეჯვრისხევში ბაღის მიღმა სოციალურად დაუცველები დარჩნენ. ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ რეგისტრაცია დათქმულ დროს ვერ გაიარეს, რადგან არასწორი ინფორმაცია ბაღების გამგეებისგან მიიღეს.
"ჩვენ ესე ვიცოდით, რომ რეგისტრაცია 10 სექტემბრამდე უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში კი, 20 აგვისტომდე ყოფილა" - ამბობენ მშობლები და განმარტავენ, რომ ბაღების გამგეებმა მხოლოდ იმ ბავშვებისთვის იზრუნეს, ვინც მათი ნათესავი ან ახლობელია.