"ეკლესია არ უნდა იღებდეს დაფინანსებას სახელმწიფოსგან. ეს უსამართლობაა" - ტორესა მოსი

"ეკლესია არ უნდა იღებდეს დაფინანსებას სახელმწიფოსგან. ეს უსამართლობაა" - ტორესა მოსი

"გირჩის" წევრი, თელავში მაჟორიტარობის კანდიდატი, ტორესა მოსი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსებას აპროტესტებს.

"ეკლესია არ უნდა იღებდეს დაფინანსებას სახელმწიფოსგან. ეს უსამართლობაა. ბოლშევიკური რეჟიმისგან, საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაუქმებით ზარალი მიადგა ყველა კონფესიის წარმომადგენლებს, ყველა ადამიანს აღმსარებლობის მიუხედავად და ეს ზარალი შეუფასებელია. ჩვენ ვერანაირად ვერ ვიტყვით რამდენად შორს წასული და განვითარებული ქვეყანა გვექნებოდა დღეს, რომ არა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია. ამიტომ დღეს საქართველოს სახელმწიფოსგან ასეთი ტიპის კომპენსაციის მოთხოვნა ნიშნავს უბრალოდ საქართველოს ისედაც ღარიბი მოქალაქეების ძარცვას. ასევე არაქრისტიანულია, როდესაც მაღალი იერარქები ქართველ ხალხს მიუთითებენ იმ განუზომელ ღვაწლზე, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სასულიერო პირებმა გასწიეს ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინაშე და რაშიც მათი პირადი მონაწილეობა არ არსებობს. მეტიც არაქრისტიანულია, როდესაც ვიღაც საკუთარ ღვაწლს გაყვედრის და სანაცვლოდ პრივილეგიებს გთხოვს. ქრისტე ამბობს, რომ ეს აღარაა მოყვასისთვის გაღებული ღვაწლი, არამედ ემსგავსება აღებ-მიცემობას. ეს ნაკლებად აზიანებს ქართველ ხალხს, არამედ გრძელვადიანად აზიანებს თავად ეკლესიას. ანგრევს მის საფუძველს და ფუნდამენტურად აშორებს ეკლესიას საკუთარი მრევლისგან.

ასე თუ გაგრძელდება მალე ეკლესიის ნდობა ნულს გაუტოლდება. არ შეიძლება ღარიბ ხალხს მდიდარი მღვდელი მოძღვრავდეს. არ შეიძლება მორწმუნე ეკლესიაში გლახაკებზე გადავლით შედიოდეს და არ შეიძლება მღვდლის და მისი მრევლის გასაჭირი განსხვავებული იყოს. არ შეიძლება მღვდლის შესამოსელი ასოცირდებოდეს პრივილეგიებთან, ფუფუნებასა და სიმდიდრესთან, რადგან მღვდელი მოწოდებულია, რათა იმსახუროს და არა იმისთვის, რომ ემსახურონ. ის, ვინც ამ წესს არ იცავს, მძარცველია, რომელიც ძარცვავს ადამიანებს სულიერადაც და მატერიალურადაც, ის, ნაცვლად გათავისუფლებისა, იმონებს ადამიანებს და სწორედ ასეთი მოძღვარი ჰპარავს ქრისტეს სამწყსოს".

იხილეთ ასევე: როგორ აღმოჩნდა 25 მილიონად შეფასებული ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს საკუთრებაში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს