როგორ გააჩერებინეს ბიზნესი "ნაციონალებმა" "ჰეროკრატიაში" ზურაბ ჟვანიას როლის შემსრულებელს

როგორ გააჩერებინეს ბიზნესი "ნაციონალებმა" "ჰეროკრატიაში" ზურაბ ჟვანიას როლის შემსრულებელს

ევგენი მაღლაკელიძე "ჰეროკრატიაში" ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ზურაბ ჟვანიას განასახიერებს. სამსახიობო გამოცდილება არ აქვს, სერიალში ბიზნესიდან მოხვდა. AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში მაღლაკელიძემ იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ მოუხდა "ნაციონალური" ხელისუფლების დროს ბიზნესის შეჩერება და როგორ მოხვდა ბიზნესიდან სატელევიზიო ფილმში:

- ბავშვები მივიყვანე "ჰეროკრატიის" კასტინგზე, იქ შევხვდი ბატონ გოგა ხაინდრავას და აღმოვჩნდი კინოსამყაროში. მინდა მას და მის მთელ ჯგუფს მადლობა ვუთხრა იქ შექმნილი გარემოსთვის. ისე მამხნევებენ ჩემი გუნდის წევრები, მგონია ბავშვობიდან ერთად მოვდივართ.

- ალბათ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობთ, ზურაბ ჟვანიას განსახიერების გამო? - რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა. როდესაც გავიგე როლზე ამიყვანეს, არქივიდან კადრები ამოვიღე, მინდოდა ბატონი ზურას ოჯახის წევრებს შევხვედროდი, უფრო მეტი დეტალი გამეგო მის შესახებ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.

იხილეთ ვიდეო: ზურაბ ჟვანიას პერსონაჟი "ჰეროკრატიაში" - როგორ პიროვნებად წარმოაჩინეს გარდაცვლილი პრემიერი ხაინდრავას ფილმში

- რა დაგეხმარათ მისი ხასიათის დაჭერაში? - ყველაზე მთავარი პირადი ნაცნობობა იყო. ადრე საერთაშორისო ორგანიზაციებში ვმუშაობდი და რამდენჯერმე შევხვდი ბატონ ზურას. მისი უშუალობა ყოველთვის ხაზგასასმელი იყო. მთავარი, რაც გამახსენდა, იყო მასთან შეხვედრა გორში. თითქოს ის კადრი დატრიალდა ჩემს გონებაში, როდესაც ამ როლზე დამამტკიცეს. ბატონი ზურა გაბრაზებული და აღელვებული არავის უნახავს. ნამდვილი დიპლომატი იყო, ფილმში არის სცენები, სადაც სიტყვებს მიღმა უნდა წაიკითხო რაც ხდება.

- მსახიობი არ ხართ, რას საქმიანობთ? - ჩემი კერძო ბიზნესი მაქვს. ამას გადაღებებში ჩემთვის ხელი არ შეუშლია, უბრალოდ, რამდენიმე ვიზიტზე საზღვარგარეთ ჩემი პარტნიორი წავიდა. ექსპორტ-იმპორტს ვეწევი, განსაკუთრებული ბიზნესი არ მაქვს. კარგი გაგებით შეიძლება ითქვას, რომ მოვიწამლე იმ გარემოთი, რაც გადასაღებ მოედანზეა შექმნილი. ფილმის აზრი ის არის, დაგვანახოს, რომ ხელისუფალისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ადამიანი, საქმეც ადვილად გამოგივა.

- უფრო კონკრეტულად მოგვიყევით, რატომ გააჩერეთ თქვენი ბიზნესი?

- ექსპორტზე გამქონდა რაღაც საქონელი, მოთხოვნა იყო ამერიკიდან. ორი პარტია რომ გავიტანე, დამირეკეს და მითხრეს, ჩვენი პროდუქცია გაიტანეო. მე ვუთხარი არ ვარგა თქვენი პროდუქციის ხარისხი და მე ვერ გავიტან-თქო. უარი რომ ვთქვი, მოხდა რაღაცეები და საერთოდ მოვკალი ეს ბიზნესი. ჭიდაობას აზრი ნამდვილად არ ჰქონდა. ნაგავს ვერ გავიტანდი ექსპორტზე, ყოველი სიტყვის უკან პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ახლა აღვადგინე ჩემი საქმიანობა და ვცდილობ ახალი გზები გავჭრა.

- ახსენეთ, ხელისუფლებისთვის ადამიანი უნდა იყოს პრიორიტეტიო, "ნაციონალებისთვის" ასე არ იყო? - როცა მოუმზადებელი მოდიხარ ხელისუფლებაში, რაღაც ეტაპები არ გაქვს გავლილი, გიჩდება ძალაუფლების წყურვილი, გაგიჩნდება დაუსჯელობის სინდრომი, სწორედ ამის გამო იყო ჩადენილი დანაშაულები, რომელიც მომავალმა თაობებმაც უნდა გაითვალისწინონ. თბილისი პატარა ქალაქია და ვიცით ვინ რა გადაიტანა, ჩემს ირგვლივ ბევრმა ადამიანმა გაიარა რეპრესიები. მეც შემეხო გარკვეულწილად რეპრესია და ბიზნესი გავაჩერე. ეს ჩვენი ცხოვრება იყო, ეს ისეთი ცხოვრება იყო, პროტესტს თუ გამოთქვამდი, გეუბნებოდნენ, ეს ქვეყანას სჭირდებაო. ეს უფრო გამაფრთხილებელი ფილმია, როგორ არ შეიძლება შემთხვევით ადამიანებს მისცე ძალაუფლება. ამაზეა ფილმი, როგორ რყვნის და ასხვაფერებს ადამიანს ძალაუფლება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

გადასაღებ მოედანზე დაწყებული დიდი სიყვარული და ულამაზესი თურქი წყვილი, რომლებიც მშობლებმა ერთმანეთს დააშორეს

"ამ ეტაპზე კარგია, რომ არ ჩავიძირეთ... ქართველმა მომხმარებლებმა, ფაქტობრივად, გადაგვარჩინეს" - ავთანდილი რთულ პანდემიურ პერიოდზე, ტრენდულ სტილსა და ფერებზე

15 მაისს, „ნოვა პროდაქშენისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი მუსიკალური პროექტი „ვოისი“ გრანდიოზული ფინალით დასრულდა