დადიანის სიძე გლეხი არსენა -"მისი დაკითხვა და განაჩენის გამოტანა მსხვერპლის ოჯახში მომხდარა"

დადიანის სიძე გლეხი არსენა -"მისი დაკითხვა და განაჩენის გამოტანა მსხვერპლის ოჯახში მომხდარა"

ეს პატარა ამონარიდი რომელიღაც გამოცემაში წავიკითხე, 27 სექტემბერს: "დაიჩოქე და შეაგინე ქართველებს!" - მიმართა გადამთიელმა ჟიული შარტავასთან ერთად დატყვევებულ მის თანამებრძოლს, სოხუმის მერს - გურამ გაბესკირიას. "არასოდეს ცხოვრებაში!" - იყო მერის პასუხი, ოღონდ, რუსულ ენაზე. მას მერე, იგი არავის უნახავს. გაბესკირიას ამბავმა ჩემი შორეული ნათესავი გამახსენა - ეთერ ხოჯანაშვილი. მან აფხაზეთში არ მიატოვა მამისეული სახლი და იქ ჩაცხრილეს, ოღონდ, დანამდვილებით არავინ იცის, კავკასიელმა თუ აფხაზმა ბოევიკებმა. ამბობენ, რომ ოჯახური ტრადიციებისა და კონტაქტების გამო, არც ერთი აფხაზი ამას არ იკადრებდა.

გასული საუკუნის 80-იანი წლები იყო, თებერვალი, როცა ეთერი იმერეთს, მშობლიურ მხარეს ეწვია. ღონემიხდილი მზის სხივები დასალიერიდან უსიცოცხლოდ ანათებდნენ, როცა სტუმრები მოვიდნენ. ოჯახის პატარები სახლიდან მორიგეობით, ჩუმად გავიძურწეთ და ეზოდან, ფანჯრიდან შევავლეთ თვალი სავახშმოდ შეკრებილებს. ოციოდეკაციან სუფრასთან გამორჩეულად, მამაკაცურად იჯდა ეთერი და ყველა ძველი თაობის ადამიანი ამბობდა, რომ ძალიან ჰგავდა მამას, არსენა ხოჯანაშვილს, ლეგენდა კაცს, რომელზეც მითების შეთხზვა საჭირო არ იყო, რადგან სინამდვილეც გასაოცარი ჰქონდა მრავალჭირნახულ, ათასჯერ ფერფლისგან აღმდგარ ადამიანს.

არსენას ძმები ჰყოლია, დათა და ილიკო. სამივე ძმა თიხის დამუშავებით ირჩენდა თავს. უბრალოდ, არსენას ხელში აყალოს უზარმაზარი გუნჯლები ისე რბილდებოდა, როგორც ცვილი - მზეზე. ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დრო იყო, როცა სოფლის შემოსასვლელში წელგამართულ ოჯახს ყაჩაღები დასხმიან თავს. ერთსართულიანი სახლის კარის შემომტვრევისას ოჯახის საძეო, ათიოდე წლის ბიჭი სხვენზე შეუმალავთ - საჯიშე ბიჭს არაფერი დაუშავონო. ყაბალახიან ყაჩაღებს ფული მოუთხოვიათ, ნიკოლოზის ოქროს მონეტები. დამხვდურები შიშით კანკალებდნენ და უარობდნენ, არ გვაქვსო. ერთ ბრგე აბრაგს რევოლვერი მაღლა შეუმართავს და დასაშინებლად გაუსვრია. ნატყვიარს სისხლის ნაკადი ჩამოჰყოლია - ბრმა ტყვიამ ჭერში შემალული ყმაწვილის გულში გაიარა...

ყაჩაღები გადახვეწილან. ჟანდარმერიას ბევრი არ უძებნია დამნაშავე, რადგან ოჯახმა ერთი რამ თქვა: ერთი ყაჩაღი ისეთი ბრგე იყო, არსენა ხოჯანაშვილი თუ იქნება, სხვა მაგხელა ჩვენ არავინ ვიცითო. დაკითხვაზე იფიცებოდა არსენა, თიხიანი თითებით პირჯვარს იწერდა, - უბრალო ვარო, მაგრამ მაინც მისი გაციმბირება გადაწყვიტეს. დაკითხვა და განაჩენის გამოტანა მსხვერპლის ოჯახში მომხდარა. დაბორკილებამდე ქუდი მოუხდია ჯეელს და ძირს დაუხეთქებია, - მე უდანაშაულო ვარ და ბრალმდებლები ასე გასწორდით მიწასთანო... იმ ოჯახის კვალობაზე მართლა აღარავინ დარჩენილა, არც ასულის შთამომავალი, ძე კი ისედაც იცის მკითხველმა, ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდა...

რევოლუციამდე არსენა სოფელში დაბრუნებულა. არავინ იცის, რამდენი სატკივარი და მონატრება გადაიტანა ურალს გადაღმა. ფართო, მარილიან სახეზე უზარმაზარი ულვაში აზნაურულად აეწკიპა, თვალები მეტად დაჭკვიანებოდა და ბარძაყისოდენა მკლავები ჩოხის ქვეშ ვერ იმალებოდა... ზამთარ-ზაფხულ ნაბდით მოარულს, სხვა ასპარეზი უნდოდა უკვე, არა თიხის ზელა და საკრამიტე ქურაში თხმელის ნაპობების შეწყობა "რბილი ცეცხლის" დასანთებად.

გვიან ღამით მატარებელს აჰყოლია მეზობელთან ერთად, ზესტაფონიდან ბოსლევამდე, მერე ათიოდე კილომეტრი ფეხით უნდა აევლო სულ აღმართები და ტყიანი ბილიკები. მატარებლის სადგურთან ღვინით ტვინამღვრეული, გადიდგულებული უსაქმურები თავიანთი "ვაჟკაცობის" გამოვლენის შესაძლებლობას ეძებდნენ თურმე. ორი გეზრულელის ცემა, წესით, არ უნდა გასჭირვებოდა ექვს უსაქმურს. თავხედურად უთქვამთ, - მოდი, ალიყური უნდა მოგცხოთო. არსენას ნაბადი მოუხსნია, უსვრია თანამგზავრისთვის (თანამგზავრს უთქვამს, ნაბადმოხვედრილი ეკალას ბუჩქთან აღმოვჩნდიო), ცალი ხელით მოზრდილა კოპიტის მორჩი მოუთხრია და ექვსივესთვის გვერდების გარდა, სხვა რბილი ადგილებიც აუჭრელებია...

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს