"შეიძლება თავი მოვიკლა, ვერ გავუძლებ ზამთარს..." - 56 წლის მამაკაცის ტრაგიკული ისტორია, რომელსაც არცერთი ხელი და ფეხი არ აქვს

"შეიძლება თავი მოვიკლა, ვერ გავუძლებ ზამთარს..." - 56 წლის მამაკაცის ტრაგიკული ისტორია, რომელსაც არცერთი ხელი და ფეხი არ აქვს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გიორგი ჩერქეზიშვილის ცხოვრება მეტად ტრაგიკულია. ეტლით მოსარგებლე 56 წლის მამაკაცი, რომელსაც არცერთი ხელი და ფეხი არ აქვს, მეზობლების დახმარების იმედადაა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ე.წ. ახალშენის დასახლებაში ცხოვრობს. საცხოვრებელ ერთოთახიან სახლს არც კარ-ფანჯარა აქვს, არც იატაკი.

ოთახში შესასვლელი იმდენად უსწორმასწოროა, ადამიანს გავლა გაუჭირდება. სახლის ჭერიდან წვიმა ჩამოდის და ჩერქეზიშვილის ისედაც გაუსაძლის ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს. საწოლი რაზეც მამაკაცს სძინავს, წვიმის წვეთებისგან მთლიანად სველია.

ჩერქეზიშვილი მარტო ცხოვრობს. ორი შვილი და რძალი ჰყავს, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ისინი იშვიათად აკითხავენ.

"არც ხელები მაქვს არც ფეხები და ასე გაჭირვებული ვარ 14 წელია. მთავრობა არასდროს შემიწუხებია, რამდენიმე დღის წინ ვიყავი მეზობლების დახმარებით გამგეობაში და ვერ ვნახეთ ვერც გამგებელი, ვერც მისი მოადგილე;

შვილი და რძალი არ მპატრონობს, მეძახიან შიმშილით ამოგხდით სულსო, არაფრის ღირსი არ ხარო. აქ მარტო ვცხოვრობ, საჭმელს ვერ ვჭამ, მცივა, ვიყინები, თავზე მაწვიმს, დამათოვს აწი. გათბობა არ მაქვს, ასჯერ დავწერე განცხადება მუნიციპალიტეტის გამგეობაში, კი მოვიდნენ, გადაიღეს სურათები და მითხრეს, ეს რა მდგომარეობაში ცხოვრობო, მაგრამ დახმარება არ გაუწევიათ. სოციალური დახმარებაც მომიხსნეს, მე რომ სოციალური არ მექნება, ეს სამართალია?

დილიდან გზას გავყურებ, იქნებ მეზობელი დავინახო ქუჩაში, რომ დავუძახო; ხან სკოლიდან გამომივლიან ბავშვები, ხან მეზობლები მოდიან. რამდენჯერ თავის მოკვლა დავაპირე, თავიც მოვიწამლე, სიცოცხლე აღარ მინდა, იყო პოლიცია მოსული, დამაწერინეს ახსნა-განმარტება, მაგრამ ასეთ ყოფაში ცხოვრება გაუსაძლისია. ისევე მეზობლებმა გადამარჩინეს... ამ ზამთარს ვერ გადავიტან, სკოლის დამთავრებას ვუყურებ, რომ ბავშვებმა გამომიარონ და ცეცხლი დამინთონ. არ მინდა სიცოცხლე...

ახლანდელ დეპუტატს ჰკითხეთ, იცის როგორ ცხოვრობენ ადამიანები სოფლებში, როგორ იღუპებიან შიმშილით, სიცივით, უყურადღებობით, რის გამოც შეიძლება თავი მოიკლან კიდეც? ვერ გავუძლებ ამ ზამთარს, აღარ ვიცი ვის რა ვთხოვო, უბრალოდ გააგებინეთ ყველას, რომ აი ასეთებიც, ჩემნაირებიც არსებობენ ამ ქვეყანაში", - ამბობს გიორგი ჩერქეზიშვილი.

განაგრძეთ კითხვა

"გურია ნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა