"იმ საბედისწერო დაშვებამ, 21 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა" - ნოდარ ქუმარიტაშვილი დღეს 28 წლის გახდებოდა...

"იმ საბედისწერო დაშვებამ, 21 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა" - ნოდარ ქუმარიტაშვილი დღეს 28 წლის გახდებოდა...

სპორტული ჟურნალისტი კახა ბერიძე ტრაგიკულად დაღუპულ ქართველ მოციგავეს ნოდარ ქუმარიტაშვილს იხსენებს... დღეს, 25 ნოემბერს სპორტსმენი 28 წლის გახდებოდა...

"მეორე ფოტო (რომელზეც ნაკრების წევრები შავი ყელსახვევებით გამოდიან ოლიმპიადაზე) რომ გადავიღე, ფოტოაპარატი ჩემივე ცრემლებით სველდებოდა...

მიტირია ათენში, ზურაბ ზვიადაური დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი რომ გახდა. ვიტირე გიორგი ასანიძის ჩემპიონობის დროსაც.

ვტიროდი პეკინში, ირაკლი ცირეკიძემ პერშინი რომ გააკრა ტატამზე, მანუჩარ კვირკველიამ რომ ჰაერში აბზრიალა მეტოქეები და რევაზ მინდორაშვილმა როცა იჩემპიონა.

ვიტირე ლონდონში, ლაშა შავდათუაშვილმა ტატამზე ცეცხლი რომ დაანთო, ვიტირე რიოში, ლაშა ტალახაძის გმირობის და ლადო ხინჩეგაშვილის ღირსეული გაჩემპიონების შემდეგ.

რაც ჩამოვთვალე ყველა სიხარულის ცრემლები გახლდათ... მაგრამ 2010 წლის 12 თებერვალს, ვანკუვერში სიმწრისგან ვტიროდი...

პირველად ოლიმპიური თამაშების 114-წლიან ისტორიაში, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი წუთიერი დუმილით დაიწყო. იმ დროს ჩემს ასობით უცხოელ კოლეგასთან ერთად ტრიბუნაზე ვიდექი და მწარედ ვქვითინებდი.

ძალიან ბევრ ოლიმპიურ თამაშებს დავსწრებივარ და პირველად ცხოვრებაში არ მსურდა მისი თანამონაწილე ვყოფილიყავი...

უისტლერის ტრაგედია ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება და არც ის განცდა რაც მაშინ დამეუფლა. მას შემდეგ, ყოველ 12 თებერვალს ეს განცდა ჩემთან ერთად არის. 2010 წლის 12 თებერვალს, იმ საბედისწერო დაშვებამ 21 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა, ბიჭისა, რომელსაც ვიცნობდი და სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ერთად ვხუმრობდით. აბა მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ 10 თუ 12 საათის შემდეგ, ვანკუვერის მეტროში მყოფს დამირეკავდნენ და მეტყოდნენ - კახა ცუდი ამბავია, 5 წუთის წინ ნოდარი დაიღუპა...

დღეს 12 თებერვალი არ არის, დღეს 25 ნოემბერია ნოდარ ქუმარიტაშვილის დაბადების დღე. ის 28 წლის უნდა გამხდარიყო.

ღმერთმა ნათელში გამყოფოს კარგო ბიჭო..." - წერს ბერიძე "ფეისბუქის" გვერდზე.

2010 წლის 12 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით სპორტსმენი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა...

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს