ხუციშვილების 4 შინმოუსვლელი ძმის ამბავი და ათწლეულების შემდეგ ქერჩში ნაპოვნი ქართველების ახალი სია

ხუციშვილების 4 შინმოუსვლელი ძმის ამბავი და ათწლეულების შემდეგ ქერჩში ნაპოვნი ქართველების ახალი სია

რეჟისორ სტივენ სპილბერგის გენიალურ ფილმში, "რიგითი რაიანის გადასარჩენად" მოვლენები ერთი ოჯახის გარშემო ვითარდება - როდესაც ამერიკის პრეზიდენტი შეიტყობს, რომ ერთი ოჯახიდან ოთხივე ძმა ბრძოლის ველზეა, გადაწყვეტს, დედას ერთი შვილი მაინც ცოცხალი დაუბრუნოს... როდესაც ამერიკის ჯარებმა ნორმანდიის სანაპიროებს შეუტიეს, სამი ძმა ბრძოლის ველზე დაიღუპა, მეოთხე კი მტრის ზურგში მოექცეა. სწორედ მის გამოსახსნელად გაუშვებენ კაპიტან ჯონ მილერს შვიდ კაცთან ერთად. მას გერმანელების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეღწევა ევალება, რათა რაიანების ერთი შვილი მაინც გადაარჩინოს...

როგორც ჩანს, ასეთი ადამიანური მომენტებით საბჭოთა არმიის მეთაურობა არ გამოირჩეოდა, - II მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, კასპის რაიონის სოფელ კავთისხევის ხუციშვილების ოჯახიდან ოთხი ძმა ერთმანეთის მიყოლებით წაიყვანეს... ოთხივე მათგანი დღემდე შინმოუსვლელად ითვლება, მაგრამ არც ერთი მათგანის ბედით არც მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესებულა და არც მაღალი ეშელონებიდან მოსულა ოფიცალური პირი ოჯახის სანუგეშებლად. რაც მთავარია, სოფელში შინმოუსვლელთა სტენდის დადგმითაც არავის შეუწუხებია თავი... ის, რომ დაღუპული ჯარისკაცის სიცოცხლე არაფრად ფასობდა საბჭოთა არმიაში, ამ სულისშემძვრელი ისტორიიდანაც კარგად ჩანს. ოთხი ძმიდან შვილები მხოლოდ ორს დარჩა...

ალექსანდრე ხუციშვილი, დაღუპული ძმების ნათესავი:

- 8 წლის ვიყავი, მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო. ძმები ერთმანეთის მიყოლებით გაიწვიეს, - სამი და დარჩათ. დედამ ვერ ნახა შვილების უბედურება, მაგრამ მამის, უბედური სანდროს სახე არასდროს დამავიწყდება... მხოლოდ ორ მათგანს დარჩა ცოლ-შვილი. პირველი, ყველაზე უფროსი გრიშა წაიყვანეს, 21 წლის იყო, საბედნიეროდ ცოლ-შვილი ჰყავდა... შემდეგ სხვებიც მიყვნენ, - მომდევნო ჯერზე ნოშიკო წაიყვანეს. მისი წაყვანა ყველაზე მძიმედ მახსოვს, ტრაქტორისტად მუშაობდა კოლმეურნობაში, ტექნიკური გაუმართაობის გამო, მანქანას ცეცხლი წაეკიდა და ლამის მთელი სხეული დამწვარი ჰქონდა... მაწონს ისვამდა ჭრილობაზე. ერთ დღეს მასთანაც მოვიდნენ სამხედრო კომისარიატიდან. შეეხვეწა თურმე, - ცუდად ვარ, ფეხზე ვერ ვდგები და როგორც კი მოვრჩები, ჩემით წამოვალო, - ჩვენ მოგარჩენთო, უთხრეს და ბინტით გადახვეული კაცი წაიყვანეს. მოგვიანებით მოიწერა, - ტანკისტი ვარო... შემდეგ კი, მესამე ძმა, ბესარაც წაიყვანეს. ის ძალიან ნიჭიერი იყო, მამა უბრაზდებოდა, - მუშაობაში მომეხმარეო და ჩუმად სწავლობდა... ცოტა ხანში მოიწერა, - ოფიცერი ვარო.

მოგვიანებით, ოჯახს შეატყობინა, დაჭრილი ვარ და თბილისში ვმკურნალობო... ყველაზე დიდი ტკივილით მაინც ყველაზე პატარა, მიტო ხუციშვილი მახსენდება, - საყვარელი, მხიარული ბიჭი იყო... ერთხელ სკოლიდან მოვდიოდი, სოფლის დიდ ქვასთან შეკრებილი ახალგაზრდები შევამჩნიე, - მიტოც მათ შორის იყო. გარშემო ქალები შემოხვეოდნენ და ტიროდნენ. რა მისახვედრი იყო, ომში მიჰყავდათ ბიჭები. ხელში ამიყვანა და მაკოცა, - მე ალბათ ვეღარ დავბრუნდები, მაგრამ თხილს რომ გპარავდით, იმ ხეს ნუ მოჭრითო... ის ხე ახლაც იქ დგას. არც იმ ქვისთვის დაუკარებია ხელი ვინმეს... ქერჩში ვიბრძვითო, - იწერებოდნენო. რახან "ვიბრძვითო" წერდნენ, ალბათ ყველანი ერთად იყვნენ, ვინ გაბედავდა რამის კითხვას. ბოლო წერილიც იქიდან მოსულა... წერილში ისეთს ვერაფერს დაწერდნენ, რადგან ყველაფრი კონტროლდებოდა - ჯერ მეთაური კითხულობდა და მერე იგზავნებოდა.

ჩვენ ძმებ ხუციშვილებთან დაკავშირებით, ინფორმაციისთვის უკვე მივმართეთ ყირიმში მყოფ სამძებრო კომისიას. მათი თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა და ინფორმაციას, მოპოვებისთანავე მოგვაწვდიან.

აქვე ვაქვეყნებთ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სპეციალური კომისიის მიერ ნაპოვნი ქართველების სიას, რომელთა შესახებაც ოჯახის წევრებსა და შთამომავლობას ინფორმაცია არ აქვთ.

ბიჭიკო გოგოხია - (ისიდორეს ან თეოდორეს ძე. კომისიის წევრთა ინფორმაციით, მონაცემები ცუდად იკითხება) დაბადებული 1905 წელს, წალენჯიხის რაიონი, სოფელ ფახულანი. ის სევასტოპოლში ჩავარდა ტყვედ და მას შემდეგ უზგო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. სიცოცხლის ბოლო პერიოდი გაატარა რუმინეთში, სადაც ის (ყოფილი ოტოპენის ტერიტორიაზე) ტყვეობაში იმყოფებოდა და დაიღუპა ბუქარესტთან ახლოს არსებულ საკონცენტრაციო ბანაკში.

ალექსანდრე გოგოხია, დავითის ძე - დაბადებული 1902 წელს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანიდან. ითვლებოდა ქერჩში უგზო-უკვლოდ დაკარგულად. დაიღუპა ტყვეობაში, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტთან ახლოს.

ვლადიმერ გოგოხია, კელას ძე - დაბადებული 1900 წელს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანიდან. ბოლო მონაცემებით, უგზო-უკვლოდ დაიკარგა კურსკოის ბრძოლების დროს. გარდაიცვალა რუმინეთში 1942 წლის, 6 მაისს.

გიორგი ხატიაშვილი, იოსების ძე - დაბადებული 1903 წელს, ქალაქ სიღნაღში. ტყვედ ჩავარდა სევასტოპოლთან. ტყვეობაში დაიღუპა რუმინეთში.

ნიკო ხატიაშვილი, ივანეს ძე - დაბადებული 1909 წელს, ქალაქ სიღნაღში. ტყვედ ჩავარდა სევასტოპოლთან. დაღუპულია რუმინეთში.

ვასილ ხაჩიძე, მიხეილის ძე - დაბადებული 1907 წელს, ქალაქ ხაშურში. უგზო-უკვლოდ დაიკარგა ქერჩის ბრძოლებში. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია რუმინეთში, ბუქარესტთან ახლოს, ტყვეობაში.

თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ აღნიშნულ ინტერნეტგვერდზე: www.pamyat-naroda.ru

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?