ავტორი:

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?

“მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი“ ლიკვიდირებულია. აშშ-ს ძალები, ჩრდილოეთ სირიაში მდებარე გასაიდუმლოებულ თავშესაფარში შეიჭრნენ, სადაც "ისლამური სახელმწიფო” ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი იმყოფებოდა. მან თავი აიფეთქა და არსებული ინფორმაციით, მასთან ერთად მისი ორი ცოლი და სამი შვილიც დაიღუპნენ.

„ნიუსვიქის“ ინფორმაციით, უკვე „ისლამურ სახელმწიფოს“ ახალი ლიდერი ჰყავს. გამოცემის ინფორმაციით, სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცი, აბდულა ქარდაში "იღებს მართვის სადავეებს".

კვირას დონალდ ტრამპმა სპეცოპერაციაზე დეტალურად ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ამერიკულ ძალებს დანაკარგი არ ჰქონიათ.

რა დგას დონალდ ტრამპის ასეთი ღია საუბრის მიღმა, რა საფრთხებს უნდა ელოდოს თანამედროვე მსოფლიო აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ და ნიშნავს თუ არა ეს ISIS-ის განადგურებას? - ამ კითხვებით AMBEBI.GE-მ ექსპერტებს მიმართა.

გიორგი სანიკიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი:

"აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მოკვლა ბევრს არაფერს შეცვლის "ისლამურ სახელმწიფოში", რადგან მისი დასრულება უკვე დიდი ხნის გამოცხადებულია.

თუმცა, მათი ცალკეული, პოლიტიკურ-რელიგიური ელემენტები, რომლებიც გარკვეულ ტერიტორიებს აკონტროლებენ, ჯერ კიდევ არსებობს. რთული გამოსაცნობია რა გავლენას მოახდენს მისი სიკვდილი, რადგან ის საკმაოდ ქარიზმატული ფიგურა იყო. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ალ-ბაღდადის სიკვდილზე ვრცელდება ინფორმაცია, მაგრამ ახლა მთელი მსოფლიო მედია ირწმუნება, რომ ეს ნამდვილად ის იყო და ლოგიკურად არ გვაქვს უფლება, ეს ინფორმაცია არ დავიჯეროთ.

- უკვე საუბრობენ ახალ ლიდერზე. ფიქრობთ, რომ ის წინამობერდის გზის ზუსტი გამგრძელებელი იქნება?

- დიახ, აუცილებლად გამოჩნდება ახალი ლიდერი, რადგან აბუ ბაქრი მუჰამედ მოციქულის შთამომავლად მიიჩნეოდა და ამ ლოგიკით, მის გარემოცვაში კიდევ იქნება ვინმე, ვინც ამ ძალის მართვას თავის თავზე აიღებს.

თუმცა, ალ-ბაღდადის სიკვდილი, ისედაც ძალიან დასუსტებულ, ძალაგამოლეულ “ისლამურ სახელმწიფოზე” უარყოფითად აისახება. აქ სხვა რამეც არის მნიშვნელოვანი, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში იმდენად ბევრი პრობლემაა დაგროვილი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში სირიაში), რომ გამორიცხული არაა, "ისლამური სახელმწიფოს" ადგილზე, რაიმე სხვა პოლიტიკურ-რელიგიური წარმონაქმნი გაჩნდეს, რომელიც ოდნავ განსხვავებული იქნება.

საკვანძო საკითხებში თანხვედრა ექნებათ, შესაძლოა, ისიც ასევე იყოს რადიკალიზმისკენ მიდრეკილი, როგორც “ისლამური სახელმწიფოა,” რადგან ამ რეგიონისთვის ძალიან დამახასიათებელია რადიკალიზმი.

- ყველა, ვინც ამ ომშია ჩართული - ამერიკული, თურქული და ქურთული მხარეები, “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის ლიკვიდაციას თავის თავზე იწერენ. ტრამპმა დეტალურად ისაუბრა ამ სპეცოპერაციაზე, რითაც დასავლური მედიაც გააოცა. რა გახდა ამის საფუძველი?

- ამის მიზეზია, ამერიკის, ზოგადად ტრამპის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში, კონკრეტულად კი სირიაში, საიდანაც ამერიკული ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთანავე არის ერთი მომეტი, ნავთობსაბადო და სარეწ ტერიტორიებზე რჩება ამერიკული ჯარები, რაც ნიშნავს, რომ ამერიკა სირიიდან მთლიანად არ გადის.

მეტიც, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს თავად აკონტროლებს და მეორეც, ტრამპის მიერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მკვლელობის ასე დეტალური აღწერა ნიშნავს, რომ იქ სიტუაცის ამერიკა აკონტროლებს. პირდაპირ ამბობს: ჩვენ ვცდილობთ არ ჩავდგეთ დაპირისპირებულ მხარეებს შორის, თურქულ და ქურთულ მხარეებს შორის, ვრჩებით იმ ფორმით, რომელიც ამერიკასა და მსოფლიოს სჭირდებაო... ამ შემთხვევაში, ამერიკა ცდილობს, სახე შეინარჩუნოს სირიაში, აბუ ბაქრის მკვლელობით ამბობს - ტერორიზმი უნდა განადგურდესო... თან რუსეთს და ქურთებსაც ეუბნება, რომ არ თმობს გავლენებს.

რაც შეეხება სპეცოპერაციის დეტალურ აღწერას, სავარაუდოდ, ამით იმის ახსნა უნდოდა, რომ ყველა ნაბიჯი ზუსტად და თანმიმდევრულად იყო გათვლილი და "მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი" ისე გაანეიტრალეს, რომ ამერიკის შეიარაღებულ ძალებს დანაკარგი არ ჰქონია... სხვა საკითხია, მომავალში როგორ გაართმევენ თავს უსაფრთხოების საკითხებს.

ზურა ბატიაშვილი, "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის" მკვლევარი:

- აქედანვე ცხადია, რომ ISIS-ის იდეოლოგია არ შეიცვლება, თუნდაც იმიტომ, რომ ორგანიზაციას ათიათასობით მომხრე ჰყავს. მათ უკვე აირჩიეს ახალი ლიდერი და უკვე დაიწყეს მოქმედებები, ვგულისხმობ ახალ ტერაქტებს, რადგან მოსალოდნელია, მათ ასე გასცენ პასუხი დანარჩენ მსოფლიოს ლიდერის მკვლელობისთვის და სისხლი აიღონ.

ამის მაგალითი უკვე გვაქვს - ანკარაში “ისლამური სახელმწიფოს” 20 წევრი დააკავეს, რომლებიც დიდი ალბათობით, საპასუხო ტერაქტს გეგმავდნენ. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ მათი მომხრეების რაოდენობა და რაც მთავარია, იდეოლოგია არ შეცვლილა. ახლა ცივილურ მსოფლიოს უფრო მეტი ყურადღება მართებს, რადგან არ არის გამორიცხული, ასეთი ფაქტები გახშირდეს...

რაც შეეხება იმას, რომ ყველა თავის თავზე მიიწერს, ალ-ბაღდადის ლიკვიდაციას, ამას აქვს ახსნა: ტრამპის მხრიდან ეს არის იმის მტკიცება, რომ ამერიკა ნომერ პირველი სახელმწიფოა. ამასთან, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ეს მისი მხარდამჭერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება - მან, როგორც პრეზიდენტმა შეძლო, ISIS-ის ლიდერის განადგურება.

- თავის მხრივ თურქეთიც იბრალებს, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს...

- ეს ერდოღანის პოზიციაა, სინამდვილეში ის სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რომელსაც ნაწილობრივ აკონტროლებენ თურქები. შესაძლოა, ამას თვლიდნენ თავიანთ წვლილად.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"ჩვენი მეთაური კარგა ხანს იდგა ცხედრებთან: ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო..." - ვინ იყო რუსი სამხედრო, რომელმაც "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს შინდისის გმირების ამბავი უამბო