ბაბინები, "პლასტინკები" და "ლევისის" ჯინსები - პროდუქცია, რომლითაც საბჭოთა "სპეკულიანტები" ვაჭრობდნენ

ბაბინები, "პლასტინკები" და "ლევისის" ჯინსები - პროდუქცია, რომლითაც საბჭოთა "სპეკულიანტები" ვაჭრობდნენ

ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ უბრალოდ, სუფრასთან ნებისმიერ ჩვენგანს ერთხელ მაინც აქვს მოსმენილი ბანალური და ერთობ უკვე მობეზრებული ფრაზები - "რა ქვეყანა დაანგრიეს" ან "რას მელაპარაკები! 37 მანეთად მოსკოვში დავფრინავდი!".

მსოფლიოს 1/6-ზე გადაჭიმული სსრკ უკვე 25 წელიწადია აღარ არსებობს. მაგრამ ბევრი იმ დროს მაინც მისტირის. თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარე ყველა წყობას აქვს. თუმცა იმ ადამიანებს, რომლებსაც 37 მანეთიანი ავიარეისები ენატრებათ, რატომღაც არ უყვართ სსრკ-სთვის დამახასიათებელ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე - საყოველთაო დეფიციტზე საუბარი.

"კაპიტალისტები თავის ჩამოსახრჩობ თოკს ჩვენგან იყიდიან" - გაიძახოდა ლენინი. თუმცა რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სსრკ-ს უმეტეს ნაწილში მოსახლეობა საკვებს სპეციალური ტალონებით იღებდა. ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა სსრკ-მ არსებობის ბოლომდე ვერ შეძლო. ბევრი ამას კატეგორიულად უარყოფს. მათ შორის ისინიც, ვინც სსრკ-ს დღემდე მისტირის.

სსრკ-ში ფართო მოხმარების საქონლის დეფიციტი ყოველთვის არსებობდა. გიგანტურ სახელმწიფოში, სადაც ყველა და ყველაფერი სამხედრო მრეწველობასა და თავდაცვის გაძლიერებაზე იყო ორიენტირებული (არა და ვინ ესხმოდა თავს?), სამოქალაქო პროდუქციის წარმოებას მეორეხარისხოვანი როლი ენიჭებოდა. ჩასაცმელსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას რომ თავი დავანებოთ, ძეხვებისა და ხორცის სხვა პროდუქტების შესაძენად ნახევარი სსრკ-დან, მათ შორის საქართველოდან ხალხი მოსკოვში დადიოდა(!). იმიტომ კი არა, რომ იქაური ხარისხით ჯობდა - არა, სხვაგან უბრალოდ არ იშოვებოდა.

სოციალისტური ბლოკის სახელმწიფოების ნაწარმის შოვნა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. სანუკვარი რუმინული ავეჯი, პოლონური და ჩეხური ჭურჭელი, გერმანული ტანსაცმელი თავისუფალ გაყიდვაში თითქმის არ იყო. წარმოების მოცულობა არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა.

შექმნილი დეფიციტით ბევრი "ჭკვიანი" ადამიანი სარგებლობდა. უკვე 1960-იან წლებში დეფიციტურ საქონელს ჩუმად, იატაკქვეშეთში გადამყიდველები ყიდდნენ. ოფიციალურად არავინ იცოდა, საიდან ხვდებოდა მაღაზიების გვერდის ავლით მათ ხელში დეფიციტური საქონელი, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ მათთან ყველაფრის შოვნა შეიძლებოდა.

შორს რომ არ წავიდეთ - თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრები ებრაელი ჩაშკას ისტორია ყველას აქვს გაგონილი. არ არსებობდა წამალი და მედიკამენტი, ჩაშკას რომ არ ეშოვა.

იმპორტული ტანისამოსი, აქსესუარები, აუდიო კასეტები, ბაბინები, ვინილის ფირფიტები (ე.წ. "პლასტინკები") - ღია და თავისუფალ გაყიდვაში არასდროს იყო. სსრკ-ში კი სწორედ ეს ნივთები ფასობდა.

გაგიკვირდებათ და, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა ჯინსებზე იყო. 1960-იან წლებში კაპიტალიზმის სიმბოლოდ მიჩნეული ჯინსი სსრკ-ში აკრძალული იყო. მისი იმპორტი არ ხდებოდა. 1960-იან წლებში ჯინსების შოვნის მხოლოდ ორი გზა არსებობდა - ან ჩამოსული ტურისტებისგან ან იმ ხალხისგან შეძენა (მეზღვაურები, მსახიობები, აეროფლოტის პილოტები, სპორტსმენები, დიპლომატები), ვისაც რკინის ფარდის გაღმა გასვლის ბედნიერება ჰქონდა. რა თქმა უნდა, საბაჟო კონტროლს ისინიც გადიოდნენ. ამიტომაც ყოველ ჯერზე ახალბედა "სპეკულიანტ-კონტრაბანდისტებს" ახალ-ახალი ხერხების მოფიქრება უხდებოდათ.

მაგალითად, მეზღვაურები ტანზე 2-3 ჯინსის შარვალს იცვამდნენ. ერთგვარ "კომბოსტოს" მეზღვაურის ფართო და ფართხუნა შავი შარვალი აგვირგვინებდა, რომლის ქვეშაც ჯინსები არ ჩანდა. სსრკ-ში ჯინსების გასაღებაზე ე.წ. "ფარცოვშიკები" ზრუნავდნენ. ეს ჟარგონული სიტყვა ინგლისური For Sale-იდან წამოვიდა, რომლითაც საბჭოთა მოქალაქეები ტურისტებს მიმართავდნენ - Do you have anything for sale?

დეფიციტური და ძალზე პოპულარული ჯინსი სსრკ-ში საკმაოდ ძვირი, 200-250 მანეთი ღირდა. იმ პირობებში, როდესაც საშუალო ხელფასი 120 მანეთს არ აღემატებოდა. თუმცა ახალგაზრდებს ეს ვერ აბრკოლებდა. Lee-ს, Levi Strauss-ისა და Wrangler-ის ფირმის ჯინსები იმ დროინდელი მოდის და სტილის მწვერვალი იყო. განსაკუთრებული პოპულარობით Montana-ს ჯინსები სარგებლობდნენ.

დეფიციტის გამოსწორებას ქვეყნის მთავრობა ყველა შესაძლო გზით ცდილობდა. სსრკ-ში არსებობდა ასეთი ორგანიზაცია "სოიუზგაზექსპორტ", რომელიც ოფიციალურად ბუნებრივი გაზის საზღვარგარეთ მიწოდებით იყო დაკავებული. არაოფიციალურად კი უცხოეთში დეფიციტურ ნედლეულს და საქონელს ყიდულობდა. მათ შორის ხორბალს და მსხვილფეხა საქონლის საკვებს.

მაშინ, როდესაც სოციალისტურ სახელმწიფოებს და დანარჩენ მსოფლიოს სსრკ გულუხვად ეხმარებოდა, ქვეყანაში ნაყიდი წიგნების, ავეჯის, ბინების და ავტომობილების მისაღებად ხალხი კვირაობით, თვეობით და წლობით იდგა რიგებში.

ავტომობილებთან დაკავშირებულმა სიტუაციამ იმდენად უტოპიური ხასიათი მიიღო, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ხუმრობისა და დაცინვის საგანიც კი გახდა - "სსრკ-ში ყველაფერი არც ისე კარგადაა, როგორც გგონიათ. ამ ქვეყანაში საკუთარი ავტომობილი 7-დან მხოლოდ 1 ოჯახს ჰყავს და მისი მიღებისთვის ადამიანს 10-წლიან რიგში უწევს დგომა. 10-წლიან ლოდინს მთელი პროცედურები ახლავს და ფულიც წინასწარ უნდა გადაიხადო. მივიდა ერთი კაცი ავტომობილის საყიდლად, მიიტანა საბუთები, ფული. კომპანიის წარმომადგენელმა ეს ყველაფერი ჩაიბარა და ეუბნება:

- 10 წლის მერე მოდი.

- დილით თუ საღამოს?

დახლთან მდგარი კაცი გაკვირვებული სახით პასუხობს.

- რა მნიშვნელობა აქვს, ეს ხომ ათი წლის მერე იქნება?

- არა, უბრალოდ, დილით სანტექნიკოსი უნდა მოვიდეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

წაიკითხეთ ასევე: რას ყიდულობდნენ ყველაზე ხშირად საბჭოთა კავშირის მოქალაქეები საზღვარგარეთ

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"