საუკუნეების განმავლობაში ქალების შესამკობად უამრავი ეპითეტი გამოიყენებოდა: მაგალითად, მზესავით ქალი, ვარდივით ქალი, შველივით ქალი, ირემივით ქალი და ა.შ. ქალს მარტო ყვავილებსა და ცხოველებს კი არა, ფრინველებსაც ადარებენ, მათ შორის, შინაურ ფრინველებს. მამალი ქალი ნიშნავს ქალს, რომელიც ცხოვრებას ეჭიდება, იბრძვის, სირთულეებს არ უშინდება და მის დანახვაზე მამაკაცებიც კი ფრთხებიან. მეგონა, მამალი ქალების შესახებ მხოლოდ წარსულში საუბარი მომიწევდა, რადგან თანამედროვე ქალს ეპითეტად "მამალი" ვერ შევუსაბამე, მაგრამ რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა.
მანანა, 54 წლის:
- ჩემი ვაჟი რომ დაიჭირეს, თავზარი დამეცა, პედაგოგი ქალი ვიყავი, ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო იმ აზრთან შეგუება, რომ შვილი პატიმარი მყავდა. 18 წლის პირტიტველა ბიჭს ციხეში თავი როგორ უნდა გაეტანა?!. ვხვდებოდი, რომ ძალიან გაუჭირდებოდა. ინტუიციამ არ მიმტყუნა. 3 თვის შემდეგ, ნუკრიასგან წერილი მივიღე: დედა 1.500 მანეთი წავაგე, თუ ფულს ზეგ საღამოს არ ჩავაბარებ, მომკლავენო. ქვრივ ქალს ამხელა თანხა სად უნდა მეშოვა?.. საშინელ დღეში ჩავვარდი. ვერაფერი რომ ვერ მოვახერხე, ციხეში ქურდებს წერილი გავუგზავნე. გავიგე, ვინც იყო ზონაში ქურდი და ზედამხედველის ხელით წერილი შევუგზავნე.
- რას სწერდით?
- ყველაფერს, რაც იმწუთას გამწარებულ დედას გულმა და გონებამ უკარნახა. ვუამბე: როგორ ვიბრძოდი, ჩემი აღსაზრდელები ნორმალურ გზას რომ არ ასცდენოდნენ, როგორ ვიცავდი მათ განსაცდელისგან, ტკივილისგან, უიმედობისგან. ისიც ვუამბე, თუ რამდენი ძნელად აღსაზრდელი გამოვტაცე პოლიციის "კლანჭებს" და რამდენს ვასწავლე სწორი გზით სიარული. ახლა კი საკუთარი სისხლისა და ხორცის დახმარებას ვერ ვახერხებ, შენ უნდა მიშველო, შვილი უნდა გადამირჩინო-მეთქი. ქურდი კი იყო, მაგრამ გული და გრძნობები ხომ ჰქონდა!.. 10 წლის შემდეგ, ჩვენს ეზოს ვიღაც უცნობი მამაკაცი მოადგა. ქალბატონ მანანას ვეძებო, - უთქვამს და მეზობლებმაც მოიყვანეს ჩემთან. ვერ ვიცანი, ის კი ისე მიყურებდა, თითქოს ჩემგან მოითხოვდა, რომ ახლობელივით მიმეღო. რას ვიფიქრებდი, თუ ჩემ წინ სწორედ ის კაცი იდგა, რომელმაც ჩემს ნუკრიას ციხეში ყოფნა შეუმსუბუქა. რომ ვერ ვიცანი, მითხრა: გლახო ვარო. გულში ჩავიკარი, თითქოს დიდი ხნის უნახავ შვილს შევხვდი. არადა, ასაკით ჩემზე უფროსიც კი იყო. თურმე, მილიცია ეძებდა. მიშველიო? - მკითხა. - კაცი ხომ არ მოგიკლავს-მეთქი? - ვკითხე. - არაო, - მიპასუხა და მეც დავიჯერე. არც მოვუტყუებივარ. 2 კვირა ვმალავდი.
- მასწავლებელმა ქალმა ბოროტმოქმედი როგორ შეიფარეთ?
- მასთან ვალში ვიყავი. მან შვილი გადამირჩინა და სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. ცხადია, ეს ამბავი გამჟღავნდა. პოლიცია სახლში მომადგა. პოლიციის უფროსი ჩემი ნაცნობი იყო. მითხრა: ვიცი, რომ თქვენ მალავთ და სანამ ეს ამბავი საქვეყნოდ გამჟღავნებულა, ჯობს, ჩუმად შემოვიდეთ და ავიყვანოთო. - სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს სტუმარს არ გაგატანთ-მეთქი, - შევუტიე. მაგრად ვიკამათეთ. მანაც მითხრა: ხომ არ გავიწყდებათ, პედაგოგი რომ ხართო?.. ბოლოს, სახლში მაინც შემოვიდნენ და ყველა კუთხე-კუნჭული გაჩხრიკეს, მაგრამ გლახო ვერსად იპოვეს. უფროსმა გამომცდელი თვალით შემომხედა: მამალი ქალი კი ხარ, მაგრამ დამნაშავის დამალვისთვის თუ აგიყვანთ, ხვეწნას დაგვიწყებ - ოღონდ გამიშვით და ახლავე გეტყვით, სად იმალებაო. როგორც კი წავიდნენ, მაშინვე გლახოსთან გავიქეცი.
- სად იმალებოდა?
- ორმეტრიანი კაცი არყის გამოსახდელ ქვაბში ჩამძვრალა და ისე მოკუნტულა, რომ ვერ იპოვეს... რადგან ერთხელ მოვიდნენ, თავს აღარ დაგანებებენო, - თქვა და წავიდა... შვილის გამო ქალები მსხვერპლზე ყოველთვის მივდივართ. ახლა ჩემი შვილი მეამაყება. მისთვის ბევრი ვიბრძოლე, ბოლოს, ამაგი დამიფასა. ახლა 3 ვაჟკაცის მამაა, კარგი მეუღლე და საუკეთესო მეგობარია. ყმაწვილკაცობაში კი, სულ სხვანაირი იყო. ერთხელ მეზობლებმა მითხრეს: მანანა, ნუკრიას ტაქსი გაუტაცია, ჩქარა წამოდი, სანამ ის კაცი მილიციას გამოიძახებსო, თურმე, მეზობელი სახლში ტაქსით დაბრუნებულა. ბევრი ბარგი ჰქონია. მძღოლს უთქვამს - მეც მოგეხმარებიო და წუთით მანქანა უმეთვალყურეოდ დაუტოვებია. ეს წუთი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ნუკრიას ტაქსი გაეტაცებინა. მძღოლი ახალგაზრდა კაცი იყო. მუხლებში ჩავუვარდი: განაგრძეთ კითხვა