"ბიჭი რომ არ დაბადებულიყო, მონასტერში უნდა წავსულიყავი... ახლა უფლება არ მაქვს" - დათუნიკა სხირტლაძის მეუღლის ინტერვიუ ტრაგედიის შემდეგ

"ბიჭი რომ არ დაბადებულიყო, მონასტერში უნდა წავსულიყავი... ახლა უფლება არ მაქვს" - დათუნიკა სხირტლაძის მეუღლის ინტერვიუ ტრაგედიის შემდეგ

ცოტა ხნის წინ, მოულოდნელად ყველასთვის საყვარელი ქართველი ხელოვანი, დათუნიკა სხირტლაძე გარდაიცვალა. თუ არსებობს დიდებული სიკვდილი, ეს დიდი ხელოვანისთვის, ალბათ, სწორედ სცენაზე აღსასრული, მაყურებლისგან მიღებული უდიდესი სიყვარულისა და ოვაციის ფონზე შეიძლება იყოს. მაგრამ, სამწუხაროდ, დათუნიკა სხირტლაძის შემთხვევაში, ეს უდროოდ და თან, სწორედ მაშინ მოხდა, როცა ის ოცი წლის ნანატრი შვილის დაბადებას ელოდა. პატარა დავით-თევდორე მამის დაკრძალვის დღეს მოევლინა ქვეყანას.

მზია ჯინჭარაძე (დათუნიკა სხირტლაძის მეუღლე): დავითი ოცი წელი ელოდა შვილის დაბადებით გამოწვეულ ბედნიერებას. მე ეს სიხარული მისთვის მინდოდა. რომ გაიგო, ბიჭი უნდა დაბადებულიყო, შიშმა შეიპყრო: ნეტავ, ჩემი გული თუ გაუძლებს ამ სიხარულსო? ბედნიერებისგან დაფრინავდა და მეც ამით ვიყავი ბედნიერი. შემდეგ სასწაული მოხდა - მამა-შვილმა ადგილები გაცვალეს. მამა წავიდა, პატარა კი ქვეყანას მოევლინა. მისი დაბადების სიხარული და ბედნიერება თავიდან ვერ აღვიქვი, მაგრამ დღეს უკვე მთლიანად მისით ვცხოვრობ და უპირველესად, მინდა, რაჭას ვაჩუქო მეორე დავითი. პატარა ძალიან ჭკვიანია. თითქოს გრძნობს, რომ მამა არ დახვდა ამქვეყნად. ხვდება, რომ დიდი მისია დამეკისრა და თვითონ არ მაწუხებს.

- თქვით, მიკვირს, რომ გარდაცვალების შესახებ წინათგრძნობა არ მქონიაო. რას გულისხმობთ, აქამდე გქონიათ მსგავსი წინათგრძნობა?

- ბოლო დროს, საქმეების გამო, მე ხშირად თბილისში ყოფნა მიწევდა. ის რაჭაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან შორს ვიყავით, რამე თუ დაემართებოდა, მაშინვე ვგრძნობდი. გაკვირვებული იყო ხოლმე, ღამე რომ გაჭირვებია და არ უთქვამს, მე დილით მოულოდნელად ჩავსულვარ. მე ბოლო დღეებშიც აქ ვიყავი, ბავშვს ცხრა იანვარს ველოდებოდით. დავითი იქ კულტურის ცენტრის დირექტორი იყო, 28-ში კონცერტი ჰქონდა და შემდეგ უნდა ჩამოსულიყო. მაგრამ, სთხოვეს, რომ 30-ში სამთავრობო კონცერტიც ჩაეტარებინა. ვეუბნებოდი: უთხარი, შვილს რომ ელოდები და წამოდი-მეთქი, მაგრამ უარის თქმა არ შეეძლო და დარჩა. ამიტომ, გადავწყვიტე, მე ჩამეკითხა მისთვის, მოულოდნელად. ძალიან უყვარდა, ახალ წელს ბუხარში ცეცხლი რომ გიზგიზებდა და ვიფიქრე, ბუხარში ცეცხლს დავახვედრებდი და ოცწლიანი ლოდინის შემდეგ, პირველად დავლევდით სადღეგრძელოს, როგორც დედა და მამა. რაჭაში რომ ჩავედი, უკვე გვიანი იყო და კონცერტზე მისვლა ვეღარ მოვასწარი. რვის ნახევარზე დამირეკა: მზიკო, ახლა კონცერტს დავამთავრებ და მალე მოვალო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. ერთ საათში დამირეკეს, დავითი ცუდადააო. ვიფიქრე, უბრალოდ, წნევამ აუწია-მეთქი, მაგრამ საავადმყოფოში რომ მივედი, იქ ტრაგედია დამხვდა. მეუბნებიან, რომ სცენაზე გარდაიცვალაო. თუმცა, მე იმ კადრების ნახვა არ შემიძლია. განსაკუთრებით უყვარდა თავისი კუთხე. ნაქერალას რომ გადმოლახავდა, მანქანას გააჩერებდა, მიწას ჰკოცნიდა და ამბობდა: ეჰეჰეი, ჩემო რაჭა, შენ ხარ ჩემი შვეიცარია და საფრანგეთიო.

ბიჭი რომ არ დაბადებულიყო, მე გადაწყვეტილი მქონდა, მონასტერში წავსულიყავი მონაზვნად, მაგრამ ახლა უფლება არ მაქვს ეს გზა ავირჩიო, რადგან პატარა უნდა გავზარდო. დავითის ნაკვალევს, მის სახლ-კარს, ვენახებს, ვერ გავანადგურებ. ამიტომაც მოვითხოვე მისი სამსახური, რომელიც დღეს ვაკანტურია. აქამდე დათუნიკასთან ვიყავი შეუღლებული და დღეს უკვე - რაჭასთან ვარ. ახლა მე უნდა გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც მას უნდოდა.

წლების წინ მოვინდომე ხელოვნური ჩასახვისთვის მიმემართა, მაგრამ ეკლესია წინააღმდეგი წავიდა და ამიტომ თავი შევიკავე. შემდეგ ასაკის გამო ვეღარ გავბედე ამის გაკეთება და საბოლოოდ, სუროგაციის გზას მივმართე. მაგრამ, ჩემს მამაოს არ ვუთხარი, რადგან ვიცოდი, ამიკრძალავდა. მე კი არ მინდოდა, რომ დათუნიკას ჯიში ნაშიერის გარეშე დარჩენილიყო. რაჭიდან ამ საქმისთვის რომ წამოვედი, ღმერთს შევთხოვე: უფალო, თუ ინებებ, ამ კაცის ნაშიერი გაჩნდეს, ხელი შემიწყე, თუ ვცოდავ, ან ფეხი მომტეხე, ან ხელი-მეთქი. უფალი ყველაფერში დამეხმარა და ბიჭი გვაჩუქა, საუბედუროდ, ამას მამამისი ვერ მოესწრო.

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრება გააცამტვერებს პუტინის გეგმებს" - რას წერს ამერიკელი სენატორი?

"ელფერებით არ უნდა ვილაპარაკოთ, გრეის 50 ელფერი, თუ 100 ელფერი - კინოში არ ვართ, ვართ პოლიტიკაში" - არჩილ თალაკვაძე