"შვილების გამო საყვარელ ადამიანს ვტანჯავ..."
უცნობი:
"მყავს მეუღლე და შვილები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ქმრის გვერდით ერთი დღეც არ ვყოფილვარ ბედნიერი. შეყვარებული ვერ ვამჩნევდი და თურმე, ლოთი ყოფილა. სვამს და მერე უმიზეზოდ მცემს, ასე იყო მაშინაც, როცა ფეხმძიმედ ვიყავი. თუმცა, ყველაფერს ვითმენდი იმის გამო, რომ მიყვარდა. თანაც, როცა გამოფხიზლდება, ბოდიშს მიხდის, მაგრამ ამას რა აზრი აქვს? სიყვარულით შექმნილი ოჯახი თავზე დამენგრა...
ერთ დღეს მივხვდი, რომ სხვა შემიყვარდა. მასაც ჰყავდა ცოლი და 2 შვილი. ჩუმ-ჩუმად ვხვდებოდით. სიყვარულს მეფიცებოდა. მეუბნებოდა, რომ მზად იყო, ჩემ გამო ოჯახი დაენგრია. მიყვარდა, მაგრამ გარისკვის შემეშინდა. შემეშინდა, რომ ამ ნაბიჯის გამო ქმართან ერთად, შვილებსაც დავკარგავდი. თუმცა, ღალატი მაინც გავბედე. დღემდე, ჩუმად ვხვდებით ერთმანეთს და ერთად გატარებული წუთები გვაბედნიერებს. თანაც, მასწავლა, რომ არავის, ქმარსაც კი არ უნდა დავემორჩილო. მასწავლა გზები, თუ როგორ მოვქცეულიყავი, რომ ქმარს ღვინისკენ გახედვაც აღარ მონდომებოდა. ერთხელაც, როცა ცუდად გახდა (გული აწუხებს), მის ექიმს მოველაპარაკე და შეაშინა. უთხრა, რაღაც ისეთი ნემსი გაგიკეთე, რომ 6 თვის განმავლობაში სასმელს ვერ გაეკარები, სუნამოც კი არ იპკურო, თორემ შეიძლება გაიგუდოო. ჰოდა, დავისვენე.
შემდეგ რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად მაქვს. მეშინია მხოლოდ იმის, ჩემი შვილები რომ დაიზრდებიან, მათ ვინმემ რამე არ უთხრას. მართალია, მაქსიმალურ სიფრთხილეს ვიჩენ და ჩვენზე ჭორიც კი არ გავრცელებულა, თუმცა ისიც ვიცი, რომ ეშმაკს არ სძინავს. ჰოდა, შვილების გამო ვტანჯავ ადამიანს, რომელიც ასე მიყვარს და მეც ძალიან ვიტანჯები. არ ვიცი, რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე?.."
"საყვარელი მყავს..."
უცნაური ქალი:
"გამარჯობა. მინდა, ჩემს ამბავს მოგიყვეთ. სულ ვცდილობ დავწერო, რაც თავს გადამხდა, მაგრამ ვიცი, საინტერესოდ ვერ დავწერ. სოფელში დავიბადე და გავიზარდე. გარეგნულად დიდი არაფერი გოგო ვყოფილვარ, მაგრამ არც მახინჯი და შეუხედავი გახლდით. მესამე კურსზე ვსწავლობდი, როცა გავთხოვდი. მეგონა, სიყვარულით გავყევი, მაგრამ როგორც ხდება, შევცდი. მოგვიანებით მივხვდი, რომ უცებ ავცანცარდი და ეს სულელური ნაბიჯი გადავდგი. შვილიც შემეძინა, რომელიც ახლა 4 წლის ხდება. თავიდან თითქოს, ნორმალურად მიდიოდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაც მაკლდა. მაგრამ რა იყო ეს რაღაც, ვერ ვხვდებოდი და ერთხელაც, სრულიად შემთხვევით, სოფლიდან მომავალმა გზაზე გავიცანი ჩემზე 14 წლით უფროსი მამაკაცი... მთელი გზა ვსაუბრობდით: ოჯახზე, შვილებზე, ურთიერთობებზე.
განშორებისას მითხრა, - ჩემი ნომერი ჩაიწერე და თუ დაგჭირდები, შემეხმიანე ხოლმეო. ციფრების აკრების შემდეგ, ვითომ შემთხვევით მასთან დავრეკე და იმანაც მოახერხა ჩემი მობილურის ნომრის დამახსოვრება. ორი კვირის შემდეგ დამირეკა. სამსახურში ვიყავი და ვერ ველაპარაკე თავისუფლად. ორი დღის მერე კი თავად მივწერე, მოვიკითხე. ერთ წვიმიან დღეს შევხვდი, გავისეირნეთ. მერე მეორედ ვნახე, მესამედაც და... ის ჩემი საყვარელი გახდა. მეგონა, მის გარეშე სიცოცხლე აღარ შემეძლო, სულ მენატრებოდა. ის დიდი ყურადღებითა და მზრუნველობით არ გამოირჩეოდა. მესამე ცოლი და 4 შვილი ჰყავდა, მაგრამ მისი ასეთი მდგომარეობაც კი მაკმაყოფილებდა. ერთ დღეს გავიგე, რომ ორსულად ვიყავი მისგან...
დავურეკე და ვუთხარი, რამდენიმე დღის შემდეგ მნახა და მითხრა: თუ ჩემთან ყოფნა გინდა, მუცელი უნდა მოიშოროო. უარი ვუთხარი. - მაშინ თავად გაზარდე ეს ბავშვი და შენი დანახვაც აღარ მინდაო, - გამომიცხადა... წავიდა... დავრჩი იმედგაცრუებული... ჩემს ქმარს გაუხარდა, როცა გაიგო, რომ შვილი გვეყოლებოდა...
ისე გავიდა ორსულობის 7 თვე, ერთხელაც არ გავხსენებივარ და არ მოუკითხავს თავისი მუცლადმყოფი შვილი. სულ ნერვიულობასა და ტირილში გავატარე ეს 7 თვე. მოულოდნელად ამტკივდა მუცელი, სამშობიაროში წავედით და... ჩემი გოგონა გარდაიცვალა, ვერ გადავარჩინეთ. სიკვდილი მერჩივნა ამას. ის გოგონა, რომელსაც 7 თვე ვეფერებოდი, საოცრად ძვირფასი იყო ჩემთვის, მაგრამ მშობლების ცოდვას შეეწირა.