როგორ უნდა შეაყვაროთ ბავშვს სასკოლო გარემო - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

როგორ უნდა შეაყვაროთ ბავშვს სასკოლო გარემო - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

ბავშვის აღზრდაში ოჯახთან ერთად სკოლას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. ფსიქოლოგების მოსაზრებით, სკოლა არ არის მხოლოდ განათლების მიღების ადგილი, არამედ ეს არის სამყარო, სადაც ბავშვი ყალიბდება და დიდი სოციალური გარემოს წევრობისთვის ემზადება. ამ გზაზე მას ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს, რაშიც როგორც ოჯახის, ასევე სკოლის დახმარება სჭირდება. მოსწავლეს სკოლისადმი ინტერესი სხვადასხვა მიზეზის გამო ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაუქრეს.

რა დაბრკოლებებს აწყდებიან და როგორ შეიძლება დავეხმაროთ ბავშვებს სასკოლო განათლების მიღების გზაზე შექმნილი სირთულეებისას? - ამ თემებზე AMBEBI.GE წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ფსიქოლოგს, ნათია კანდელაკს ესაუბრა:

- ქალბატონო ნათია, სანამ კონკრეტულ რეკომენდაციებზე ვისაუბრებდეთ, ალბათ, უმჯობესია თავდაპირველად პრობლემები გამოვკვეთოთ. ძირითადად, რა არის ის დამაბრკოლებელი ფაქტორები, რის გამოც შეიძლება ბავშვს სკოლაში მისვლა არ უნდოდეს და არ უხაროდეს?

- სკოლისთვის სამზადისი ყველა ოჯახში განსაკუთრებულ ემოციებს უკავშირდება. მშობლები, რომლებსაც შვილი პირველად მიჰყავთ სკოლაში, დიდი ხნით ადრე იწყებენ სამზადისს, არჩევენ სკოლას, იძენენ ფერადოვან და საინტერესო სასკოლო ნივთებს, ხშირად ესაუბრებიან შვილებს, რომ სასკოლო განწყობა შეუქმნან. ამიტომაც თავდაპირველად ბავშვებს სკოლაში წასვლა უხარიათ. ცხადია, ამ დროს არ აქვთ გაცნობიერებული სკოლის ძირითადი ფუნქცია. ახალ გარემოში ჩნდება ახალი ამოცანები, მოვალეობები, მის ირგვლივ ჩნდებიან ახალი ადამიანები. ოჯახის შემდეგ ჩნდება მნიშვნელოვანი შემფასებელი - მასწავლებელი. ამგვარ სიახლეებთან ადაპტაციის პროცესს მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი წარმატებით გაივლის, თუმცა გარკვეულ ნაწილს შესაძლოა სირთულეები შეექმნას, რასაც ფსიქოლოგები სასკოლო კრიზისს ვუწოდებთ. ხშირ შემთხვევაში, უფროსებისთვის ეს შეუმჩნეველი ხდება. ამდენად სკოლისთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო საკითხია, როგორ გაივლიან ამ ეტაპს მოსწავლეები.

თუ მოსწავლეს სკოლაში სასიამოვნო, თბილი, მოწესრიგებული გარემო და ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატი დახვდება, ეს პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის. ცხადია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მშობლის როლიც. ისინი ეძებენ და ნდობას უცხადებენ იმ გარემოს, სადაც მათ შვილს ხარისხიან განათლებას მისცემენ, ჯანსაღ, გონიერ და შემოქმედებით პიროვნებად ჩამოაყალიბებენ. ეს არის ყველა მშობლის სურვილი. როცა მშობელს სკოლისადმი ნდობა უჩნდება, მისი განწყობა ბავშვზეც გადადის. შესაბამისად მშობელმა უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ მისი ნეგატიური დამოკიდებულება სკოლის, პედაგოგის, გარემოს მიმართ აუცილებლად გადაედება ბავშვს, რაც აისახება მის განწყობაზე და აკადემიურ მოსწრებაზე. ამიტომ მშობელმა თავი უნდა აარიდოს ბავშვის თანდასწრებით კრიტიკულ შეფასებას.

- ბავშვის წინაშე ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია. თქვენ უკვე ისაუბრეთ მშობლის როლზე და მათ რჩევებიც მიეცით. რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება სკოლამ, რომ მოსწავლემ სირთულეების დაძლევა მოახერხოს?

- მნიშვნელოვანია, პირველ რიგში მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება: მოსწავლის წახალისება, მისი მიღწევების, თუ მცდელობების აღიარება, მეგობრული და ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნა. მოკლედ რომ ვთქვათ, მოსწავლისათვის სკოლა ნელ-ნელა საყვარელ ადგილად უნდა გადაიქცეს, სადაც მას მიუხარია, სადაც იგი უყვართ, პატივს სცემენ, ასწავლიან, ეთამაშებიან და ა.შ. მნიშვნელოვანია, ბავშვს არ მოაკლდეს პედაგოგებისგან სითბო, სიყვარული, ყურადღება, რადგან მათი დეფიციტი არაცნობიერში ილექება და მოზრდილ ასაკში არასასურველ შედეგს ვიღებთ. კერძო სკოლას აქვს მცირერიცხოვანი კლასების ფუფუნება, აქედან გამომდინარე, პედაგოგებს შესაძლებლობა აქვთ გაითვალისწინონ მოსწავლის ინივიდუალური თავისებურებები და ფსიქოლოგის დახმარებით იზრუნონ თითოეული მოსწავლის განვითარებაზე.

- ალბათ, უკეთესი შედეგის მისაღწევად და მოსწავლის გახალისების მიზნით, მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის მრავალფეროვნება, საინტერესო აქტივობები, რაც ბავშვს არ შეუქმნის განცდას, რომ სკოლაში სიარული მისთვის რუტინაა.

- ბავშვის დღის რეჟიმი ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ მოსწავლე არ გადაიღალოს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ცხრილიც. ძირითადი და არაძირითადი გაკვეთილები ისე უნდა ენაცვლებოდეს ერთმანეთს, რომ მოსწავლეებს აქტიური გონებრივი დატვირთვის შემდეგ ფიზიკურად და სულიერად განმუხტვისა და გადახალისების შესაძლებლობა ჰქონდეთ. სწორედ ასეთი ცხრილი ხვდებათ მოსწავლეებს ჩვენს სკოლაში. ძირითადი გაკვეთილების შემდეგ, ბავშვები ისვენებენ, ეზოში ერთობიან და მხოლოდ ამის შემდეგ აგრძელებენ მეცადინეობას დღის მეორე ნახევარში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ გაკვეთილს პედაგოგები გეგმავენ მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ისინი კარგად იცნობენ როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე მეთოდოლოგიას, მიდგომებს და, ცხადია, იყენებ სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს. ამ მხრივ მეც აქტიურად ვთანამშრომლობ მათთან. გარდა ამისა, სკოლაში ხშირად გვაქვს კლასგარეშე აქტივობები, პროექტები, ღონისძიებები, გასვლითი გაკვეთილები თუ ექსკურსიები, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მოსწავლეთა ცხოვრებას და ვფიქრობ, ყოველივე ეს გვეხმარება იმაში, რომ ბავშვებს სკოლაში მოუხაროდეთ.

- ზოგადად, ურთიერთობებში პირველი კონტაქტის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. სკოლაზე პირველი შთაბეჭდილება მოსწავლეს შესაძლოა, ცხოვრების ბოლომდე გაჰყვეს. რა არის გასათვალისწინებელი საგანმანათლებლო დაწესებულებასთან პირველი შეხებისას, გარდა მშობლის განწყობისა, რაზეც თქვენ უკვე ვრცლად ისაუბრეთ?

- პირველი შთაბეჭდილება მართლაც განმსაზღვრელია, რამდენად სწორი დამოკიდებულება და განწყობა ჩამოუყალიბდება ბავშვს ახალ გარემოსთან. განწყობა არის ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობა, რის გარეშეც ადამიანს გაუჭირდებოდა ნებისმიერი საქმიანობის შესრულება. დიმიტრი უზნაძის მიხედვით, ყველა ქცევას აუცილებლად წინ უსწრებს განწყობის აღმოცენება, იმისთვის, რომ აღმოცენდეს ქცევა და შესაბამისად ამ ქცევის ადეკვატური განწყობა, საჭიროა არსებობდეს მოთხოვნილება და სიტუაცია, რომელიც მოიცავს ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების ფაქტორებს. აქედან გამომდინარე, სწავლისადმი განწყობის შექმნას განაპირობებს პირველ რიგში პიროვნული მზაობა და შემდგომ, მისთვის შესატყვისი განვითარების გარემო. ამ ფაქტორების ურთირთქმედებით წარმოიქმნება სურვილი ახალი საქმიანობის შესასრულებლად.

მოსწავლეს სკოლასთან პირველი შეხება წინა სასკოლო მზაობის ტესტის დროს აქვს. შესაბამისად, ტესტირებისთვის საგანგებოდ ვემზადები, სახალისო აქტივობებით ვხვდები, ვათვალიერებინებ სკოლას, ვუქმნი პოზიტიურ განწყობას.

შემდეგი ეტაპი უკვე არის პირველი სასწავლო დღე, რომლისთვისაც ასევე განსაკუთრებით ემზადება სკოლაც და თითოეული პედაგოგი. ვცდილობთ შევქმნათ ლამაზი და მიმზიდველი გარემო, მოვამზადოთ სახალისო, საინტერესო აქტივობები იმისათვის, რომ პირველი დღე სკოლაში მოსწავლეებისათვის განსაკუთრებული და შთამბეჭდავი აღმოჩნდეს.

- თქვენ სკოლის ფსიქოლოგი ბრძანდებით, ძირითადად, რაში სჭირდებათ მოსწავლეებს თქვენი დახმარება და როგორ ახერხებთ ამას?

- პირველკლასელებსა და ახლადგადმოსულ მოსწავლეებს ადაპტაციის პროცესში ვუწყობ ხელს. დაწყებით საფეხურზე ვატარებ პირველადი ინტელექტის კვლევის ტესტს, სასწავლო უნარ-ჩვევების დიაგნოსტირებას ვახდენ და თუ რომელიმე უნარი ასაკის შესაბამისად არ არის განვითარებული, საკორექციო-განმავითარებელ მუშაობას ვახორციელებ ინდივიდუალურად.

მოსწავლეებს ვეხმარები ფსიქოლოგიური, ქცევითი, საგანმანათლებლო თუ ემოციური პრობლემების გადაჭრაში. მაქვს ინდივიდუალური შეხვედრები უფროსკლასელებთან. ყოველთვის მზად ვარ მოვუსმინო და დავეხმარო მათ. გარდა ამისა, ვცდილობ მოსწავლეებს პროფესიული არჩევანის გაკეთებისა და გააზრების საკითხშიც შევუწყო ხელი. სურვილის მიხედვით ვატარებ პროფესიულ ორიენტაციასთან დაკავშირებულ ტესტირებას და ინდივიდუალურად განვიხილავ თითოეულ მოსწავლესთან ერთად მათ შედეგებს.

- ერთ-ერთი სირთულე, რომლის დაძლევაც ბავშვს უწევს, საშინაო დავალებებთან გამკლავებაა. ხშირად არის აზრთა სხვადასხვაობა - უნდა დაეხმაროს თუ არა მშობელი შვილს მეცადინეობისას? ამ საკითხზე ბევრს დაობენ, თუმცა სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ყველა თანხმდება. როგორია ამ მხრივ თქვენი რეკომენდაცია?

- ჩვენს სკოლაში პირველ-მეორე კლასებში დღის მეორე ნახევარში საშინაო დავალების ძირითად ნაწილს ადგილზე ასრულებენ მოსწავლეები. მხოლოდ გარკვეული პერიოდულობით მიაქვთ შინ სიმბოლური ხასიათის დავალებები. იმისთვის, რომ ნელ-ნელა განუვითარდეთ პასუხისმგებლობისა და დავალების შინ დამოუკიდებლად შესრულების უნარები. ამ შემთხვევაში მშობლებს ვურჩევთ ხოლმე არ ჩაერიონ დავალების შესრულების პროცესში, მიანდონ მოსწავლეს და არ ჩაუსწორონ, თუნდაც შეცდომით შესრულებული დავალება. მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს, აძლევს მათ კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს. მომდევნო კლასებში შესასრულებელი დავალებების მოცულობა ნელ-ნელა იზრდება და ასე თანდათანობით ვცდილობთ მივაჩვიოთ მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობას, განვუვითაროთ პასუხისმგებლობის გრძნობა. თუმცა, ცხადია, ეს არ გამორიცხავს მშობელთა ჩართულობას. სკოლას მშობლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს. მათ მიეწოდებათ ინფორმაცია მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით, მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე. საჭიროების შემთხვევაში აქტიურად რთავს მშობელს.

- ბოლო წლების განმავლობაში სკოლა მხოლოდ კონკრეტული საგნების სასწავლებელი აღარ არის და კერძო სკოლები მოსწავლეებს სხვადასხვა სახის აქტივობას სთავაზობენ. რამდენად მნიშვენლოივანია სხვადასხვა წრის კომპლექსურად ერთ სივრცეში გაერთიანება, რა დადებითი გავლენა შეიძლება ამან მოსწავლეზე იქონიოს?

- ჩვენთან 09:00-დან 16:30 საათამდე მოსწავლეებს საგაკვეთილო ცხრილით განსაზღვრული აქვთ როგორც ძირითადი საგნები, ისე ხელოვნებისა და სპორტის კათედრის მიერ შემოთავაზებული არაერთი დამატებითი საგანი, როგორიცაა: ცეკვა, კერამიკა, ჭადრაკი და ა.შ. ამ საგნების შესწავლა ხელს უწობს მოსწავლეებს განვითარდნენ არა მხოლოდ ინტელექტუალურად, არამედ სულიერად და ფიზიკურად.

ანა მარშანია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი