ქართველი მომღერლები სამთავრობო კონცერტებზე, ჰონორარებსა და სხვა შემოსავლებზე

ქართველი მომღერლები სამთავრობო კონცერტებზე, ჰონორარებსა და სხვა შემოსავლებზე

მრავალი ქართველი მომღერალი იძულებულია, სიმღერის პარალელურად, სხვა საქმიანობითაც იყოს დაკავებული, რადგან სიმღერიდან მიღებული შემოსავალი საკმარისი არ არის, მით უფრო მაშინ, როცა კონცერტების რაოდენობა სულ უფრო მცირდება. AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, როდის უფრო მაღალი იყო მომღერლის ჰონორარი - მაშინ, როცა წინა მთავრობა იყო ხელისუფლებაში თუ ახლა?

თაკო გაჩეჩილაძე

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ბავშვობიდან პოპულარულია, ის ე.წ. დაბლოკილ მომღერალთა სიაში არცერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა და ამასთან დაკავშირებით არც პოლიტიკური განცხადებები გაუკეთებია. ის უბრალოდ, თავის საქმეს აკეთებს და შესაბამისად, სამთავრობო კონცერტების სტუმარიც სისტემატიურად არის.

"ღონისძიებებზე ხშირად მიწვევენ, როგორც სახელმწიფო, ასევე, კორპორატიულ და კლუბურ საღამოებზე. ანაზღაურებას რაც შეეხება, თუ ლარში დავითვლით, გაიზარდა ჰონორარი, მაგრამ მოგეხსენებათ, როგორ გაძვირდა დოლარი და ფასები... რაც შეეხება სამთავრობო კონცერტებს, რა თანხას მიხდის თუნდაც მერია, მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობის სანაცვლოდ, ეს ჯობია მერიას ჰკითხოთ. მე ამის თქმის უფლება არ მაქვს", - განუცხადა თაკო გაჩეჩილაძემ AMBEBI.GE-ს.

ანრი ჯოხაძე

ანრი ჯოხაძე გარდა იმისა, რომ ნებისმიერი ღონისძიების სასურველი სტუმარია, ხალხის დიდი სიყვარულითაც სარგებლობს. პირდაპირი და ეპატაჟური ადამიანია, შესაბამისად არც პოლიტიკური მოსაზრებების დაფიქსირებისგან ცდილობს თავის შეკავებას. ზაფხულში ანრიმ ბათუმში კონცერტი ჩაატარა, რისთვისაც ბანკიდან სესხის აღება მოუხდა, მაგრამ ვალები უკვე დაფარა და მელომანებს დაუვიწყარი საღამოც აჩუქა. აღსანიშნავია, რომ ანრი ჯოხაძის ძირითადი შემოსავლის წყარო სიმღერაა, რისთვისაც ის დაუზარებლად შრომობს.

"ხშირად მაქვს კონცერტები, როგორც კორპორატიული წვეულებები, ასევე ემიგრანტებთან მიწვევენ ხშირად და სამთავრობო კონცერტებზეც ვმღერი. კორპორატიულ წვეულებაზე უფრო მაღალ ჰონორარს ვიღებ, ვიდრე მაგალითად, საზღვარგარეთ ემიგრანტებისთვის გამართულ კონცერტზე. სამთავრობო ღონისძიებებს რაც შეეხება, რეგიონებში ახლა უფრო დიდი ანაზღაურებაა, ვიდრე ადრე. თუ შევადარებთ, როდის უფრო დიდი იყო ჰონორარი, ვიტყვი, რომ იმ ფულს უფრო მეტი ხარისხი ჰქონდა, რადგან ახლა დოლარი ძალიან გაძვირდა", - განაცხადა ჩვენთან საუბარში ანრი ჯოხაძემ.

თიკა ჯამბურია

თიკა ჯამბურია ერთ-ერთი რეიტინგული შემსრულებელია და კონცერტებზეც ხშირად იწვევენ.  მიუხედავად იმისა, რომ თიკა სახალხოდ უჭერდა მხარს "ქართულ ოცნებას", სამთავრობო კონცერტებზე იშვიათად მღერის.

"სახელმწიფო კონცერტები თითქმის არ მაქვს. ერთ-ერთ კომპანიასთან ვთანამშრომლობ და ბიგ-მამასთან ერთად ვმღერი სხვადასხვა ღონისძიებებზე. რაც შეეხება ანაზღაურებას, ძველ და ახალ ანაზღაურებას შორის დიდი განსხვავება არ არის, თითქმის ერთნაირად იხდიან. კორპორატიულზე დიდი ანაზღაურებაა, რამდენიმე ათას ლარზეა საუბარი, თუ რომელიმე დღესასწაულთან დაკავშირებულ კონცერტზე მღერი, ნორმალური ანაზღაურებაა, მაგრამ თუ სისტემატიურად გიწევს სიმღერა სხვადასხვა კლუბში, მაშინ დაბალი ანაზღაურებაა", - განგვიცხადა თიკამ.

ნინა წკრიალაშვილი

ნინა წკრიალაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო და, შესაბამისად, სამთავრობო ღონისძიებების ხშირი სტუმარიც გახლდათ. ნინა ღონისძიებებზე ბოლო წლებში იშვიათად ჩანს, ის ე.წ. დაბლოკილ მომღერალთა სიაში მოხვდა, მაგრამ ამას არ განიცდის. ის ტელეწამყვანი გახდა და საკუთარ ბიზნესს მართავს. მისი შემოსავლის წყაროც ეს საქმეა.

"ბოლო წლებში კონცერტები შემცირდა, ანაზღაურებაც შემცირდა. მე კლუბებში სიმღერა მეზარება და როცა რესტორნებიდან მიკავშირდებიან, უარს ვამბობ კონცერტებზე. წინა ხელისუფლების დროს ყველას განსხვავებულად გვიხდიდნენ ჰონორარს, მაგრამ კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან არასწორად მიმაჩნია", - განგვიცხადა მომღერალმა.

სოფო ბედია

სოფო ბედია დღეს ყველაზე რეიტინგულ მომღერლად ითვლება, შესაბამისად, ღონისძიებებზეც ხშირად იწვევენ.

"წინა მთავრობის დროს გრანდიოზულ ღონისძიებებზე არ მეძახდნენ, ახლა მოიმატა ჩემი კონცერტების რაოდენობამ. თავადაც აქტიურად ვარ ჩართული კონცერტების ორგანიზებაში და ალბათ ჩემი გააქტიურების დამსახურებაც არის ყველაფერი. მთავარი არის ნიჭი და ხალხს უყვარდეს მომღერალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყირაზეც რომ დადგე, არაფერი გამოგივა. ღმერთს მადლობა ამ ყველაფრისთვის. რაც შეეხება სამთავრობო კონცერტებს, გრანდიოზულ ჰონორარებს არავინ იხდის, რომც არ გადამიხადონ სამთავრობო კონცერტებზე ჰონორარი, მაინც ვიმღერებ, რადგან ჩემთვის ეს პრესტიჟია. საზღვარგარეთ თუ მაქვს კონცერტი, იქ ყველაზე მაღალ ჰონორარს ვიღებ, კონცერტების პარალელურად, მე რესტორანში ვმუშაობ, მაქვს ჩემი პროგრამა და კარგი ხელფასი, რომელიც მყოფნის კრედიტების გადასახდელად და სხვადასხვა ფუფუნებისთვის", - განაცხადა ჩვენთან საუბარში სოფო ბედიამ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ჰარისა და მეგანის დაცვის ხარჯებმა კანადელები აღაშფოთა - "რატომ ფინანსდებიან უმდიდრესი ოჯახის წევრები ჩვენი ფულით?!"

სახლი "მილიონერების რაიონში", საკუთარი რესტორანი და კოსმეტიკური ბრენდი - როგორ ცხოვრობს თინა კანდელაკი

ქართველი ვარსკვლავები, რომლებმაც ორსულობისას შიშვლად იპოზიორეს