მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების ფონდიდან 6 000 ლარი გადაურიცხა სტუდენტს, რომლის ოჯახი სოციალურად დაუცველი არ არის - "ნაცმოძრაობა"

 მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების ფონდიდან 6 000 ლარი გადაურიცხა სტუდენტს, რომლის ოჯახი სოციალურად დაუცველი არ არის - "ნაცმოძრაობა"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები თორნიკე ბიკაშვილი და ირაკლი ნადირაძე თბილისის მერს 2016 წლის 12 იანვარს "სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის" ფარგლებში გადარიცხული 6 000 ლარის გამო აკრიტიკებენ და კორუფციაში ადანაშაულებენ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა თბილისის მერიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სტუდენტის ოჯახი, რომელსაც მერიამ თანხა გადაურიცხა, არასდროს ყოფილა სოციალურად დაუცველი.

თორნიკე ბიკაშვილის განცხადებით, სტუდენტის დედა მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თავად სტუდენტი კი სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელია.

"მიუხედავად დავით ნარმანიას რეპუტაციისა, მისი მიდრეკილებისა კორუფციასა და თანხების არამიზნობივად ხარჯვასთან დაკავშირებით, პროკურორის შვილის დაფინანსების შემდეგ ალბათ არავინ ელოდა, რომ მერიის სარეზერვო ფონდს იგი კვლავ გამოიყენებდა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. 2016 წლის 12 იანვარს, მერიის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხულია 6 000 ლარი თითქოს და სოციალურად დაუცველი სტუდენტის სწავლის საფასურის დასაფარად, რომლის მშობელიც მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თავად სტუდენტი კი როგორც მისი "ფეისბუქიდან" ირკვევა, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელია" - განაცხადა თორნიკე ბიკაშვილმა.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით კი, დავით ნარმანიას თბილისის ბიუჯეტი ჰგონია "საკუთარი ჯიბის ფული", რის გამოც შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

"სამწუხაროდ, დავით ნარმანიამ დღემდე ვერ გაიგო, რომ არ შეიძლება თანხები ფლანგო მხოლოდ იმიტომ, რომ ასიამოვნო ბიძინა ივანიშვილს და მხოლოდ იმიტომ, რომ გაამდიდრო კვლავ და კვლავ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები. სამწუხარო რეალობა გვაქვს, როცა ერთი მხრივ, უარს ეუბნებიან სოციალურად დაუცველ ადამიანებს ელემენტარული მედიკამენტების შეძენაზე, ოპერაციების დაფინანსებაზე, მრავალ ათას სტუდენტს, რომელსაც სტატუსი აქვს შეჩერებული უარს ეუბნებიან დახმარებაზე და ამ დროს, მეორე მხრივ, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია თანხა სტუდენტისთვის თითქოს, ის არის სოციალურად დაუცველი. სინამდვილეში კი ამ სტუდენტის ოჯახი არასდროსდ არ ყოფილა სოციალურად დაუცველი", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

იხილეთ ვიდეო

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. 2016 წლის თებერვალში, თბილისის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის, ლეონიდ გერგედავას შვილს პარიზში სწავლის მიზნით, ცხოვრების ხარჯები დაუფინანსა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებდა, შესაბამისი ბრძანება თბილისის მერის, დავით ნარმანიას სახელზე გამოიცა. ბრძანების მიხედვით, სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან გამოიყო 5 400 ლარი ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელის შვილის სწავლის ხარჯებისთვის (პროკურორის შვილის დაფინანსებაზე წაიკითხეთ ვრცლად აქ)

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."