ძველი თაობის "პაეზდკები", მენტალიტეტი და ახალი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის - დავით ზურაბიშვილი ვიზალიბერალიზაციაზე

ძველი თაობის "პაეზდკები", მენტალიტეტი და ახალი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის - დავით ზურაბიშვილი ვიზალიბერალიზაციაზე

"რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ეხმაურება:

"ჩემი თაობის ახალგაზრდობა ყოველ ზაფხულს მინიმუმ ერთ-ორი კვირით მაინც მიდიოდა ე. წ. პაეზდკაში. ძირითადად შავი ზღვის სანაპიროზე, აფხაზეთში, ან სოჩაში ანუ სოჭში და მის შემოგარენში (ხოსტა, კუდეფსტა), ან, უფრო იშვიათად, აჭარაში, ანდა "პრიბალტიკაში" (ლიტვა, ლატვია ესტონეთი), ან სულაც მოსკოვში ან ლენინგრადში (პეტერბურგში). მიდიოდა პრაქტიკულად ყველა, მიუხედავად მისი მატერიალური შესაძლებლობებისა. რა გაჭირვებულიც არ უნდა ვყოფილიყავით, ორას-სამას მანეთს მაინც ვაგროვებდით საიმისოდ, რომ ცოტა ხნით მაინც გავარდნილიყავით საოცნებო პაეზდკაში.

თავისთავად ქართველი ახალგაზრდების თავგადასავლები ამ პაეზდკებში ცალკე თემაა თავისი მითოლოგიით, ლეგენდებით და რეალობებით, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ამან ძალიან სერიოზული კვალი დააჩნია ჩვენს მენტალიტეტს, ჩვენს მსოფლაღქმას და ეს იყო სერიოზული განსწავლის წლები ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვების თვალსაზრისით.

ჰოდა, რისი თქმა მინდა ახლა: ვიზალიბერალიზაცია არ არის მაღალჩინოსნებისთვის და მდიდრებისთვის. მათ არც აქამდე ჰქონდათ საზღვარგარეთ სიარულის პრობლემა. ვიზალიბერალიზაცია პირველ რიგში კარს ხსნის სწორედ ახალგაზრდა თაობისთვის და ხსნის სწორედ რომ ყველასთვის. როგორც ჩვენ ვნახულობდით საშუალებას ყოველ წელს ზაფხულში (ან თუ შანსი გვქონდა სხვა დროსაც) დასვენებისთვის, ისე ეს თაობაც ივლის. ოღონდ მათი სამოგზაურო არეალი იქნება შეუდარებლად ფართო და მრავალფეროვანი, რადგან ეს თაობა ივლის იქ, სადაც ჩასვლაზე ჩვენ ოცნებასაც ვერ ვბედავდით და მთვარეზე და მარსზე უფრო იოლად გვიჩნდა გამგზავრება, ვიდრე პარიზში, რომში ან ბარსელონაში.

და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს თავისუფალი მიმოსვლა ისეთივე ღრმა კვალს დააჩნევს ამ თაობის მენტალიტეტს, ისეთივე სერიოზული განსწავლის წლები იქნება ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვების თვალსაზრისით, როგორც ჩვენი თაობისთვის იყო ჩვენი პაეზდკები. კერძოდ, ეს იქნება ყველაზე ეფექტური ვაქცინა იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი თაობები ასე თუ ისე აიცრას იმ ათასგვარ ბრიყვულ ფობიებზე, რუდიმენტულ კომპლექსებზე და კულტურულ შიშებზე, რაც ბოლო ოცდახუთი წელია გვაფერხებს განვითარებაში და დაუსრულებლად გვატრიალებს პოსტსაბჭოთა გარდამავლობის მორევში.

შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტი ვარ, მაგრამ მჯერა, რომ ასე იქნება. იქნება იმიტომ, რომ საერთოდ ადამიანს ეშინია იმის, რაც უცხოა და არ იცის და არა იმის, რასაც ხედავს და იცნობს. როცა ევროპული კულტურა ხდება შენი სამოგზაურო სივრცის ჩვეულებრივი ნაწილი, როცა ქართველი ახალგაზრდა მასობრივ დონეზე ხედავს, რომ ევროპელიც ისეთივე ადამიანია როგორც ის, რომ იქაც ისევე უყვართ, უხარიათ, შიშობენ და ღელავენ როგორც აქ, ეს ყველაზე მჭვერმეტყველურ პროპაგანდაზე უფრო ეფექტურად მოქმედებს. გავა წლები, გავა არც ისე დიდი დრო და ყველანი ვიგრძნობთ განსხვავებას. თან, არცთუ მცირეოდენს.

ამიტომაცაა ვიზალიბერალიზაცია ძალიან მაგარი. ჯერ რომ არ ვიცით ისეთი მაგარიც კი".

წაიკითხეთ ასევე: რა ხდებოდა "ფეისბუქზე" მას შემდეგ, რაც ევროპასთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს