შსს-ს პასუხი ვაკეში მომხდარ ინციდენტზე - რა მიზეზით დააკავეს ახალგაზრდა, რომელიც ორსულს გამოესარჩლა

შსს-ს პასუხი ვაკეში მომხდარ ინციდენტზე - რა მიზეზით დააკავეს ახალგაზრდა, რომელიც ორსულს გამოესარჩლა

ახალგაზრდა, რომელიც ვაკეში მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციამ დააკავა, გაათავისუფლეს. ამის შესახებ Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შესაბამისი ფაქტებით არის დადასტურებული.

"მომხდართან დაკავშირებით უკვე იმსჯელა სასამართლომ და აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. რაც შეეხება ადგილზე საპატრულო პოლიციის მოქმედებას, ამაზე გენერალურ ინსპექციას შესწავლა დაწყებული აქვს", - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო ფეისბუქ-მომხმარებელმა გიორგი მაისამ პირად გვერდზე გაავრცელა, რომელსაც შემდეგ შინაარსის კომენტარი დაურთო:

"საუბრიდან რამდენიმე ფრაზა მომესმა, რომელსაც ეს ქალი შეშფოთებით გამოთქვამდა, რაც უკავშირდებოდა ე.წ ზებრაზე გადასვლას და იმას, თუ როგორ შეშინდა იგი იმ ფაქტით, რომ მას გზაზე გადასვლისას კინაღამ მანქანამ დაარტყა. იქვე ამ ქალს გვერდში ედგა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ის ამ ქალბატონს უბრალოდ თანადგომას უცხადებდა, ცდილობდა შიგადაშიგ სიტყვა ჩაეკვეხებინა საუბარში, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობდა პატრულსა და აღნიშნულ ქალბატონს შორის.

პატრულის თანამშრომლები თითქოს ამ ქალბატონის დაწყნარებისა და დაცვის ნაცვლად, რაღაცას უკიჟინებდნენ, საკმაოდ აგრესიული ტონით გამოირჩეოდნენ და მოუწოდებდნენ მას მიეღო შესაბამისი ზომები და გაესაჩივრებინა აღნიშნული ფაქტი და თითქოს ცდილობდნენ ამით მის თავიდან მოცილებას.

ვიდრე მე შენელებული სვლით ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გვერდი ავუარე პატრულის მიერ ზებრაზე მიტოვებულ მანქანას და განვაგრძე ჩემი გზით სვლა, ამასობაში 3 დამატებითი პატრულის ეკიპაჟი ოპერატიულად შემოვარდა ქუჩის სხვადასხვა მხრიდან და მიცვივდნენ კოლეგებს დასახმარებლად.

თავიდან დავიწყე იმ მანქანის ძებნა, რომელიც პოტენციური დამნაშავე უნდა ყოფილიყო ამ სიტუაციაში, თუმცა ამაოდ. ფაქტი გამაოგნებელია: მანქანა, რომლის მოძრაობამაც ამ ქალის აღშფოთება და შიში გამოიწვია, აღმოჩნდა თავად პატრულის. მოგვიანებით გავარკვიე იქვე მყოფი ადამიანებისგან, რომ ეს ქალი იყო ორსულად და ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მას იცავდა, იყო უბრალო გამვლელი, რომელმაც ის ამ სიტუაციაში დაიცვა და ცდილობდა პატრულისთვის შეეხსენებინა ქალბატონის ფიზიკური მდგომარეობა. თუ რა მოყვა ამას ყველაფერს, თავად შეგიძლიათ ვიდეომასალაში იხილოთ" - წერს ფაქტის თვითმხილველი ფეისბუქის პირად გვერდზე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ