რა გაიგო ხალხმა კონსტიტუციის საყოველთაო განხილვების დროს - "ეს ყველაფერი "ცისფერ მთებს" ჰგავს..."

რა გაიგო ხალხმა კონსტიტუციის საყოველთაო განხილვების დროს - "ეს ყველაფერი "ცისფერ მთებს" ჰგავს..."

ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი... - ამ სიტყვებით იწყება საქართველოს კონსტიტუცია. გასული კვირის განმავლობაში საკონსტიტუციო პროექტის ორ საყოველთაო-სახალხო განხილვას დავესწარი ბათუმსა და ზუგდიდში. ზუგდიდის ჭადრაკის სასახლეშიც და ბათუმის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზშიც, ჩემთვის პირველ რიგში თვალშისაცემი სტუდენტების, ახალგაზრდების ნაკლებობა იყო. რამდენიმე დამსწრე სტუდენტმა დასვა კითხვა, მოსაზრებაც დააფიქსირა, თუმცა ძირითადად მაინც შუახნის ან მოხუცი მოქალაქეები აქტიურობდნენ.

თითქმის 2-საათიანი შესავალი სიტყვის შემდეგ სიტყვა მოქალაქეებს ეძლევათ. მათთვის რეგლამენტი ძირითადად 2-3 წუთს მოიცავს, როდესაც პოლიტიკოსმა საპრეზენტაციო ნაწილში შესაძლოა 20 წუთი ან მეტიც ისაუბროს. საყოველთაო-სახალხო განხილვებს ხალხის აქტიურობა ნამდვილად არ აკლდა, იყო კრიტიკული კითხვებიც, თუმცა ძირითადად "ევროპული საქართველოსა" და პრეზიდენტის მიმართ.

ბათუმში ერთ-ერთმა მოქალაქემ საკონსტიტუციო განხილვების ორგანიზატორებს უსაყვედურა, რომ მათ მოსახლეობის ინფორმირება სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს:

"გაზეთში მაინც დაგებეჭდათ რას განვიხილავთ, ყველგან კომპიუტერი და ინტერნეტი არ არის! ეს ყველაფერი "ცისფერ მთებს" ჰგავს, ვადასტურებთ, ვეთანხმებით, მაგრამ არც კი წაგვიკითხავს. ვისმენთ მხოლოდ თქვენს გამოსვლებს".

რაც შეეხება საყვედურს განხილვებში მონაწილე "ევროპული საქართველოს" მისამართით, მათ მოქალაქეები ხშირად მიუთითებდნენ 9-წლიან "ნაციონალურ" წარსულზე, დაადანაშაულეს კონსტიტუციის პრეზიდენტ სააკაშვილზე მორგებაში, გასული არჩევნების გაყალბებაში, ზოგმა ისიც კი თქვა - მადლობა თქვით დარბაზში რომ სხედხართ და არა ციხეშიო. იყო ძალიან სახალისო მომენტიც - "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიციით გამოვიდა, შეკრებილ მოქალაქეებს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ეგონათ. დაახლოებით ასეთი სიტუაცია შეიქმნა - "აი, ნაციონალია?!".

"ევროპული საქართველოსგან" განსხვავებით, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს ირმა ინაშვილს ხალხი სიტყვის დასრულებამდე უკრავდა ტაშს. ფაქტია, ინაშვილისა და თარხან-მოურავის პარტიას რეგიონებში ბლომად ჰყავს მხარდამჭერები, ამას ინაშვილის ქარიზმატული და ემოციური გამოსვლებიც ემატებოდა, რომელსაც პრეზიდენტიც კი აღფრთოვანებული უყურებდა. გარდა ამისა, ინაშვილისა და მოქალაქეების ინტერესები ბევრ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს: მიწების გაყიდვის აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, კონსტიტუციაში იმის განსაზღვრა, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა (უფრო ზუსტად, ეს მმართველი გუნდის ინიციატივაა, რომელსაც "პატრიოტთა ალიანსი" მხარს უჭერს) და ა.შ.

შეკრებილ მოქალაქეებში იყო ნაციონალისტური განცხადებებიც - საქართველო ქართველებისაა, ჩვენ ქვეყანას მეზობლები მიწას ართმევენ, რატომ უნდა ვიაზროვნოთ ევროპულად ან რატომ ვართ ევროპა, როდესაც ჩვენი ძირძველი ადგილმდებარეობა კავკასიაა და ა.შ. თუმცა, მოქალაქეების მხრიდან იყო პროდასავლური გამოსვლებიც.

აღსანიშნავია, რომ ბათუმსა და ზუგდიდში მოქალაქეები აქტიურად საუბრობდნენ ოკუპირებულ რეგიონებზე და ხშირად მიუთითებენ, რომ აუცილებელია ქვეყანამ პირველ რიგში საქართველოს გაერთიანებაზე იმსჯელოს და აუცილებელია კონსტიტუციაშიც გაკეთდეს ჩანაწერი ამის შესახებ. რამდენიმემ ისიც თქვა, რომ უმჯობესია ევროატლანტიკური მისწრაფებების ნაცვლად, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გაკეთდეს აქცენტები.

იყო ასევე კითხვები და მოსაზრებები სამართლიანობის აღდგენაზე, კონსტიტუციის 94-ე მუხლზე (ე.წ. თავისუფლების აქტი), ტერიტორიულ მოწყობაზე, მონარქიის აღდგენაზე, თუმცა ყველაზე მეტი დრო მოქალაქეების მხრიდანაც, ისევე როგორც განხილვებში მონაწილე პოლიტიკოსების მხრიდან საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს, ე.წ. ბონუსების სისტემას და ბლოკების საკითხს ეთმობოდა, ყველაზე ნაკლები კი - განათლებას, სოციალურ საკითხებს, შრომის საკითხებს, ეკონომიკურ საკითხებს და ა.შ.

გასაგებია, რომ პოლიტიკური ნაწილი კონსტიტუციაში ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყნის განვითარებაც უშუალოდ კავშირშია არჩევნებთან და არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ მთავრობათან, თუმცა ხალხის მხრიდან სოციალურ საკითხებზე აქცენტის ნაკლებობა, რომელიც პირადად ეხება მას, მაინც გასაკვირია. და ასეთი კითხვები აჩენს სწორედ ეჭვს დარბაზის შერჩევით დაკომპლექტებაზე...

უფრო კონკრეტულად, რა აინტერესებს ხალხს და რა საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას განხილვების დროს - ამ შეკითხვებით რეგიონებში რამდენიმე მოქალაქეს მივმართე.

ეთერ ჯორთმენაძე 62 წლის, ბათუმიდან:

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ჩემი ხალხი ცხოვრობდეს კარგად და არცერთი გაჭირვებული და უსახლკარო არ ყავდეს ქვეყანას. ამ კუთხით უნდა იმუშავოს ხელისუფლებამ, დანარჩენი ჩემთვის არის წყლის ნაყვა. ახალმა ხელისუფლებამ ამისკენ ფუნდამენტი ძალიან მყარად ჩაყარა, კედლებსაც ააშენებს და ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვა. პროგრამებიც ვიცი რასაც მთავრობა ანხორციელებს და 2 წლის შემდეგ მინიმუმამდე დავა გაჭირვებულ ხალხთა რაოდენობა"

ნოდარ ცინცაძე 52 წლის, ბათუმიდან:

"ყველაზე ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხი არის საქართველოს ნეიტრალურობა. კონსტიტუცია უნდა იყოს ქართველ ერზე მორგებული და მასში არ უნდა იყოს გადმოწერილი სხვა ქვეყნებში არსებული აპრობირებული მეთოდები. შეუძლებელია, სვანს ყაბალახი თავზე დააფარო და თქვა, რომ აჭარელია, აჭარელს კი სვანური ქუდი დააფარო და თქვა, რომ სვანიაო - აჭარელი აჭარელია, სვანი სვანია. მთელი საოცრება კი ის არის, რომ არც კი წაგვიკითხავს რაზე საუბრობენ. ჯერ წაგვეკითხა, გვენახა და მერე უნდა გვემსჯელა".

ბექა ბერიძე 20 წლის, ბათუმიდან:

"ეს იყო ინფორმაციის ნაკლებობა, რის გამოც ახალგაზრდები არ არიან ბევრნი წარმოდგენილნი. მე "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" გვერდზე ვნახე ღონისძიების შესახებ, რომ ბათუმის უნივერსიტეტში იგეგმებოდა კონსტიტუციის განხილვა. ახალგაზრდები უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართულები, რადგან კონსტიტუცია არის ყველასი. ახალგაზრდებზეა მომავალი, დემოკრატიული პრინციპები დამკვიდრებული და ახალგაზრდების აზრს უნდა კითხულობდნენ... აუცილებელია იყოს გამჭვირვალობა, დემოკრატიულობა, მიზნები თუ რისთვის ვიბრძვით, ხალხის აზრი. ხალხს კონსტიტუცია უნდა ესმოდეს კონსტიტუცია როგორც ჩვეულებრივი წიგნი და უნდა იყოს ადვილი ენით დაწერილი".

სოსო ლაგვილავა 64 წლის, ზუგდიდი:

"კონსტიტუცია უნდა იყოს სრულყოფილი და არა ერთი კაცის ხუშტურზე მორგებული. წინა კონსტიტუციები სწორედ ასეთი იყო, რომ ვის როდესაც მოუნდებოდა, ისე ცვლიდნენ. კონსტიტუციაში ბევრი ხაფანგებია, რომელიც უნდა გაკეთილშობილდეს. კონსტიტუციის ჭრა-კერვა უნდა დასრულდეს. ეს კონსტიტუცია მნიშვნელოვანია, რომ გააძლიერებს პარლამენტს, იქნება ზეპარტიული პრეზიდენტი, უზრუნველყოფს მეტ დემოკრატიას. ასევე აუცილებლად უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა".

კახაბერ ფარცვანია 48 წლის, ზუგდიდი:

"პირველ რიგში, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ქართველები ხშირად სუბიექტურობიდან გამომდინარე ვირჩევთ მაჟორიტარებს. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევნებს, არ უნდა იყოს პირდაპირი არჩევნები. მე მხარს ვუჭერ და ვთლი, რომ არის საკმაოდ კარგი პროექტი. ეს კონსტიტუცია ასევე კარგად განსაზღვრავს ადამიანის უფლებებს, ჩანაწერში გაჩნდა - ადამიანის ღირსება. ამ კუთხითაც, საკმაოდ დიდი პროგრესია".

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: ფილარმონიაში დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ჩაიშალა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."