რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო? - იმედები და მოლოდინები NATO-ზე

რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო? - იმედები და მოლოდინები NATO-ზე

26-29 მაისს საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. 49-კაციან დელეგაციას ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი ხელმძღვანელობს. როგორც მან 26 მაისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც არაერთხელ ითქვა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზეც".

მისასალმებელ სიტყვაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ, აღნიშნა, რომ ნატოს საპარლამენტო სესიის ჩატარება თბილისში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, მისი რეფორმებისა და განვითარების მიმართ ნატოს სრული მხარდაჭერის დასტურია. "საქართველოს დაცვით და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, გარკვეულწილად, ჩვენს ქვეყნებს ვიცავთო" – აღნიშნა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, საქართველომ ბოლო წლებში საქართველომ ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა და დიდი წვლილი შეიტანა გლობალური უსაფრთხოების კუთხითაც - განსაკუთრებით კი, ავღანეთში საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით.

"ქართველი ჯარისკაცების მიერ ამ საქმეში, მართლაც, დიდი წვლილია შეტანილი. ჩვენ გვესმის, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება საქართველოში გადამწყვეტია მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის. ამ რეგიონში მშვიდობას კი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის ყველა ქვეყნისთვის... სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რის გამოც აქ ჩამოსვლა გადავწყვიტეთ. როგორც წესი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიები ნატოს არაწევრ ქვეყნებში არ იმართება".

როგორც პაოლო ალიმ აღნიშნა, ასეთი რამ მხოლოდ მეხუთედ ხდება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მთელი ისტორიის განმავლობაში და უსვამს ხაზს საქართველოსადმი ნატოს დამოკიდებულებას. მისივე თქმით, ახლა ოთხივე ქვეყანა ნატოს წევრია. საქართველო რიგით მე-5 არაწევრი ქვეყანაა, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა იმართება...

პაოლო ალისთვის დასმულ კითხვაზე, გაითვალისწინებს თუ არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციას საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების თაობაზე, რაც ჩაიწერება კიდეც დეკლარაციაში, რომელსაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეა შემაჯამებელ სესიაზე მიიღებს, მან პასუხად იმედი გამოთქვა, რომ ეს რეკომენდაცია დიდწილად გათვალისწინებული იქნება ნატოს მიერ. რამდენად შესაძლოა, საქართველო გახდეს ნატოს წევრი MAP-ის გარეშე? - მან უპასუხა -

"ვფიქრობთ, საქართველო იქნება ნატოს წევრი ქვეყანა. ეს არაერთხელ ითქვა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზეც და ეს სიტყვები ძალაში რჩება. რაც შეეხება MAP-ს, ეს ინსტრუმენტი გახლავთ, ეს არის კონკრეტული საშუალება იმისთვის, რომ პროცესი დაიწყოს. საქართველოს მსგავსად, სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც განიხილება ეს საკითხი. ჩვენ ამაზე საუბარს გავაგრძელებთ".

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს რეგიონში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის თაობაზეც, რაზეც პაოლო ალიმ განაცხადა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც უკრაინის შემთხვევაში.

ამასთან, "ამერიკის ხმა" აქვეყნებს ინტერვიუს ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მეორე მოადგილე დევიდ კრამერთან, სადაც საუბარია იმაზე, რომ

მთავრობას სჯერა, რომ წინა ხელისუფლებამ ხალხი შეცდომაში შეიყვანა და შეუქმნა მცდარი წარმოდგენა, რომ ნატოში გაწევრიანება სწრაფად მოხდებოდა. "ამის გამო კი, ქვეყანაში ნატოსთან დაკავშირებით შეიქმნა ილუზია და იმედგაცრუება - აცხადებს დევიდ კრამერი.

კითხვაზე, რამდენად სახიფათოა საქართველოსთვის რუსეთის პოლიტიკის შემუშავების გაჭიანურება, ის პასუხობს, რომ პრობლემა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს დაიწყო. "მაშინ გვქონდა პოლიტიკა, რომელიც რუსეთზე იყო მორგებული. ეს პოლიტიკა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე ძალაში დარჩა. ტრამპის ადმინისტრაციის დასაწყისში ეს თითქოს გრძელდება - სახელმწიფო მდივანი ტილერსონი მოსკოვში ჩავიდა, მაგრამ კიევში ან თბილისში მსგავსი ვიზიტები არ ყოფილა. სწორედ აქ შეუძლია კონგრესს ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში იმაში დასარწმუნებლად, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ხარჯზე არ მოხდეს" - აცხადებს კრამერი, რომლის თქმითაც, პუტინი თეთრ სახლშია არსებული გაურკვევლობით სარგებლობს.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, პუტინს ორი სასურველი სცენარი ჰქონდა – "ერთი ის იყო, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოვიდოდა და რუსეთს სანქციებს მოუხსნიდა. ეს არ მოხდა. მაგრამ მეორე სცენარი მართლდება, - კრემლს იმედი ჰქონდა, რომ ადმინისტრაციას ამერიკის შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე მოუწევდა ყურადღების გამახვილება და ეს ასეც ხდება. პუტინი ოპორტუნისტია და ყოველთვის ელოდება შანსს, როცა შეერთებული შტატები ყურადღებას მოადუნებს. ვფიქრობ, მის მოქმედებებს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ" – აცხადებს კრამერი.

ამერიკელი პოლიტკოსი აქცენტს აკეთებს მომავალ წელს რუსეთში ჩასატარებელ არჩევნებზე და ვარაუდობს, რომ ვლადიმერ პუტინი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა 2018 წლის მარტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს. ისი აგრეთვე შეეხო, რუსეთის მიერ ასე კარგად ნაცად დეზინფორმაციაზე, თუმცა აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანაში ინტეგრაციის პროცესი მთავრდება და ქვეყანა ნატოს წევრი ხდება, ის გაცილებით დაცულია, ვიდრე ნატოს გარეშე იქნებოდა.

"ჩემი აზრით, ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მცირე ზომის სააგენტოებს, რომლებსაც დაბალი რეიტინგი აქვს, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, შეცდომას უშვებენ. რეიტინგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამ მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზანი ის არის, რომ საზოგადოებაში შეიქმნას გაურკვევლობა და ადამიანებმა ვერ შეძლონ სანდო ინფორმაციის თავდაპირველი წყაროს დადგენა... უნდა ვაღიაროთ ის, რომ ადამიანები, რომლებიც "სპუტნიკსა" და "რაშა თუდეიში" მუშაობენ ჟურნალისტები არ არიან. ისინი ახალ ამბებს კი არ აშუქებენ, ცრუ ინფორმაციას და პროპაგანდას ავრცელებენ. მე დიდ პატის ვცემ ყველა ჟურნალისტს, მათი ჩათვლით, ვინც ამერიკას მკაცრად აკრიტიკებს. მაგრამ "სპუტნიკისა" და "რაშა თუდეის" თანამშრომლებს ისე არ უნდა მოვექცეთ, როგორც ჟურნალისტებს - ისინი პროპაგანდისტები არიან. ამის გამო, ვფიქრობ ისინი სამთავრობო პრეს-კონფერენციებზე არ უნდა დაუშვან. მაგრამ ამას კრემლის პასუხი მოჰყვება და მოსკოვში ნამდვილი ჟურნალისტების წინააღმდეგ ზომები გატარდება.

"ამერიკის ხმის" მიერ დასმულ კითხვაზე, - რუსეთის მიმართ სიფრთხილის გამოჩენის მიზნით, საქართველო ევროპისკენ ისე აქტიურად არ მიიწევს, კრამერი პასუხობს, რომ საქართველოს ორი დიდი გამოწვევა აქვს. "ერთი - დაძაბავენ თუ არა რუსეთთან ურთიერთობას დასავლეთისკენ უფრო აქტიური სწრაფვით. შესაძლოა, მაგრამ საქართველომ ეს მაინც უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ეს ქვეყნის ინტერესებში შედის. ნებისმიერი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესია რთული. მაგრამ როცა ეს პროცესი მთავრდება და ქვეყანა ნატოს წევრი ხდება, ის გაცილებით დაცულია, ვიდრე ნატოს გარეშე იქნებოდა.

ამას მეორე გამოწევამდე მივყავართ. მთავრობას სჯერა, რომ წინა ხელისუფლებამ ხალხი შეცდომაში შეიყვანა და შეუქმნა მცდარი წარმოდგენა, რომ ნატოში გაწევრიანება სწრაფად მოხდებოდა. ამის გამო კი ქვეყანაში ნატოსთან დაკავშირებით შეიქმნა ილუზია და იმედგაცრუება. კი, საქართველომ მიიღო ვიზა ლიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა, მაგრამ ამ ეტაპზე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სერიოზული პერსპექტივა არ ჩანს. ვფიქრობ ამ გამოწვევის გადალახვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც მთავრობისთვის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის." – აცხადებს კრამერი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო

ტყვეთა ბანაკიდან გაქცეული ქართველი ლეიტენანტი ზოოპარკში ემალებოდა ნაცისტებს... - უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ახალი მონაცემები