რა დაგიჯდებათ სხვადასხვა ტრანსპორტით გამგზავრება საქართველოს 5 კურორტზე - დათვლილი ფასები

რა დაგიჯდებათ სხვადასხვა ტრანსპორტით გამგზავრება საქართველოს 5 კურორტზე - დათვლილი ფასები

დასვენების სეზონი აქტიურ ფაზაშია, თუმცა ბევრს არდადეგებისა თუ შვებულების გასატარებლად სასურველი მიმართულება ჯერ არ შეურჩევია. როგორც წესი, სეზონურად, როგორც მგზავრობის, ისე საცხოვრებელი ბინების ფასებიც იზრდება, განსაკუთრებით კი ზღვისპირეთში, სადაც ივლის-აგვიტოში უამრავი დამსვენებელი ჩადის.

ჩვენ დავთვალეთ მგზავრობის ხარჯები, რომელიც დაგჭირდებათ საქართველოს 5 საკურორტო ზონაში - ბათუმში, რაჭის კურორტებზე, მესტიაში, ბახმაროსა და შატილში გასამგზავრებლად.

იხილეთ სტატიის გრაფიკული ვერსია [ხანგრძლივობა 1:20 წთ]

ბათუმი

ბათუმამდე მგზავრობა როგორც მატარებლით, ისე თვითმფრინავით, მიკროავტობუსითა და მინივენითაც შეგიძლიათ. "შტადლერის" მატარებლის ბილეთების ფასი 1-ელი ივლისიდან გაიზარდა და პირველი კლასის ბილეთი - 60 ლარი, მე-2 კლასი 24 ლარი, ხოლო ბიზნეს კლასი - 99 ლარი ღირს.

ამავდროულად, თუ ღამის მატარებლით მგზავრობას გადაწყვეტთ, პირველი კლასის ბილეთში 40-ს, ხოლო მეორე კლასის ბილეთში 24 ლარს გადაიხდით.

დამსვენებლების დიდი ნაწილი ბათუმში ჩასვლას ავტობუსით ამჯობინებს. "მეტროს" ავტობუსების მგზავრობის ფასმა ივლის-აგვისტოში 5 ლარით მოიმატა და 30 ლარი გახდა, ხოლო თუ მიკროავტობუსით ან მინივენით მგზავრობას გადაწყვეტთ, ამაშიც დაახლოებით 25-30 ლარს გადაიხდით.

უფრო კომფორტულად და სწრაფად მგზავრობისთვის ბათუმში თვითმფრინავით ჩასვლაც შეგიძლიათ. თბილისი-ბათუმის რეისის საფასური სამუშაო დღეებში დაახლოებით 175 ლარიდან იწყება, ხოლო კვირა დღეს ამავე ბილეთში დაახლოებით, 120 ლარს გადაიხდით.

ამასთან, ბათუმის მიმართულებით რეისები ხორციელდება ნატახტრის აეროდომიდანაც. ყოველდღე ოთხშაბათის გარდა, ნატახტარიდან ბათუმისკენ 90 ლარად იმგზავრებთ.

რაც შეეხება ბინებს, უძრავი ქონების ვებ-გვერდების მიხედვით, ბათუმში ბინის დღიურად დაქირავება 30 ლარიდან იწყება. თანხაში ერთი საძინებელი, აბაზანა, სამზარეულო, ინტერნეტი და პირველადი მოხმარების ნივთები შედის, თუმცა ამ ღირებულების ბინები ზღვის სანაპიროდან მოშორებით მდებარეობს. ფასები კი კომფორტისა და ადგილმდებარეობის მიხედვით იზრდება. მაგალითად, 110 ლარად, 4 პერსონაზე გათვლილი ბინის დაქირავება შეგიძლიათ, რომელიც ფასის შესაბამისად, კეთილმოწყობილი და კომფორტულია. ბულვარის სიახლოვეს მდებარე ბინის ფასები კი შედარებით მაღალია და უძრავი ქონების სააგენტოების მიხედვით, მინიმუმ 70 ლარიდან იწყება.

რაჭის კურორტები

თუ ზღვისპირეთში დასვენება არ გსურთ და დროის მთაში გატარებას არჩევთ, ამისთვის რაჭის კურორტები - შოვი და უწერა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. კურორტები სუფთა ჰაერითა და მშვიდი გარემოთი გამოირჩევა, საღამოს საათებში კი აქ საკმაოდ გრილა, შესაბამისად, შეგიძლიათ, ქალაქის სიცხეს თავი დააღწიოთ.

შოვი (ფოტო: გიორგი ნიკოლავა)

ონში, უწერასა და შოვში როგორც მიკროავტობუსით, ისე მინივენით ჩასვლის ღირებულება 17-22 ლარია. რაჭის მიმართულებით, კერძოდ, ამბროლაურის აეროპორტში ავიარეისებიც სრულდება. ნატახტრის აეროდრომიდან ამბროლაურამდე მგზავრობის ბილეთი ყველა სეზონზე 50 ლარი ღირს, ავიარეისები კი კვირაში სამჯერ ხორციელდება.

შოვსა და უწერაში შეგიძლიათ საოჯახო ტიპის სასტუმროებში დაისვენოთ, სადაც ერთი ღამის საფასური სამჯერადი კვებით 40 ლარია. გარდა ამისა, კურორტებზე ხმაურიანი ღონისძიებები არ იმართება, ასე რომ თუ სიმშვიდე ან ბავშვების სუფთა ჰაერზე წაყვანა გსურთ, რაჭას უნდა ესტუმროთ.

მესტია

საქართველოს კიდევ ერთ მაღალმთიან რეგიონში, სვანეთში დასვენება, ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა. როგორც ტურისტები, ისე ჩვენი თანამოქალაქეები მესტიაში ჩადიან და ადგილობრივ კულტურას ეცნობიან. ვიზიტორები რაიონული ცენტრის გარდა მესტიის მიმდებარე სოფლებსაც სტუმრობენ, სადაც ცნობილი სვანური კოშკებია განლაგებული.

მესტიამდე მგზავრობა მიკროავტობუსით, მინივენითა და თვითმფრინავით შეგიძლიათ. თბილისიდან მგზავრობა საკმაოდ ხანგრძლივი გამოგივათ მიკროავტობუსით, თუმცა შედარებით იაფიც - "მარშრუტკით" მგზავრობის ფასი დაახლოებით 30 ლარია, ხოლო მინივენით გადაადგილება 30-50 ლარი დაგიჯდებათ.

რაც შეეხება ავიარეისის ღირებულებას, ის სტაბილურად 65 ლარს შეადგენს. ფრენები როგორც რაჭის შემთხვევაში, აქაც ნატახტრის აეროდრომიდან ხორციელდება. რაც შეეხება საცხოვრებლის დაქირავებას, სამჯერადი კვებით დღეში 50 ლარიდან დაისვენებთ მესტიაში.

ბახმარო (გურია)

დასვენება გურიის სამკურნალო-გამაჯანსაღებელ კურორტ ბახმაროშიც პოპულარულია, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. დამსვენებლები ბახმაროში ძირითადად, წიწვოვანი მცენარეების გამო ჩადიან.

თბილისიდან ოზურგეთამდე ან ჩოხატაურამდე მგზავრობის ფასი 15 ლარიდან იწყება, შემდეგ კი ადგილობრივი ტრანსპორტით გადაადგილება მოგიწევთ. სახლის დაქირავების ფასი ბახმაროში 15-20 ლარიდან იწყება, თუმცა ივლის-აგვისტოში საცხოვრებელი პირობების მიხედვით იმატებს.

შატილი

ზაფხულში კიდევ ერთი პოპულარული მიმართულება ხევსურეთი, კერძოდ, შატილია. როგორც მიკროავტობუსებისა და მინივენების მფლობელებმა, ასევე სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებმა განგვიმარტეს, ძირითადად, ტრანსპორტი კვირაში სამჯერ ბარისახომდე მიდის და მგზავრობის ღირებულება 5 ლარია, შემდეგ კი ადგილობრივი ტრანსპორტით, უნდა გადაადგილდეთ. პირდაპირ შატილამდე მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება დაახლოებით 30 ლარია, თუმცა, ტრანსპორტი ამ მიმართულებით იშვიათად, კვირაში ერთხელ გადაადგილდება.

რაც შეეხება ბინებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს აქ საოჯახო სასტუმროები აქვთ მოწყობილი, სადაც ერთი ღამის ღირებულება 15 ლარიდან იწყება. ფასში კვება არ შედის, ასევე შატილში არსებულ ყველა ასეთ საცხოვრებელში, საერთო აბაზანით სარგებლობა მოგიწევთ.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

"შვილი მომიკვდა... ორჯერ გამიუქმდა ბილეთი და ორმოცისთვისაც ვერ ჩამოვდივარ" - რას უპირებს ემიგრაციაში მყოფ ქართველებს მთავრობა?

როდის დასახლდნენ თბილისში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და რომელი გვარები ჩამოვიდნენ რეგიონებიდან დედაქალაქში მე-19 საუკუნეში

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სალაროსთან დახლზე მითითებულ ფასზე ძვირს გახდევინებენ?