როგორ დაათრო კობა სუბელიანმა ნინო ბურჯანაძე სპირტით საპატრიარქოში

როგორ დაათრო კობა სუბელიანმა ნინო ბურჯანაძე სპირტით საპატრიარქოში

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა სუბელიანი საინტერესო ისტორიას იხსენებს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა პატრიარქის სტიქაროსანი იყო. ვრცელ პოსტს სუბელიანი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს და დაახლოებით 16 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს, რომლის მთავარი გმირი ნინო ბურჯანაძეა. შეგახსენებთ, კობა სუბელიანი 1994 წლიდან თითქმის 10 წლის მანძილზე იყო პატრიარქის სტიქაროსანი და მისი თქმით, ბევრი ისტორია აქვს გასახსენებელი, რომელიც საპატრიარქოში უნახავს და მოუსმენია:

"ერთხელ საპატრიარქოში, სააღდგომოდ, მთავრობის წევრებისა და სხვა საპატიო სტუმრებისათვის ტრადიიციისამებრ სპეციალურად გამართულ ტრაპეზზე მერიქიფედ ვედექი უწმინდესს. ჟვანია ახალი გადამდგარი იყო სპიკერობიდან და მის ადგილს ძალიან ამაყად და მედიდურად იკავებდა საქართველოს მეფის, გიორგი მესამეს ასულის, თამარ მეფეს შედარებული და რეალურად კი ანზორ ბურჯანაძის ქალიშვილი, აწ უკუე რუსებს სულ მიყიდული ქალბატონი ნინო ბურჯანაძე.

უწმინდესმა მანიშნა რომ არაყით შემევსო რუმკები. დავუსხი უწმინდესს და მერე წავიწიე ბურჯანაძისკენ. ბურჯანაძემ გააფთრებულმა სტაცა ხელი რუმკას, პირქვე გადაატრიალა, უარყოფის ნიშნად ხელი დააფარა და სასტიკად იუარა არაყი - ეს რა ქალის სასმელია-ს გამომეტყველებით. ჟესტიკულაციამ დამცა. შენიშნა ეს უწმინდესმა როგორც სჩანს და გეგონება სპეციალურად გადაეკიდაო დაძალება დაუწყო - დაისხი და გასინჯე, მადაზე მოგიყვანსო, ძალიან კარგია არაყიო, თან უღიმოდა. ნინო კვლავ სასტიკ უარზე იდგა ჯიუტად. მესამე თუ მეოთხე შეთავაზების მერე უწმინდესმა ხელი ჩაიქნია - ამას მაინც ვერაფერს გავაგებინებო და შეეშვა, იქეთ გაიხედა სუფრის დანარჩენი წევრებისკენ.

ბორჯომის ჭიქა ნაკლულად შევნიშნე ნინოსი. მალ-მალ სცლიდა ხოლმე ჭიქას და მეც მომარჯვებული მალ-მალ ვუვსებდი, რომ შეხსენება არ დამჭირვებოდა (არ არის სასურველი რომ შეხსენება დაგჭირდეს, მოკლედ სერვისია ამერიკული ხარისხით.) ჩასაფრებულივით ვუთვალთვალებდი თითქოს და უმალვე ვუვსებდი როგორც კი ოდნავ დააკლდებოდა ჭიქას. და უცებ აღმოვაჩინე, რომ ბორჯომის ჭიქა სრულიად ცარიელია. მოვბრუნდი უკან სადაც სასმელების მარაგისთვის სპეციალურად ჩვენთვის, (ჩემგან მარჯვნივ ფლანგს ჩემი მეგობარი, ძალიან წესიერი და კარგი კაცი, იშვიათად პატიოსანი და პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი კახა ვაჩეიშვილი მერიქიფეობდა) განკუთვნილი დაბალი ტაბლა იდგა და ჰოი საოცრებავ ბორჯომის ბოთლები ორივე ცარიელია. "პოსტს" ვერ დავტოვებ რომ ბორჯომი მოვიტანო სამზარეულოდან (პოსტის მიტოვება გვეკრძალებოდა) ვაი თუ ზუსტად იმ მომენტში დასჭირდე უწმინდეს და იქ უნდა იყო ფეხმოუცვლელად, სულ რომ ქვეყანა დაინგრეს. ამიტომ იმ ტაბლაზე კიდევ სხვა გვემსახურება, ცარიელი ბოთლები მიაქვს და სავსე მოაქვს. მაგრამ არ ჩანს რომ სავსე ბოთლის მოტანა ვთხოვო. და ავიღე თავზე, დავარღვიე წესი, მივატოვე პოსტი, შევვარდი სამზარეულოში, მივიხედ--მოვიხედე, მაცივრის თავზე ალუმინის ხრახნიანი ბორჯომის ბოთლები შევნიშნე, მივვარდი, ორი ბოთლი ჩავიბღუჯე და სწრაფადვე დავუბრუნდი "პოსტს".

მოვხსენი ერთ ბოთლს თავი და შევუვსე ბორჯომის ფუჟერი ქალბატონ სპიკერს, თამარ მეფეს შედარებულს. ქალბატონმა სპიკერმაც დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ დასტაცა შევსებულ ფუჟერს ხელი და გადაჰკრა ქუთაისურად. გადაჰკრა და ვაი შენს იაკობს, იმ ბორჯომის ბოთლებში თურმე ქარხნული წესით ჩამოსხმული 96 გრადუსიანი სპირტი სხმულა. გადაჰკრა და გალურჯდა ეს შენი შინაგანად წითელი ბურჯანაძე.  ექსტრემალური ანიმატორები ცეცხლის ალებს რომ აფრქვევენ პირიდან ხალხის გართობის მიზნით ხომ გინახავთ ქუჩებშიც და ტელევიზორებში ? აი ზუსტად ასე ამოაფრქვია 96 გრადუსიანი სპირტი, მის წინ სუფრაზე სილამაზისთვის მდგარ შანდალზე დანთებული კელაპტრისკენ.

დედა შენს იაკობს იქ სანახაობა გაიჩითა :D ჯანსუღ ჩარკვიანმა დაიძახა ჟვანია გაუჩალიჩებდაო. ჩამოიდღაბნა და ჩამოიშალა ისიპარის კოლექტივის მიერ მთელი ნახევარი დღის ნაშრომ, ნაღვაწ, ნაოფლარ, ნაწვალები, ბრიტანეთის დედა-დედოფალის ელისაბედისა და მარგარეტ ტეტჩერის მიმბაძველობით რაღაცა გაუგებარ მანერებში (რომელსაც რაღაცა ბოლშევიკურ, საბჭოურ, მორუსულო, მოგოიმო ელფერი დაჰკრავდა თან) ხელოვნურად გაჭედილი ეს საქციელ დაკარგული, თამარის ვითომ ტოლ-სწორი ბურჯანაძე მომიტრიალდა და საშინლად გაბრაზებული და დაღრეჯილი სახით შემომიღრინა - მაინც დამისხი არაყი ხომ? ეგონა ალბათ, რომ უწმინდესისადმი მის მიერ გაწეულ ურჩობას არ შევეგუე და მაინც აღვასრულე ნებაი მისი უწმინდესობისა და განზრახ ჩავუსხი არაყი. არა და არ მგონია ეგეთ ფანატიკოსს ვგავდე...

გამიყვანა გვერდზე დაცვის სამსახურმა და მიდის დაკითხვა, გამოკითხვა. თან არაყ სტალიჩნაიას ბოთლს ატრიალებენ ხელში, რომელსაც ფაქტობრივად არაფერი აკლია რადგან მხოლოდ შევარდნაძეს და უწმნიდესს დავუსხი 50 გრამიან რუმკებში. აქ კიდევ მთელი ნახევარ ლიტრიანი ფუჟერი უჭირავს ხელში ბურჯანაძეს. ისევ დოკიმ გადამარჩინა :) რომ ვიძახდი სვანური სიჯიუტით რომ ბორჯომი დავუსხი, და რომ არყის ბოთლისთვის ხელი მას მერე არ მიხლია რაც იუარათქო, დასტაცა ბორჯომის ბოთლს ხელი დოკიმ, ჩასუნა და მკითხა - ეს მაცივრის თავიდან ხომ არ მოიტანეო ?! კი მეთქი. ხო და აბა შე კაი კაცო ზავაცკოი სპირტი დაგილევინებია მისთვის...

შევარდნაძე იღიმოდა ჩვეული ცივი ღიმილით და სუფრის დანარჩენი წევრები ხორხოცობდნენ - ჟვანიას გაჩალიჩებულიაო, ჟვანია რომელიც უწინდელივით პრეზიდიუმის ნაცვლად სადღაც სუფრის ბოლოში იჯდა და მისი მისამართით ნასროლ იშვიათ შემთხვევებში ნიჭიერად იუმორნარევ რეპლეკიებს ძალიან მაღალი კლასის სისხარტით და მოქნილობით იგერიებდა.

და რამდენი ასეთი და ამის მსგავსი ისტორია შეიძლება დავწერო მარა ზარმაცობა მძლევს და თან ამეებისთვის დიდად არ მცხელა იმდენი პრობლემა მაქვს. არა და რაღაცეები მავიწყდება კიდეც უკვე და ამასობაში. ბოვში კი აღარა ვარ. ჯვარი აქაობას და ორმოცს მივუკაკუნე. ეჰ, მოკლედ მაგარი შკოლა იყო...", - წერს სუბელიანი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს