"დღეს შესრულდა 25 წელი..." - როგორ იხსენებს საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველ გასაუბრებას და დავალებას დავით ზალკანიანი

"დღეს შესრულდა 25 წელი..." - როგორ იხსენებს საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველ გასაუბრებას და დავალებას დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკანიანი უწყებაში მისვლის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"დღეს შესრულდა 25 წელი მას შემდეგ, რაც პირველად შევაბიჯე ჩიტაძის 4 ნომერში. ძნელია აღვწერო ის ემოცია, რასაც მაშინ 24 წლის ახალგაზრდა განვიცდიდი საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიანობის დაწყებისას. გასაუბრებაზე მიმიწვიეს ბატონ ალექსანდრე ჩიკვაიძესთან და მის პირველ მოადგილე გიგა ბურდულთან. მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ამ ორმა დიდებულმა ადმიანმა და პროფესიონალმა ისე წაიყვანეს გასაუბრება, როგორც შეეფერებოდა ნამდვილ დიპლომატებს - საქმიანად, ასევე ჩვეული იუმორით :). ნერვიულობა მაშინვე მომეხსნა და ისეთი მოტივირებული გამოვედი ოთახიდან, რომ დაუყოვნებლივ შევუდექი ჩემი პირველი დავალების შესრულებას.

დავალება არ იყო მარტივი - მინისტრის და პრეზიდენტის გამოსვლებისთვის ძირითადი დებულებების მომზადება "ჩეთემ ჰაუზიის" და გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისთვის. როდესაც ოჯახში დავბრუნდი და გამოვაცხადე, რომ ასეთი სერიოზული დავალება მივიღე, რა თქმა უნდა, შემაგულიანეს, მაგრამ ასევე იუმორით ჩაილაპარაკეს, რომ იმედია, მხოლოდ შენს "ნაშრომზე" არ იქნება დამოკიდებული პრეზიდენტი და მინისტრიო :). მოკლედ ყველაფერი ჩავდე ამ პირველ "ნაშრომში", რომელიც დღემდე ინახება ჩემს ფაილებში და მოცალეობის ჟამს, როდესაც გადავხედავ მეამაყება კიდეც და ყოველთვის სევდანარევი ღიმილით მახსენდება ეს ისტორია.

სამწუხაროდ, დღეს ეს ორი შესანიშნავი ადამიანი და დიპლომატი ჩვენს გვერდით აღარ არის, რაც ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, თითოეული საქართველოს დიპლომატისთვის, ისე როგორც მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი დანაკლისია.

ჩემთვის ასევე უდიდესი ტკივილია ბრწყინვალე ადამიანი და მაღალი რანგის დიპლომატი ლევან მიქელაძე, რომელიც ასევე ძალიან უდროოდ წავიდა ჩვენგან და ვისაც ჩემს დიპლომატიურ კარიერაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემი საქმიანობის პირველივე დღეებიდან დავუმეგობრდი მას და ეს ურთიერთობა რაღაც დიდში გადაიზარდა, რომელსაც სახელსაც ვერ ვუძებნი. ერთი რამ დადასტურებით შემიძლია ვთქვა - მთელი ჩემი დიპლომატიური საქმიანობის პერიოდში ვცდილობდი ისე მემოქმედა, როგორც ამას ლევანი აკეთებდა - თავდადებით, საქმის ბოლომდე მიყვანის დაუოკებელი ჟინით, პრინციპებისადმი ერთგულებით, სიყვარულით. რა გამოვიდა და როგორ, ამას ალბათ სხვები შეაფასებენ.

მინდა ყველა ჩემ კოლეგა დიპლომატს მადლობა ვუთხრა გვერდში დგომისთვის, ერთგულებისთვის, თავდადებისთვის. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენი ყოველდღიური, ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოებამ ბევრი რამ არ იცის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკვალოდ არ დაიკარგება და ჩვენი ახალგაზრდა კოლეგები ამ ტრადიციებზე გაიზრდებიან და ბევრ ხელშესახებ შედეგს მოუტანენ ქვეყანას.

მე კი, ჩემთვის მნიშვნელოვან ამ დღეს, მინდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ, რადგან ვემსახურები საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს და გვერდში მყავს ძალიან კარგი კოლეგები, ვისთან ერთადაც ამ საქმეს ვაკეთებ.

ფოტო-ალბომში, რომელიც ამ პოსტს დავურთე აღბეჭდილი არიან სწორედ ის ადამიანები, ვისზეც აქ მოგახსენეთ. მე კი, ასეთი გახლდით 25 წლის წინ :)".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს