გაუპატიურების მსხვერპლი 10 წლის ინდოელი გოგონა, რომელსაც სასამართლომ აბორტის უფლება არ მისცა, დედა გახდა. ახალშობილი 2.5 კგ-ს იწონის. დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობენ. გასული შვიდი თვის მანძილზე გოგონა საკუთარმა ბიძამ რამდენჯერმე გააუპატიურა. მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა. გოგონას ფეხმძიმობა მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც მას ტკივილები დაეწყო და მშობლებმა ექიმთან წაიყვანეს.
ჩანდიგრას სასამართლომ გოგონას აბორტის გაკეთებაზე უარი განუცხადა. ამის მიზეზი ექიმების განცხადება გახდა, რომლის თანახმად, ორსულობის შეწყვეტა სარისკო იქნებოდა. 10 წლის გოგონას მშობლებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ არ სურდათ ახალშობილთან რაიმე საერთო ჰქონოდათ და იგი დაბადების შემდეგ არც უნახავთ. 10 წლის ინდოელი გოგონას შვილს კეთილდღეობის კომიტეტი გასაშვილებელ ბავშვთა პროგრამაში ჩასვამს.
მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით.