ცოცხალი თევზის ბიზნესი გამოცოცხლდა

ცოცხალი თევზის ბიზნესი გამოცოცხლდა

თევზის ბიზნესს გამოცოცხლება დაეტყო. მართალია, რეალიზაციის მაჩვენებელი კრიზისამდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდა, მაგრამ გაყიდვების ზრდამ მოვაჭრეებს, როგორც თავად ამბობენ, ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ზაფხული თევზის რეალიზაციისთვის ხელსაყრელი პერიოდი არ არის, მაგრამ მარხვის განმავლობაში კარგად იყიდება, თუმცა ეს არ ეხება ყველანაირ თევზს.

ცოცხალი ნაწარმის მიმართ დეფიციტი თბილისის სამომხმარებლო ბაზრებში ადვილად შესამჩნევია. შეიძლება ითქვას, სულ რამდენიმე ადამიანია, რომელიც ცოცხალი თევზით ვაჭრობს.

მოვაჭრეების თქმით, თევზი ყველაზე მეტად ადრე დასავლეთ საქართველოდან შემოჰქონდათ, განსაკუთრებით ფოთიდან, მაგრამ ბოლო პერიოდში იშვიათად შემოდის. ბაზარზე, ძირითადად, კახეთისა და მთიანი რეგიონებიდან ჩამოტანილი თევზი სჭარბობს.

რაც შეეხება ფასებს, სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, კრიზისის განმავლობაში თევზი არ გაძვირებულა. ალაზნის ჭანარი 9-10 ლარი ღირს, ამდენივეა კალმახის ფასიც. ცოცხალი ხრამული კი 7 ლარის ფარგლებშია.

"მარხვა გუშინ დაიწყო. თევზის ბიზნესისთვის ეს ხელსაყრელი პერიოდია. მართალია, ზაფხულში საერთოდ ცუდად იყიდება, მაგრამ მარხვის პერიოდში მომხმარებელი აქტიურობს, რაც გაყიდვებზე საგრძნობლად აისახება. ფასები არ გაგვიზრდია, რეალიზაციის მხრივ პრობლემები ისედაც არის. გაძვირების შემთხვევაში, მოთხოვნა დაიკლებს და ეს ისევ ჩვენ დაგვაზარალებს.

ყველაზე მეტად კალმახს ყიდულობენ, რომელიც ბორჯომიდან ჩამოგვაქვს. გვაქვს აგრეთვე ცოცხალი ხრამული, რომელსაც მდინარე ხრამში იჭერენ და თიანეთიდან მოდის. ამ სახეობის თევზს სხვაგან ვერ შეხვდებით. კარგი თევზია სქელშუბლაც, მოთხოვნადი, მთელ საქართველოშია გავრცელებული. კეფალი ფოთიდან მოაქვთ. უფრო მაინც კალმახზე ვმუშაობთ. ნებისმიერი ასაკის ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და ამ თვისების გამო კარგად იყიდება", - ამბობს გულნაზი რუხაძე, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მოვაჭრე.

გლდანის სამომხმარებლო ბაზარზე აცხადებენ, რომ კახეთიდან ჩამოტანილ თევზს ჰყიდიან. მომწოდებლებს კვირაში ორჯერ შემოაქვთ. რეალიზაციის კლების გამო, პროდუქტს მცირე პარტიად იძენენ და დღეში 15 კილოგრამამდე ჰყიდიან.

"2010 წლამდე თევზს ფოთელი მომწოდებლებისგან ვიძენდი. უკანასკნელ პერიოდში იშვიათად შემოაქვთ. სამაგიეროდ, კახეთი გააქტიურდა. 1 კგ ცოცხალ კალმახს 10 ლარად ვყიდი. მაღალი ფასების პირობებში, როდესაც ბაზარი ძვირია და იაფ პროდუქტს იშვიათად შეხვდებით, თევზზე არსებული ფასები არ არის საგანგაშო.

სანამ თევზი ცოცხალი სახით აღწევს ბაზრამდე, განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს და დიდ შრომას მოითხოვს. მომწოდებლებს კვირაში ორჯერ შემოაქვთ. ადრე კარგად იყიდებოდა, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. კრიზისმა გაყიდვები მნიშვნელოვნად გააუარესა. ბოლო დროს შეიმჩნევა გამოცოცხლება, მაგრამ რეალიზაციის მაჩვენებელი კრიზისამდელ ნიშნულს მაინც ვერ დაუბრუნდა. ყოველდღიურად 15-17 კგ თევზს ვყიდი. ზამთარში ნავაჭრი 25 კილოგრამამდე ადიოდა.

საერთოდ, ზაფხული თევზის ბიზნესისთვის ხელსაყრელი პერიოდი არ არის. მარხვა უკვე დაიწყო, რაც მაფიქრებინებს, რომ თევზზე მოთხოვნა გაიზრდება და თევზის გაყიდვებზე მცირედით მაინც ჰპოვებს ასახვას", - ამბობს როინ რიგვავა, მოვაჭრე.

ბაზარზე კარგად იყიდება გაყინული თევზი, განსაკუთრებით იმპორტირებული ნაწარმი. თბილისის სუპერმარკეტებში აცხადებენ, რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისით შექმნილი პრობლემები საქართველოში თევზის ბიზნესზე მკვეთრად არ ასახულა და თევზი დღემდე ერთ-ერთ კარგად გაყიდვად პროდუქტად ითვლება.

"მეხუთე წელია, რაც სხვადასხვა სახეობის თევზით ვვაჭრობთ. დაუმუშავებელი თევზი მომწოდებელ კომპანიას შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და ირლანდიიდან შემოაქვს. კარგად იყიდება, მომხმარებლის გააქტიურებას მარხვის სეზონიც უწყობს ხელს. ვყიდით როგორც ცოცხალ, ასევე გაყინულ პროდუქციას. გვაქვს ორაგული, ორაგულის ფილე, პანგასიუსის ნაჭრები და ფილე, სკომბრიე, ქაშაყი დამარილებული, შებოლოლი სკუმბრია, შებოლილი ორაგული და შებოლილი სკუმპრიას ფილა.

ორაგულს 6,4 ლარად ვყიდით, ორაგულის ფილეს 11-ად, პანგასიუსის ფილა 4,90. პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს და ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია.

მომხმარებელი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა. თუმცა, თევზის გაყიდვის მხრივ, სერიოზული პრობლემები არასდროს გვქონია. საერთოდ, კარგად გაყიდვადი პროდუქციაა. უფრო მეტად მაინც ცოცხალი თევზი რეალიზდება, მაღალფასიან და იშვიათი დასახელების პროდუქტებს კი უფრო უჭირთ გაყიდვა, შესაძლოა, იმიტომაც, რომ მომხმარებელი ნაკლებად იცნობს და ვერ რისკავს.

უფრო ორაგულსა და კალმახს ყიდულობენ. ყველაზე იაფია სქელშუბლა - 5 ლარი ღირს, რაც ჩვენს მარკეტში ყველაზე იაფი თევზია", - განმარტავს ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერი.

"თევზის ხარისხიდან გამომდინარე, სხვადასხვა ფასებია. რატომღაც შემოტანილ პროდუქციაზე მეტი მოთხოვნაა. ვყიდით კალმახს, ამურს, კომბრს, ზუთხს და ა.შ. ზუთხის ფასი 38 ლარია, ამიტომ მისი გაყიდვა ცოტა ჭირს. სიძვირის გამო ზუთხის მყიდველთა წრე ვიწროა. გვაქვს ორაგული, 1 კგ 7,50 ლარად იყიდება. ნორვეგიული სიომგა 1 კგ 20 ლარია. 1 კვირაა, რაც მისი შემოტანა შეწყდა და მას ნორვეგიული კალმახი ჩაენაცვლა, რომლის გასაყიდი ფასი 19 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოში გვაქვს საკალმახე, ამიტომ მარკეტში, ძირითადად, იქ მოშენებულ თევზს ვყიდით. გვაქვს აგრეთვე რუსული ხიზილალა. საერთოდ, რუსული პროდუქცია, ძირითადად, აზერბაიჯანიდან შემოდის. თუმცა, ხიზილალა განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებს, რის გამოც მისი ტრანსპორტირება უფრო მეტად კონტეინერებით მოსკოვიდან სომხეთის გზით ხორციელდება. 100 გრ ხიზილალის ფასი 24,70 ლარია, ადრე 18 ლარი ღირდა", - აცხადებს თევზით მოვაჭრე სუპერმარკეტის თანამშრომელი.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ