მსხვერპლი "მილიციელები" აფხაზეთში და ე.წ კანონიერი ქურდების სისხლიანი გარჩევები გუდაუთაში

მსხვერპლი "მილიციელები" აფხაზეთში და ე.წ კანონიერი ქურდების სისხლიანი გარჩევები გუდაუთაში

აფხაზეთში ბოლო პერიოდში ახალი ტენდენცია გამოიკვეთა, - ადგილობრივ "სამართალდამცველებს", აფხაზი ახალგაზრდები უკიდურესი აგრესიით პასუხობენ. არაერთი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ე.წ. მილიციელმა მძღოლი დააჯარიმა, რის გამოც მას სასტიკად გაუსწორდნენ.

ბოლოს ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის მოხდა, - 20 აგვისტოს, სოხუმის რაიონში, "ტურბაზის" ტერიტორიაზე, 25 წლის აინარ ავიძბას ავტომანქანა იყო გაჩერებული. ე.წ. ტექპასპორტის არქონის გამო, "ლეიტენანტმა" ალბერტ ზაბელიანმა დააჯარიმა. მეორე დღეს, ზაბელიანს საკუთარ სახლთან ახლოს დახვდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. მოძალადეებს შორის, მან აინარ ავიძბა ამოიცნო... ადგილობრივების თქმით, ეს აფხაზებსა და სომხებს შორის არსებული დაძაბულობის გამოვლინებაა.

სოციალურ ქსელებში სომხური დიასპორის წევრები წერენ, რომ ასეთი შეთმხვევა პირველი არ არის, - "აფხაზები თავს მასპინძლებად თვლიან და ჩვენს ხალხს აბუჩად იგდებენ... ხშირად აფხაზი ახალგაზრდები აგრესიულები არიან და ამას უკვე ღიად გამოხატავენ... მსგავს ფაქტებზე კი, ადგილობრივი მილიცია და პროკურატურა დუმს" - ამბობენ სომხები.

ასეა თუ ისე, "მილიციის" ნაცემი თანამშრომელი ადგილობრივ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში, - გახეთქილი თავით, მოგლეჯილი ყურებით, მრავლობითი მოტეხილობითა და დაბეჟილობებით გადაიყვანეს... შემდეგმა სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ ზაბელიანს თავის ქალის ტრეპანაცია სჭირდება, რათა იცოცხლოს...

ეს მილიციელებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის, ე.წ. ძალოვნები მუდმივად ხდებიან "კანონდამრღვევთა" მსხვერპლი. არსებობს ვიდეოჩანაწერები, თუ როგორ უსწორდებიან მათ, თუმცა დასჯილი არავინ უნახავთ... ასე რომ, იქ უკვე შეეჩვივნენ რომ "მილიცია" "პატრონიანი მოძალადეებისგან" თავადაც დაუცველია და სულაც არ იქნება გასაკვირი, გარკვეული დროის შემდეგ, ზაბელიანის გახმაურებული საქმეც სხვებივით ჩაიფარცხოს. მით უფრო, რომ ადგილობრივ "მილიციას" აქვს ისეთი გამოცდილებაც, როდესაც დაკავებულის ოჯახის წევრებმა "მილიციის განყოფილებასთან" აქციები გამართეს და იერიშიც მიიტანეს...

ასეთი ფაქტების შემდეგ, აფხაზურ მოსახლეობას არ უკვირს, თუ რატომ არის ასეთი უსუსური ადგილობრივი "მილიცია" სხვა პრობლემების მიმართ. როგორც თავად უწოდებენ თავს, "მრავლისმნახველი" აფხაზურ საზოგადოებას ზაბელიანის საქმის ჩაფარცხვაც არ გააოცებს, რადგან ასეთი "წვრილმანი შემთხვევები"კი არა, "მილიციასა" და ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის "თანამშრომლობაზეც არაერთხელ სმენიათ...

24 აგვისტოს, გუდაუთაში "ქურდების შეხვედრა" გაიმართა, რომელიც ორმხრივი სროლით დასრულდა, თუმცა, "მილიცია" არ ჩარეულა... საქმე ის არის, რომ კრიმინალური სამყაროს ლიდერები, აფხაზეთის რეგიონში რუსეთის ჩრდილოეთიდან და კავკასიიდან ჩავიდნენ. არსებული ინფორმაციით, კრიმინალური სამყაროს ლიდერები ერთმანეთს, რუსეთის სამხრეთ მხარესა და კავკასიაში გავლენების გადანაწილების თემა უნდა განეხილათ... შეხვედრა თავიდან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა...

ორმხრივი სროლებისას მძიმედ დაიჭრნენ, აფხაზეთის "სტუმრები", - რაშატ ალიევის, ე.წ. გიანჯინსკი, რომან დმიტრიევი, ე.წ. რომა სტრავროპოლსკი და ნიკო დგებუაძე, ე.წ. ნიკო გაგრინსკი. აფხაზური მედია, დგებუაძის წარმომავლობას არ აკონკრეტებს, თუმცა, ფაქტია, რომ "სტუმრის" სტატუსით მოხსენიებულ "ნიკო გაგრინსკში", ადგილობრივს არ გულისხმობდა...

არსებული ინფორმაციით, ნიკოლოზ დგებუაძესა და რაშად ისმაილოვს გუდაუთელ ე.წ. კანონიერ ქურდთან, რაულ ბარცბასთან ჰქონდათ დაპირისპირება, რომელიც ქურდულ სამყაროში "პიზის" ზედმეტსახელით არის ცნობილი. თავდაპირველად, "ნიკა გაგრინსკი" მას მარტო ხვდებოდა, თუმცა, როდესაც საუბარი "უჩვეულოდ და შედეგოდ", გაიწელა, აფხაზური მედიის ინფორმაციით, "ნიკოლოზ გაგრინსკის" დასახმარებლად, თურქეთიდან "რომა სტავროპოლსკი" და "რაშად გიაჯინსკი" წამოვიდნენ და გუდაუთელ კრიმინალებს, მოულოდნელად დაადგნენ თავს, რასაც ჯერ კამათი, შემდეგ კი, სროლები მოჰყვა...

"ჩვენი ქუჩის ხულიგნების მიერ შეშინებული მილიცია, იქ მისვლას ვერ გაბედავდა, სანამ ცოცხლები იყვნენ..."- ირონიით აღნიშნავენ აფხაზები. მათივე ინფორმაციით, ცნობილია, რომ დაჭრილები გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მათი შემდგომი ბედი უცნობია. ადგილობრივი "ძალოვანი უწყება" თემის გარშემო დუმს.

ასეთი ფაქტების შემდეგ, ადგილობრივ საზოგადოებას არ სჯერა, რომ რეგიონში ვითარება, თუნდაც რუსეთთან "მეტი ინტეგრაციის" შემდეგაც, შეიცვლება, თუნდაც იმიტომ, რომ ამ (და არა მარტო) სფეროში, კორუფცია რუსეთშიც ყვავის...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ" - რას იხსენებდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ გადარჩენილი რუსი სამხედრო მფრინავები

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე