"რა კომისია, მე ვწყეტ ერთპიროვნულად, თუ არ გჯერა ვასიკოს კითხეო..." - პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე "საზოგადოებრივ მაუწყებელს" აბუჩად აგდებაში ადანაშაულებს

"რა კომისია, მე ვწყეტ ერთპიროვნულად, თუ არ გჯერა ვასიკოს კითხეო..." - პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე "საზოგადოებრივ მაუწყებელს" აბუჩად აგდებაში ადანაშაულებს

პროდიუსერი და სცენარისტი თეონა ჯორბენაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ "განუკითხაობასა და არაფროფესიონალიზმზე" საუბრობს და ამბობს, რომ მაუწყებლის მიერ გამოცხადებული კონკურსები ახალი გადაცემების არჩევაზე, "ბლეფია". ამის დასტურად მას საკუთარი მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ მისი გუნდის მიერ წარდგენილი პროექტი Modem/art, რომელიც ორი თვის განმავლობაში დამტკიცებული ეგონა, მაუწყებელმა დაბლოკა.

"ძვირფასო მეგობრებო, დღეს თავისებური პრემიერა მაქვს, პირველად ვაქვეყნებ გრძელ პოსტს და თან მინდა გთხოვოთ, რომ ბოლომდე წაიკითხოთ... ის რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა იკადრა უპასუხოდ არ შეიძლება დარჩეს...

მოგეხსენებათ, ღამის საათებში ხმაურს აწი კანონი დაარეგულირებს, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომ უკიდურესი განუკითხაობა და არაფროფესიონალიზმი ხმაურობს და არ გვაძინებს, ამას რით ვუშველოთ, 112-ში რომ დავრეკოთ პატრულის ეკიპაჟს გამოგვიგზავნიან თუ Cancel-ს გვიზამენ ?

ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ აპრილის თვეში გამოცხადებული კონკურსი იყო სრული ბლეფი, უსახური წარმოდგენა, რომელიც სავარაუდოდ ემსახურებოდა იმდროინდელი სკანდალების გადაფარვას და არასასურველი ავტორების დიპლომატიური გზით სახლებში გასტუმრებას.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ცვლილებებსა და სიახლეებს იმედით ვხვდები და როდესაც კონკურსი გამოცხადდა, ჩვენმა შემოქმედებითმა გუნდმა გადავწყვიტეთ, მიუხედავად უსიამოვნო ფონისა, დადებითად შეგვეხედა მოვლენებისთვის და კულტურის სიახლეების შესახებ გამოცხადებულ მიმართულებაში შევიტანეთ განაცხადი. სამეტაპიან კონკურსში 153 ავტორი მონაწილეობდა, ჩვენმა სცენარმა და შემდგომ უკვე პილოტმა, სამივე ეტაპი წარმატებით გაიარა და 21 ივნისს პროექტი Modem/art გამოცხადდა გამარჯვებულთა შორის. 12 კაციანმა კომისიამ დიდი შრომა გასწია, რომ საბოლოოდ რეკომენდაცია გაეწია პროექტებისთვის, რომელთა შორისაც 80% მაინც ძველი გადაცემები მოხვდა და 3 თუ 4 ახალი. კომისიის რეკომენდაციები უნდა განეხილა არხის გენერალურ დირექტორს. პასუხმა არ დაგვიგვიანა და არხის მმართველმა გუნდმა კონკურსში გამარჯვებული ავტორები დაგვიბარა შეხვედრაზე, სადაც ყველაზე მთავარი იყო ის, რომ სამოქმედო გეგმა გაგვიზიარეს.

ვასილ მაღლაფერიძემ ხელი ჩამოგვართვა, მოგვილოცა გამარჯვება და ბრძანა, რომ კონტრაქტები ჩვენთან და ჩვენს გუნდთან გაფორმდებოდა 1 სექტემრიდან, ხოლო განახლებული ეთერი დაიწყებოდა 1 იანვარს. შეხვედრის შემდგომ მაღლაფერიძემ განაგრძო საუბარი ჩემთან და ჩვენი პროექტის პროდუსერთან ირინა კავილაძესთან. გვინდოდა გაგვერკვია საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები რომ გავხდებოდით 1 სექტემბერს პარალელურად სხვაგან მუშაობის უფლება გვექნებოდა თუ არა. გენერალურ დირექტორს ასევე ვამცნეთ, რომ ჯგუფის რამდენიმე წევრი სხვა მედიიდან უნდა გადმოგვეყვანა, რაზეც მან გვიპასუხა, რომ ყველანაირად ხელს შეგვიწყობდა და ისიც კარგად ესმოდა, რომ 1000 ლარად ვერავის გადმოვიყვანდით ჩვენთან პირველზე. ასევე მომზადდა სიუჟეტები, თუ რომელ ახალ გადაცემებს იხილავდა მაყურებელი ახალი სეზონიდან.

ამის შემდეგ ცხელ ზაფხულში მატარეს სხვადასხვა ხასიათის სამუშაო შეხვედრაზე, ისიც კი მასწავლეს თუ სერვერზე განთავსებული რომელი ფოლდერიდან უნდა გადმომეწერა მუსიკა გადაცემისთვის, მოგვიწყვეს დაგეგმილი ტექნიკური გადაიარაღების პრეზენტაცია, შეგვახვედრეს არხის მმართველ გუნდს, მთავარ იურისტს, ერთი შეხედვით საქმიანი და მოტივირებული გუნდი მზად იყო ახალი სეზონიდან მთები და რეიტინგები გადაებრუნებინა.

დაუვიწყარი და სადღესასწაულო ჩემთვის მაინც "ფორმატისა და შინაარსის დახვეწაზე" ინდივიდუალური შეხვედრები გახლდათ მედიაწარმოების ბლოკის დირექტორ პაატა ქურდაძესთან. პირველად როცა შევხვდი "დასახვეწად" მითხრა, რომ ჩემი მიმართულების თემის გამოცხადებაზე შეცდომა მოხდა, მან ფრანგულად უთხრა თანაგუნდელებს, რომ საჭიროა გაკეთდეს გადაცემა culture actualité და რადგან არხზე ფრანგული არ იციან, ითარგმა არასწორად და კონკურსი გამოცხადდა კულტურის სიახლეების მიმოხილვაზე. რამდენიმე წუთში გავაცნობიერე, რომ ტრაგი-კომედიის ჟანრში მიწევდა მუშაობა, ასევე მივხვდი, რომ საქმე მქონდა "იქ იჯდა პარიზთან" და უმოკლეს დროში უნდა გამეკეთებინა არჩევანი, "იქ იჯდა თბილისს" მივწოლოდი თუ აჯობებდა "იქ იჯდა ლონდონი" შემეთავაზებინა. თანაც ეს შემთხვევა კიდევ უფრო მძიმე იყო, რადგან პარიზში ჯდომას ემატებოდა ტიტრი - პაატა ქურდაძე/მწერალი. საბოლოოდ, თბილისი და ლონდონი შევაზავე და შეხვედრის დასასრულს გავარკვიე მთავარი, რომ იგი გადაცემის ერთ-ერთ წამყვანად საკუთარ კანდიდატურას მთავაზობდა. პასუხად ყანჩელისეული გრძელი პაუზა და ჯოკონდას ღიმილი მივაგებე და დავემშვიდობე.

მომდევნო შეხვედრა 10 აგვისტოს დაინიშნა, კიდევ უფრო "დახვეწილად" და თავდაჯერებულად შევედი მწერლის კაბინეტში, რადგან ლონდონიდან ახალი ჩამოსული ვიყავი და თანაც BBC მოვლილი. შეხვედრის დასაწყისშივე მითხრა, რომ გაარკვია და რადგან ბლოკს ხელმძღვანელობს, არ ჰქონია გადაცემის წაყვანის უფლება. შემდეგ კვლავ დამიწყო საუბარი culture actualité ფორმატზე. ამ კონკრეტულზე მქონდა მხოლოდ ერთი შეკითხვა 12 კაციანმა კომისიამ, თამარ ბართაიამ, დავით ბუხრიკიძემ რომ იშრომა და "კულტურის სიახლეების მიმოხილვის" ჭრილში მიმოიხილა ჩვენი პილოტი და შემდეგ ეს პილოტი დაამტკიცა აღმასრულებელმა საბჭომ, მათ არ გაუკვირდებათ და არ გააპროტესტებენ უცებ სულ სხვა ფორმისა და შინაარსის გადაცემას რომ ნახავენ ეთერშითქო? დაფიქრებაც არ დასჭირდა ისე მომიგო ფრანგულად Quelle commission qu'est-ce que tu parles, ანუ რა კომისია, რის კომისიაო, ამას მე ვწყეტ ერთპიროვნულად, თუ არ გჯერა ვასიკოს კითხეო :) დასასრულს მთხოვა აგვისტოს ბოლოსთვის, როდესაც შვებულებიდან დავბუნდებოდი, რამდენიმე გადაცემის თემა და სცენარი წარმედგინა და ასევე სტუდიის ესკიზის საბოლოო სახე. ნუ აქ ყველაზე მყარად ვიყავი, რადგან მუსიკის მონახაზი უკვე მზად ჰქონდა ნიკოლოზ რაჭველს და სტუდიის ესკიზიც მზადდებოდა ტრიდე პროგრამაში. სამართლიანობისთვის აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მწერალ პაატა ქურდაძეს არც ერთხელ არ დავიწყებია ეთქვა, რომ კარგად გამოვიყურები...

მოკლედ 10 აგვისტოს შევთანხმდით, რომ ვხვდებოდით 24-25 აგვისტოს და მანამდე გადმომიგზავნიდა იმ ფრანგული გადაცემების ლინკებს, რომელთა ფორმატიც მოსწონდა, ნუ აქაც მყარად ვიყავი, რადგან ზუსად ვიცოდი, რომ ჩვენი გუნდის კიდევ ერთი მთავარი წევრი ირმა ხომერიკი კომპიუტერთან ერთად ფლობდა ფრანგულს.

უზადოდ რომ ააწყობ საქმეს, სეზონის დაწყებამდე, უკვე თავისუფლად შეგიძლია მიეცე დასვენებას და მზესაც მიეფიცხო. აგვისტოს 24 ზღვის სანაპიროზე ხავერდოვნად ჩაივლიდა, რომ არა ჩემი Iphone-ის მოულოდნელი და საბედისწერო წკაპუნი. პაატა ქურდაძის მიერ დაპირებული ლინკების სანაცვლოდ მივიღე ოფიციალური მეილი, რომლის დაუდგენელი ქართულით შედგენილი შინაარსიდან, რაც შესაძლოა კვლავ ფრანგულიდან არასწორი თარგმანის ბრალი იყოს, მხოლოდ ის გავიგე, რომ თურმე ამ კონკურსში ჩემი პროექტი გამარჯვებულ-დამტკიცებულთა შორის არც არასოდეს ყოფილა და ყველაფერი რაც ზემოთ გიამბეთ უბრალოდ, ჩემი ცრუ ხილვები ყოფილა.

მერჩია მართლაც მოჩვენება ყოფილიყო, ვიდრე ის მძიმე ფაქტი გამეცნობიერებინა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვრჩებით ქვეყანაში, სადაც ადამიანთა გუნდის გადათელვა, აბუჩად აგდება საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მერჩია ჩვენი გუნდის ზმანება ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან "დავგუგლე" და სიუჟეტები Modem/art გამარჯვებისა და ახალი სეზონიდან ეთერში განთავსების შესახებ თავიანთ ოფიციალურ არხზე დღემდე უდევთ. დოკუმენტალური და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენი პროექტის გარშემო 21 ივნისიდან 24 აგვისტომდე არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებულა.

აქ კი უკვე ძნელია იუმორი გეყოს, ვასიკო მაღლაფერიძისთვის ხელის ჩამორთმევამ და მისმა პირობამ, რომ 1 სექტემრიდან კონტრაქტები გაფორმდებოდა სხვა შემოთავაზებები დააკარგვინა ჩემი შემოქმედებითი გუნდის 5 წევრს: ირმა ხომერიკი, კახა კინწურაშილი, ირინა კავილაძე, ნინო დარასელი, თამარა გოგელიძე, უარი ათქმევინა მათ სხვა შემოთავაზებებზე. პირობა პირობაა და რადგან ეთერის დასაწყისად ითქვა იანვარი, მეც უარი ვთქვი რამდენიმე საინტერესო პროექტზე, მათ შორის საშობაოზე. ჩვენ გავწიეთ მნიშვნელოვანი შრომა და სანაცვლოდ მივიღეთ რეპუტაციული და ფინანსური ზიანი. აღმოჩნდა, რომ მთელი ეს კონკურსი იყო ჩვენი და მთელი საზოგადოების დაცინვა, უბრალოდ გაგვაშაყირეს, სინამდვილეში ახალი ეთერისთვის მხოლოდ ერთი თუ ორი ახალი გადაცემა ჩაუშვეს წარმოებაში. პარალელურად საბავშვო გადაცემასაც ამზადებენ და კულტურის ნაწილში "ილუზიონს" და კინოჩვენებებს გეგმავენ ყოველგვარი კონკურსში მონაწილეობის გარეშე.

საზოგადოებრივ მაუწყებელში ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს, რომლებსაც ჩემზე მეტად სჯეროდათ, რომ რაღაც ახალი ეტაპი იწყებოდა და დარწმუნებული ვარ, დღეს ჩემზე მეტად განიცდიან.

აქვე ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს მეგობრებს, ჩვენს საამაყო არტისტებს, რომელებიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთენ ახალი პროექტის შენებაში და პილოტისთვის საცდელი ვიდეოები გადაიღეს. ნინო მაჩაიძე, გიორგი გაგნიძე, დავით ალადაშვილი, ნინო კასრაძე, დავით დოიაშვილი... რას ვიზამთ, ჩვენ ვცხოვრობთ უპასუხისმგებლო და არასტაბილურ გარემოში.

სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელთან კი ამ ეტაპზე მაქვს შემდეგი საჯარო შეკითხვები:

1. საერთოდ რაში გჭირდებოდათ ამ კონკურსის მოწყობა თუ საბოლოოდ მხოლოდ ერთი ახალი პროექტის დატოვებას აპირებდით? თქვენ ხომ კანონმდებლობით არ გევალებათ გადაცემების არჩევა კონკურსის გზით! რისთვის შეკრიბეთ 12 კაციანი კომისია?

2. თუ დამტიცებული არ იყო ჩვენი პროექტი, რა საჭირო იყო სამუშაო შეხვედრების გამართვა და წარმოებასთან დაკავშირებული დეტალების განხილვა? თუ დამტკიცებული არ იყო, მაშ რატომ დაგვპირდა არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, რომ 1 სექტემბრიდან ჩვენთან და მთელ შემოქმედებით ჯგუფთან კონტრაქტებს გააფორმებდა?

3. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ "აღმასრულებელმა საბჭომ ამ ეტაპზე არ მისცა რეკომენდაცია პროექტს Modem/Art". რას ნიშნავს "ამ ეტაპზე"? როდის არის შემდეგი ეტაპი? რა პასუხი გავცე იმ ადამიანებს, ვინც ბოლო 2 თვეა უარს ამბობდა ყველა შემოთავაზებაზე, რათა 1 სექტემრიდან სრული დატვირთვით ჩაბმულიყვნენ გადაცემის მზადების პროცესში?

P.S სანამ ამ პოსტს ვწერდი, დამირეკეს და მითხრეს, რომ დღეიდან ადამიანების აბუჩად აგდებასაც დაარეგულირებს კანონი, ცოტას დავფიქრდები, თან გავარკვევ წერილში, რომელიც მივიღე სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით (კონკრეტული არავინ აწერს ხელს), კვლავ ფრანგულიდან თარგმანის შეცდომა ხომ არ არის და მერე აუცილებლად გაცნობებთ დავრეკავთ თუ არა 112-ში" - წერს თეონა ჯორბენაძე.

წაიკითხეთ: რას პასუხობს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" თეონა ჯორბენაძეს, რომელსაც კონკურსში გამარჯვებულ პროექტზე უარი უთხრეს

ნინი ბადურაშვილი დასთან ერთად დუბაიში ისვენებს - დების ზღაპრული მოგზაურობის ფოტოები

"სიყვარულის 2 წელი" - დავით კირკიტაძის მეუღლე ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით, რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს

"პიროვნება, რომელიც რუს ოლიგარქად მოიხსენიეს, არის ჩემი უახლოესი მეგობრის ბიძა, დაბადებული და გაზრდილი გურჯაანში" - ლექსო თამაზაშვილი "ტვ პირველს" პასუხობს