"ყოველი თამაშის შემდეგ ავად ვხდებოდი" - "კრიმხილდა" ტრაგიკული დედის როლში და "ჩცდ"-ს მსახიობები აღდგენილი თეატრის სცენაზე

"ყოველი თამაშის შემდეგ ავად ვხდებოდი" - "კრიმხილდა" ტრაგიკული დედის როლში და "ჩცდ"-ს მსახიობები აღდგენილი თეატრის სცენაზე

ადრე, "არტ-ჰოლის" შენობაში ნაძალადევის მუშა-ახალგაზრდობის თეატრი ყოფილა, სადაც ქართული სცენის ვარსკვლავებს ძალები მოუსინჯავთ, მათ შორის, მედეა ჯაფარიძეს... 27 სექტემბერს ძველი ტრადიცია აღდგა და იქ ახალგაზრდული თეატრი "სივრცე" (სამხატვრო ხელმძღვანელი - კიაზო ჯობავა) გაიხსნა. პრემიერა სოხუმის დაცემის დღეს დაამთხვიეს, სპექტაკლით "ჯვარცმული ბედნიერება" (პიესის ავტორი - ჯემალ მონიავა).

პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, ახალბედა, მოყვარულმა მსახიობებმა მშვენიერი შედეგი აჩვენეს. დარბაზი სცენაზე წარმოდგენილი ტრაგედიის გამო ტიროდა...

დასის ხელმძღვანელი ნანა კუხალეიშვილია, მსახიობი ცნობილი სერიალიდან "ჩცდ" (კრიმხილდა). ამასთან, სპექტაკლში ქართველი დედის უმძიმესი როლი აქვს, რომელიც საკუთარ შვილს დასტირის.

ქალბატონი ნანა მსახიობებთან მეტყველებასა და სახეების შექმნაზე მუშაობს და "ამბები.გე"-საც სწორედ ის ესაუბრა.

- აღფრთოვანებული ვარ ჩვენი თეატრის ახალგაზრდების შესაძლებლობებით, ასე ჩემს პირველ პრემიერაზე (წლების წინ, ლილი იოსელიანის სპექტაკლში) არ მინერვიულია. მოკლედ, მთელი წარმოდგენის მსვლელობისას საშუალება არ მომეცა, მოვდუნებულიყავი. ჩემმა მოსწავლეებმა მაყურებელიც გამხადეს, კულისებიდან თვალს ვერ ვაცილებდი. სასწაული ემოცია იყო, მათ შეუძლებელი შეძლეს... ჩვენმა არაპროფესიონალმა მსახიობებმა დაამტკიცეს, რომ პროფესიონალებს არაფრით ჩამოუვარდებიან. ნიშნის მოგებით კი არა, შინაგანი ძალით, შესაძლებლობით. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანებთან ვმუშაობ.

- ორმაგად საპასუხისმგებლო დღე გქონდათ, - პრემიერა და თეატრის გახსნა...

- დიახ... ეს ახალგაზრდები თავიდან ჩვენი სტუდიის "პროტესტი" მოსწავლეები იყვნენ, სტუდიის, რომელიც საბოლოოდ თეატრად გარდავქმენით, რაც "არტ-ჰოლის" დირექციის დამსახურებაა. დირექტორს ნანა ბერძენიშვილს იდეა გაუჩნდა, "არტ-ჰოლს" საკუთარი თეატრი ჰქონოდა და ამით ძველი ტრადიციაც აღედგინათ. ამიტომ, ამ საქმის ორგანიზება მე და სამხატვრო ხელმძღვანელს შემოგვთავაზეს. გადავწყვიტეთ, თეატრში მხოლოდ დილეტანტებით არ შემოვსაზღვრულიყავით, სცენაზე პროფესიონალი მსახიობებიც მოგვეწვია, რითაც პრაქტიკულად, ქუჩიდან აყვანილ ახალგაზრდებს, პროფესიონალი არტისტების გვერდით დავაყენებდით. მოკლედ, ასე შემოგვიერთდნენ მსახიობები და შეიქმნა პატარა დასი (თუმცა ამ სპექტაკლში ყველა არტისტი არ თამაშობდა).

- პროფესიონალებიდან ახალგაზრდების გვერდით, სცენაზე მხოლოდ თქვენ და ზურაბ ანთელავა იყავით...

- დიახ, ბატონი ზურაბი, რომელიც ჩვენი დასის წევრია... ხომ იცით, მსახიობისთვის სცენა რას ნიშნავს, მით უმეტეს, ცოტა რთულიც იყო მათთვის და ჩვენთვისაც იმის შეთავაზება, რომ ჯერჯერობით არაფერი გვაქვს (ხელფასს ვგულისხმობ), მაგრამ ისეთი პროექტია, რომელიც მომავალში ჩვენს ახალგაზრდებს გამოადგება. შემდეგში აქ სხვებიც მოვლენ, სცენის სიყვარულს ეზიარებიან, შევძლებთ ადამიანები სხვა ცხოვრებიდანაც მოვაბრუნოთ და ამით კარგ საქმეს გავაკეთებთ. მოკლედ, მსახიობები დაგვთანხმდნენ და ყველანაირად გვერდში გვიდგანან... საქართველოში ასეთი პროექტი აქამდე არ განხორციელებულა.

27 სექტემბრის წარმოდგენა მძიმე თემას და დღეს მიეძღვნა, პიესა თავისი შინაარსით რთულია, ამასთან, ჩვენს ახალგაზრდებს აფხაზეთის ომის პერიოდი არ გამოუვლიათ და თითქმის არაფერი იცოდნენ ამის შესახებ, მაგრამ ყველაფერი ისე გაითავისეს და გულთან ახლოს მიიტანეს, რომ ერთი წუთითაც არ მიგრძვნია, რომ ეს ტკივილი არ სტკიოდათ. შესაძლოა, ეს მძიმე ემოცია მივანიჭეთ, მაგრამ თაობებმა უნდა იცოდნენ, საიდან არიან, სად არის მათი ფესვები და სად გაგვიწყვიტეს ჯაჭვი, რომელიც სცენაზე თვითონ გამოიტანეს, რაც საბოლოოდ გაერთიანდა... ეს ის არის, რაც სცენაზე შევძელით და იქნებ მართლა გავერთიანდეთ! რაც მთავარია, ეს მხოლოდ საქართველოს ტკივილი არ არის, ყველაფერი ვიღაცის თითის დაქნევით მოხდა, რის გამოც გაუბედურდნენ ქართველი და აფხაზი დედები, ქართველებისა და აფხაზების ოჯახები... გვინდა, რომ ყველა გონს მოეგოს!

- რას გვეტყვით სპექტაკლის რეჟისორზე?

- წარმოდგენა 20 დღეში რეჟისორმა ვეფხო გორგოძემ დადგა. უნიჭიერესი ადამიანია. ის ერთ-ერთ ახალგაზრდულ თეატრალურ ფესტივალზე აღმოვაჩინეთ, სადაც მის ნამუშევარს გრანპრი გადაეცა. იქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა და საბოლოოდ ჩვენი დასის რეჟისორიც გახდა. იმდენად ღირსეული თვისებები აქვს, რომ ასეთი კარგი წარმოდგენის შექმნა შეძლო.

- სპექტაკლში ერთ-ერთ მსახიობს აფხაზი გოგონას როლი აქვს და რომელმაც შესანიშნავი სახე შექმნა. როგორც აღმოჩნდა, თქვენი შვილია და აქ გასაოცარი ის არის, რომ ჯერ მხოლოდ 15 წლისაა...

- ჩემი გოგონა ანი დადიანი 15 წლისა. რა შემიძლია ვთქვა: სამსახიობო კარიერა ახლა დაიწყო. როგორც ჩანს, გარკვეული უნარები გენეტიკურად გადმოეცა. პატარაობიდან ესწრებოდა ჩემს რეპეტიციებს, მასთან ხანდახან მიწევდა მუშაობა. ნიჭიერია და ვფიქრობ, მეტიც შეუძლია და დიდ წარმატებასაც მიაღწევს, იმხელა შინაგანი ძალა აქვს, ანუ ის ძალა და გაბედულება, რაც მსახიობს მართლა სჭირდება. ხომ ვამბობს, ძალიან ვინერვიულე, რადგან ამდენ სანერვიულოს, შვილის დებიუტიც დაერთო.

როლების განაწილება რომ დავიწყეთ, გვინდოდა, ყველაფერი ისე და იმის მიხედვით ყოფილიყო, როგორც საჭირო იყო, საქმეს სჭირდებოდა და არა ისე, ვინ ვისი შვილია. ჩვენთან ყველა გოგო ნიჭიერია, მაგრამ იმის გამო, რომ ანანოს მეტი გამოცდილება ჰქონდა, ამ როლისთვის სწორედ ის შევარჩიეთ. მუშაობისას მივხვდით, რომ არ შევმცდარვართ. ყოველ რეპეტიციაზე რაღაც ახალი მოჰქონდა, - გრძნობა, ემოცია. ასე რომ, თვითონაც ემოციის ქვეშ ვარ, ანანო იყო ეს, თუ სხვა?

თქვენსავით ბევრს არ სცოდნია, რომ ჩემი შვილია და სპექტაკლის შემდეგ იყო უამრავი გაოცებული სახე. გაოცება ორმაგდებოდა, როდესაც იგებდნენ, რომ ჯერ მხოლოდ 15 წლის არის...

მთელი ბავშვობა სცენაზე გავატარე, მაგრამ როლი არასდროს მითამაშია. მხოლოდ მხატვრული კითხვა და ღონისძიების წამყვანობა მიწევდა. ვაღიარებ, ამის ასაკში ასეთი ნიჭიერი არ ვყოფილვარ.

- თქვენს უმძიმეს როლს როგორ აფასებთ?

- მე ქართველი ტრაგიკულ დედას ვასახიერებ... დედა, რომელსაც აფხაზებმა შვილი მოუკლეს... ყოველი რეპეტიციის შემდეგ ისეთი როლია, რომ ცუდად ვიყავი, ავად ვხდებოდი...

მოკლედ, მაყურებელს სერიოზული ემოციები ჰქონდა და მიხარია, რომ სპექტაკლს წარმატება მოჰყვა, ასეთი დასი ჩამოყალიბდა. დიახ, ვინც არ უნდა იყოს აქ მომავალში, კარგია, რომ მუშათა თეატრის ტრადიცია აღდგა და  ასე გრძელდება, სადაც თავის დროზე ძალები ქართული სცენის კორიფეებს მოუსინჯავთ...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს