ავტორი:

"ჩემს თავს ტელევიზორში ვერ ვუყურებდი, მრცხვენოდა" - ჩცდ-ის ტასო ეკრანს მიღმა: როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც გადასაღებ მოედანზე გაიზარდა

"ჩემს თავს ტელევიზორში ვერ ვუყურებდი, მრცხვენოდა" - ჩცდ-ის ტასო ეკრანს მიღმა: როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც გადასაღებ მოედანზე გაიზარდა

ალბათ, იშვიათია ადამიანი, რომელიც 4 წლის ასაკში, როცა სკოლაშიც არ დადიოდა, მუშაობა დაეწყო. ქეთა ორბელაძე ამ იშვიათთა შორისაა. გოგონას ჩვენში ყველა იცნობს და უყვართ, რადგანაც 10 წელია, პოპულარული სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟია, სახელად ტასო. ქეთა, შეიძლება ითქვას, რომ გადასაღებ მოედანზე გაიზარდა - უკვე 14 წლისაა. თინეიჯერს, 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის მეცხრეკლასელს, აქვს მიზანი, რის მისაღწევადაც უკვე აქტიურად მუშაობს, თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ყველა ჟურნალისტი მასთან ინტერვიუს მაინც ასე იწყებს - ახსოვს, თუ არა პირველი გადაღება და მაშინდელი ემოციები, - რაზეც ასე პასუხობს:

- სერიალი რომ დაიწყო, 4 წლის ვიყავი, 5-ის ვხდებოდი, - ეს ძალიან პატარა ასაკია იმისთვის, რომ რაიმე კარგად მახსოვდეს... ჩემთვის რთული იყო პროფესიონალ მსახიობებთან მუშაობა, მათი ჯგუფის წევრობა, ამის გამო რაღაც პერიოდის განმავლობაში მიჭირდა კიდეც. კითხვა არ ვიცოდი და ტექსტებს ისე ვიმახსოვრებდი, ამ ყველაფერზე დიდი დრო მჭირდებოდა და ასაკის გამო ბევრი დეტალი, თუ ეპიზოდი არ მახსოვს.

ერთი ორი წელიწადი ჩემს თავს ტელევიზორში ვერ ვუყურებდი, გვერდით ოთახში გავდიოდი, თითქოს მრცხვენოდა და ვიმალებოდი, მაგრამ იმას ვხედავდი, რომ ჩვენს სერიალს ყველა უყურებდა, მოსწონდათ, ამით ვგრძნობდი, რომ რაღაც კარგი ხდებოდა, იმასაც ვგრძნობდი, რომ წინ კიდევ უფრო მეტი კარგი ამბები მელოდა. ეს უკვე ყველაზე სასიამოვნო განცდა იყო ჩემთვის,- იხსენებს ქეთა.

- ახლა როგორ აფასებ შენს ნამუშვარს - კიდევ იმალები?

- არა, მაგრამ არასდროს მომწონს ჩემი ნამუშევარი, თვითკრიტიკული ვარ და საკუთარ თავს სულ ვეუბნები - უკეთესად შეგიძლია და კიდევ კარგად უნდა სცადო... ყოველთვის ასე ვარ.

- შენი პერსონაჟი როგორ მოგწონს?

- ჩემი აზრით, ტასო ის გოგოა, რომელსაც შეუძლია ყველანაირი წინააღმდეგობა, რაც უნდა შეხვდეს, თავისი ხასიათით დაძლიოს, გადააგოროს, მაგალითად, კონფლიქტი მასწავლებელთან, მშობლებთან. ამ ყველაფერს თავისი ხასიათით აგვარებს. აქვს არაერთი უარყოფითი თვისებაც...

- კი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველას არ ჰგავს, გამორჩეულია...

- კი, ყველაფერს სხვანაირად უყურებს, ფიქრობს, აღიქვამს და მოქმედებს. ხანდახან კარგიც არის, რაღაც სირთულეებს წინ ისე აღუდგე, როგორც ტასო, მაგრამ ზოგჯერ ძალიან მაღიზიანებს. უფროს ადამიანებთან ზედმეტი მოსდის. ისე, ვისთვის როგორ, მაგრამ ეს ჩემთვის მიუღებელია.

- პანდემიის პერიოდში როგორ მიდის შენი სწავლის საქმეები?

- მსოფლიოში რაც ხდება, ის სიტუაციაა ჩვენთანაც - ნორმალურად არც სკოლა და არც გადაღებებია. რაც მთავარი იყო, სწავლა და მუშაობა ჩემთვის, ჯერჯერობით შეწყდა. პირველი ექსპერიმენტული სკოლის მეცხრეკლასელი ვარ. ონლაინგაკვეთილები მიტარდება. ამის გარდა, დავდივარ ინგლისურზე, მათემატიკაზე, ანუ იმ საგნებზე, რაც ჩემი აზრით, მჭირდება და მინდა. დანარჩენი, სხვა არაფრით ვარ დაკავებული, არც სიმღერით, არც სპორტით. ჩემთვის მნიშვნელოვანია სწავლა, თუმცა სიმღერაზე და ცეკვაზეც დავდიოდი, მაგრამ თავი დავანებე. მინდოდა, სწავლისთვის მეტი დრო დამეთმო. მოკლედ, არჩევანის გაკეთება მომიწია, რაც მშობლებთან შეთანხმებით გადავწყვიტე. კი მენატრება სუხიშვილების სტუდია და იქაური სიტუაცია, მაგრამ როგორც ვთქვი, ამ ეტაპისთვის უკეთესი იქნებოდა მეტი კონცენტრაცია სწავლაზე გამეკეთებინა..

- რა პროფესიის არჩევა გინდა?

- ძალიან მიყვარს ბიოლოგია და ქიმია, უცხო ენებიდან - ინგლისური. ახლა რომ ვუფიქრდები, მხოლოდ რამდენიმე წელიწადი იყო ისეთი, როცა ''თეატრალურზე'' მინდოდა ჩაბარება, რათა მსახიობი გავმხდარიყავი, მაგრამ უკვე დიდი ხანია, სამედიცინოზე მინდა სწავლა, ისე ჯერ დრო მაქვს და კიდევ კარგად უნდა დავფიქრდე, რომ გადაწყვეტილება მივიღო. ახლა კი მეტი ყურადღება უნდა გავამახვილო იმ საგნებზე და იმ საქმიანობაზე, რომელიც ამჟამინდელი გადაწყვეტილებით, სამომავლოდ მჭირდება, რადგანაც, ხომ ვამბობ, ექიმობა მინდა...

- როგორც ტასო, შენც თინეიჯერი ხარ. ეს პერიოდი მოზარდებისთვის ცოტა რთულია, თავისებურებებით ხასიათდება... კონფლიქტი მშობლებთან, მასწავლებებთან თუ მოგსვლია, ის რაც ტასოს ახასიათებს ხოლმე...

- ჩვენი ასაკი თინეიჯერობის გამო ცოტათი რთული პერიოდია, ხანდახან უნებლიედ წვრილმანი რაღაცები გვაღიზიანებს, - ხან მარტო გვინდა ყოფნა, ხან - ზედმეტად მხიარულები ვართ, მაგრამ მშობლებთან, მასწავლებლებთან კონფლიქტი, გაუგებრობა არასდროს მქონია. ჩემს ოჯახთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. თუმცა არის პერიოდები, როცა დაუფიქრებლად ვლაპარაკობ, მაგრამ ასეთი ქცევები ჩვენი ასაკისთვის დამახასიათებელია. ამ დროს მშობლებმა შვილებს უნდა გაუგონ...

- პატარა დები გყავს, ხომ?

- კი, 2 და მყავს. 11 წელი დედისერთა ვიყავი და მერე თათული გაჩნდა, რომელიც 2 წლის და თვეებისაა და მყავს მაშო - ერთი წლის და თვეების. დედას მათ გაზრდაში ყველაზე მეტად მე ვეხმარები. ძალიან მინდოდა, დედმამიშვილები მყოლოდა. მარტო რომ ვიყავი და ვინმე მეკითხებოდა, დედამამიშვილი გყავსო? - კი, გიორგი-მეთქი და ჯეკო რომ არის სერიალში, ტასოს ძმის როლში, იმაზე ვამბობდი. ახლა უკვე 2 და მყავს.

- მინდა, შენს ეკრანულ მშობლებზეც გკითხო - როგორი ურთიერთობა გაქვს ლევან ყოჩიაშვილთან და ანი ტყებუჩავასთან?

- როცა მათზე ვლაპარაკობ, სულ ვიღიმი. ორივე მიყვარს. პრინციპში, მათ მასწავლეს ყველაფერი - ადამიანური ურთიერთობები. სერიალის მშობლებთან უფრო მეტი დრო მაქვს გატარებული, ვიდრე სახლში, ჩემს ნამდვილ მშობლებთან, რადგან გადაღებებს დიდი დრო მიაქვს და ამიტომ, სულ ერთად ვიყავით და ვართ. ბევრს ვმუშაობდით იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად გაგვეკეთებინა. მოკლედ, მათ დასახასიათებლად სიტყვები არ მყოფნის, სასწაული ადამიანები არიან, ორივეს მადლიერი ვარ, რადგან აქამდე ვინც ვარ და როგორიც, მათი დამსახურებაცაა.

არ ვიცი, ამისთვის რამდენი მადლობა უნდა ვუთხრა. თითოეული მათგანი ბევრს ნიშნავს ჩემთვის და არა მარტო ეგენი, სერიალის მთელი გუნდი.

- ბოლო სეზონი, სევდიანად დამთავრდა - ნინო სახლიდან წავიდა. რა იქნება შემდეგ სეზონზე?

- ჰო, მაგაზე ყველა მეკითხებოდა - ასე რომ დამთავრდა, აღარ გააგრძელებენო? ჯერჯერობით ამ პანდემიის გამო არ გვაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად როდის განახლდება სერიალი, კონკრეტული თარიღი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ მუშაობას მალე დავიწყებთ და ეთერშიც გავალთ.

- პოპულარობა შენს ცხოვრებაში ძალიან ადრე მოვიდა. რას ნიშნავს ეს თინეიჯერი გოგონასთვის?

- როდესაც ქუჩაში მხვდებიან, მიღიმიან, თბილ სიტყვებს მეუბნებიან, კარგი გრძნობაა, - რატომაა ცუდი, როცა ამდენ ადამიანს უყვარხარ?! და ყველას მადლობა ამ სიყვარულისთვის.

კავკასიაში პირველი მუზეუმი ნაქალაქარზე - ფოტოები ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან, სადაც გამოფენა გაიხსნა

"მამამ მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო!" - ქალი, რომელიც იტალიაში ქართული მწერლობის უპირველეს დესპანად იქცა

ჩცდ-ის ბაქარი დაქორწინდა - როგორი ქორწილი ჰქონდა ბუბა მირცხულავას და ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)