მირზა სუბელიანის განცხადება გათავისულებაზე მთავარმა პროკურორმა დააკმაყოფილა

მირზა სუბელიანის განცხადება გათავისულებაზე მთავარმა პროკურორმა დააკმაყოფილა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უწყების თანამშრომლის, მირზა სუბელიანის განცხადება დააკმაყოფილა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების მონაწილე ერთ-ერთი მოსწავლის მშობელია. მან მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით გუშინ მიმართა, რის მიზეზადაც მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილება დაასახელა.

როგორც ცნობილია, N51-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს თ.ჩ.-ს და ა.ს-ს (სუბელიანის ვაჟი) და უფროსკლასელებს შორის, კონფლიქტი საპირფარეშოში დაიწყო. ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მათ უთხრა, რომ გაკვეთილების შემდეგ ორივეს სკოლის გარეთ შეხვდებოდნენ. მომხდარის შემდეგ პროკურატურის თანამშრომლის ვაჟმა, ვინაიდან მასთან კონფლიქტში მყოფები იყვნენ მასზე ასაკით უფროსები, დახმარებისთვის არასრულწლოვან ნათესავს - მ.კ.-ს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო. თავის მხრივ მ.კ, რომელიც სუბელიანებისს ნათესავია შემთხვევის ადგილზე მეგობრებთან ერთად მივიდა და სწორედ ამის შემდეგ ჰანვითარდა ტრაგიკული მოვლენები.

სუბელიანების ნათესავი, არასრულწლოვანი მ.კ-ს მშობელი, თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. გამოძიებამ დაადგინა, რომ თ.კ.-სთვის, ასევე, მისი შვილების - ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ (მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც მიმალვაშია) განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, მოქალაქე თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის.

რაც შეეხება მირზა სუბელიანს, მან განცხადებაში აღნიშნა, რომ "შვილთან ერთად, რომელიც ნამდვილად იყო შემსწრე მომხდარი უბედურების, პირველ დეკემბერსვე გამოვცხადდი პოლიციის სამმართველოში, ჩემმა შვილმა გამომძიებლებს მისცა ამომწურავი ჩვენება და თანამშრომლობს გამოძიებასთან".

სუბელიანი მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. იქამდე კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტი ეკავა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანი, სასჯელაღსრულების და პრობაციის ყოფილი მინისტრის და ლტოლვილთა ამჟამინდელი მინისტრ სოზარ სუბარის ნათესავია. თუმცა, მინისტრმა აღნიშნული უარყო მას შემდეგ, რაც სუბელიანი სასჯელაღსრულების სამინისტროში უწყენის გენ.ინსპექციის უფროსად დაინიშნა. მინისტრის თქმით, მასსა და სუბელიანს შორის არა თუ ახლო ნათესაური კავშირი, შესაძლებელია შორეულიც არ იყოს: "მირზა სუბელიანზე ჩემი არჩევანი შეჩერდა, რადგან მას პირველ რიგში დადებითად საკუთარი კოლეგები ახასიათებენ. ასევე ვთვლი, რომ ის კარგი პროფესიუნალია და აქვს ამ თანამდებობისთვის საჭირონ პიროვნული თვისებები".

ამასთან, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმის პროკურორის, სოსო ხუციშვილის განმარტებით, მირზა სუბელიანს გამოძიებაზე ზემოქმედების მოხდების არავითარი საშუალება არ აქვს. ამის შესახებ პროკურორმა სასამართლოში განაცხადა:

"სუბელიანმა გუშინ მიმართა განცხადებით მთავარ პროკურორს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მინდა საზოგადოებისთვის ნათელი იყოს, რომ გამოძიებას აწარმოებს შს სამინისტრო, ხოლო პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებს. შესაბამისად, მირზა სუბელიანს რა სპეკულაციებიც იყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ვერანაირი შემხებლობა ვერ ექნებოდა ამასთან, ვინაიდან საქმეზე საპროკურორო ხელმძღვანელობას ახორციელებს თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილება, ხოლო სუბელიანი მუშაობდა მთავარი პროკურატურის კადრების განყოფილებაში და თეორიული შანსიც კი, რომ ამ საქმეზე ზემოქმედება მოეხდინა, გამორიცხულია. მან პოსტი დატოვა ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ არ მომხდარიყო ამ საქმეზე სპეკულაციები", - განაცხადა ხუციშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს