27 წლის მერი, რომელიც ქალაქს მესენჯერით მართავდა, დააპატიმრეს

27 წლის მერი, რომელიც ქალაქს მესენჯერით მართავდა, დააპატიმრეს

ბომ ჟარდიმის მერი, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე ქალაქს მესენჯერით WhatsApp მართავდა, დააპატიმრეს და ციხეში სულ მცირე 14 წელს გაატარებს. მას განათლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან მილიონობით რეალის მითვისებას ედავებიან.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მისი დაჭერა გადაწყვიტეს, 27 წლის ლიდიენ ლეიტი ქალაქ სან-ლუიზში გაიქცა, სადაც ფუფუნებით ცხოვრობდა და საკუთარი ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს "ვოთსაფით" ეკონტაქტებოდა.

ლეიტი 39 დღის მანძილზე იმალებოდა, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდა.

სასამართლო პროცესები 2 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, საბოლოოდ კი ლეიტს 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ბომ ჟარდიმი ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქალაქია, სადაც 40 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ბევრი ოჯახი შვილს სკოლაში მხოლოდ იმიტომ ატარებს, რომ იქ დღეში ერთხელ უფასოდ საკვები ეკუთვნით. ადგილობრივების თქმით, ლეიტის მმართველობის დროს სკოლებში ბავშვებს აღარ აჭმევდნენ და სწორედ ეს გახდა პირველი მიზეზი, რის გამოც მერის საქმიანობის გამოკვლევა დაიწყეს.

სამართალდამცველებმა ნახეს მერის სოციალური ქსელების გვერდები, სადაც ჩანდა, როგორ მდიდრულად ცხოვრობდა ლიდიენი.

"სანამ მერი გავხდებოდი, ღარიბი ვიყავი, მყავდა "ლენდ როვერი", ახლა კი "ტოიოტა"SW4-ით დავდივარ. შეიძლება, უფრო მდიდრული მანქანაც ვიყიდო, რადგან, მადლობა ღმერთს, მაქვს ამისთვის საკმარისი ფული," - დაწერა "ინსტაგრამზე" ლეიტმა.

ამასთან, სოციალურ ქსელში აღნიშნავდა, რომ ყველაფრის ყიდვა შეეძლო, რასაც მოისურვებდა და სულაც არ ადარდებდა, ამის შესახებ რას ფიქრობდა ხალხი.

მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა სამართალდამცველებმა მისი დაკავება გადაწყვიტეს, ლეიტი ქალაქიდან გაიქცა და საკუთარ ხელქვეითებს "უოთსაფის" საშუალებით უკავშირდებოდა. ეუბნებოდა, რომ ჯერ კიდევ მერი იყო და უკრძალავდა პროკურორებთან საუბარს.

ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, ყოფილ მერს ჯერ კიდევ აქვს საშუალება, სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს