"ჩვენს თვალწინ ადამიანს კლავენ! ანადგურებენ მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მომღერალს!" - რას წერს თეონა ჯორბენაძე პაატა ბურჭულაძის შესახებ

"ჩვენს თვალწინ ადამიანს კლავენ! ანადგურებენ მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მომღერალს!" - რას წერს თეონა ჯორბენაძე პაატა ბურჭულაძის შესახებ

პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე ფონდ "იავნანას" დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის ირგვლივ აგორებულ სკანდალს ეხმაურება და "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ წერილს აქვეყნებს. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ბურჭულაძე პროკურატურაში გამოსაკითხად დაიბარეს, საქმე ეხება ფონდის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის ფაქტს.

აი, რას წერს თეონა ჯორბენაძე ვრცელ წერილში:

"ჩვენს თვალწინ ადამიანს კლავენ, ანადგურებენ მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მომღერალს! პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ დღემდე ვერ მოიძიეს ვერც ერთი მტკიცებულება, მის წინააღმდეგ რომ მართული კამპანია მიმდინაეობს ეს კი აშკარა ფაქტია, რასაც თავად კამპანიის ავტორები გვიდასტურებენ ყოველდღიურად.

ამ ტექსტს ვწერ მხოლოდ ადამიანებისთვის, ან მათთვის ვისაც თავის უმთავრეს მისიად მიაჩნია, რომ დარჩეს ადამიანად. ვწერ როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ავტორი და პროდუსერი მრავალი კულტურული პროექტისა, რომელსაც უნდა ცხოვრობდეს და შრომობდეს ნორმალურ საზოგადოებაში და არა ვამპირებში, მარტორქებში და კაციჭამიებში, რომლებიც თავისი უზნეო საქმეებისთვის სავარაუდოდ, უხვად ფინანსდებიან.

ადამიანის დამცირება ისეთი ჩვეულებრივი რამ გახდა, ისე მივეჩვიეთ, რომ შესაძლოა ვეღარც ვამჩნევთ თუ ვეღარ განვიცდით, როცა ჩვენს თავლწინ, ყოველ დღე წვეთ-წვეთად კლავენ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ ქართველ მომღერალს. ჩემთვის ეს ადამიანის განადგურების აშკარა მცდელობაა, გაზის კამერაზე და დახვრეტაზე არანაკლებ მძიმე.

ბინძურ და სამარცხვინო კამპანიას პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ სათავეში ჩაუდგნენ ისინი, ვინც თავის დროზე საკუთარ თავზე გამოსცადა ცილისწამების სიმწარე. თითქოს დადგა დრო, როცა ამ სენისგან სხვები უნდა დაეცვათ, თუმცა, როგორც ჩანს, "ვამპირის ნაკბენმა" თავისი ქნა და ახლა თავად იქცნენ საშიშ და დაუნდობელ ძალად. POST TV შალვა რამიშვილის ხელმძღვანელობით პაატას "გასაშავებლად" უკვე მე-9 ვიდეოს აქვეყებს, ვინ აფინანსებს ამხელა კამპანიას? ეს ხომ აშკარა და მიზანმიმართული ბრძოლაა?

როდესაც ვიკითხე, პოლიტიკიდან ხომ წავიდა, რატომ დევნით სცენაზე დაბრუნებულ პაატა ბურჭულაძესთქო, პასუხად მივიღე უცნაური ფრაზა - პოლიტიკაში რომ მობრუნდესო(?!)... ალბათ, შემდეგ ითათბირეს და გადაწყვიტეს პრევენციის მიზნით, შეელახათ მისი სახელი და მოეკლათ ათასობით გაჭირვებული ადამიანის იმედი და ასეულობით არტისტის თავგანწირული შრომითა და სიყვარულით ნაშენები ფონდი "იავნანა".

სიძულვილის ენით გაჯერებულ პირველივე ვიდეოში, საბჭოთა პროპაგანდის ნაცად მეთოდს დაესესხენ, თავისი გახმოვანებისა და თხრობის მანერით და შეეცადნენ ეჩვენებინათ პაატა ბურჭულაძის "ნამდვილი სახე". თურმე ფონდი "იავნანა" მან იმიტომ დააარსა, რომ კეთილდღეობა აკლდა, ძლივს მოიფიქრა ისეთი "ფინანსური მახინაცია", რომ ბოლოსდაბოლოს ღირსებოდა კარგი მანქანა, გადაეხადა ქორწილი და თავისი შვილებისთვის ბინები შეეძინა.

პაატა ბურჭულაძემ თავის კარიერაში ყველა სიმაღლეს მიაღწია, 28 წლის იყო, როცა პირველი კლასის თეატრების სოლისტის სტატუსი მოიპოვა და მას შემდეგ ყოველდღიური შრომისა და პასუხისმგებლობის წყალობით, კარიერის მწვერვალის შენარჩუნება შეძლო ათეული წლები და დღესაც მონტე-კარლოს საოპერო თეატრში გასტროლისთვის ემზადება. არაერთი ქვეყნის პირველი პირი თუ სამეფო ოჯახი პატივისცემის ნიშნად, მას პირად ჯილდოს გადასცემდა.

წლების მანძილზე იყო გაეროსა და "იუნისეფის" კეთილი ნების ელჩი. და რაც მთავარია, მისი მოღვაწეობა ყოველთვის უკავშირდება განვითარებულ ქვეყნებს, სადაც დიდ არტისტებს განსაკუთებულად აფასებენ და არამხოლოდ სიტყვითა და პატივით. ერთი ან ორი სოლო-კონცერტის ჰონორარით პაატა ბურჭულაძეს თბილისში ყოველთვის შეეძლო ეყიდა კარგი მანქანაც და რამდენიმე ბინა.

ფაქტებს დავუბრუნდები, 12 სექტემბერს ვახტანგ კომახიძემ და შალვა რამიშვილმა youtube-ზე ატვირთეს თავიანთი "საბჭოთა შედევრი", მოქალაქე ანდრია გვიდიანმა კი, რომელსაც არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია "იავნანასთან" ისე უცნაურად დაემთხვა, რომ მაშინვე ნახა, აღშფოთდა და მეორე დღესვე შეადგინა სარჩელი. ასეთი მყისიერი რეაგირება უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტებსაც კი დღემდე უკვირთ, უკვირთ ფსიქოლოგებსაც, რადგან ნანახი სიუჟეტის გააზრებას, გადაწყვეტილების მიღებას სარჩელის მომზადების შესახებ, შემდეგ მის შედგენას, სრულიად დაუჯერებელია, ერთი ან თუნდაც ორი დღე ეყოს. მოკლედ აღშფოთებული მოქალაქე გვიდიანი 14-ში დილით სარჩელით ხელში უკვე პროკურატურასთან იდგა და თან მანამდე ტელევიზიების გაფრთხილებაც მოასწო. დასამახსოვრებელი კადრიც გამოუვიდა - "კამერა ჩართულია, წამოდი!", თითქოს ეს ხმაც კი გესმის, მომდევნო კადრში მოქალაქე გვიდიანი ფურცლით ხელში ადის საქართველოს პროკურატურის კიბეზე და 20 სექტემბრისთვის ნანახი ფილმის საფუძველზე მას უკვე 2-ჯერ აქვს მიცემული ჩვენება. მოქალაქე გვიდიანის ჩვენებაზე დაყრდნობით, 20 სექტემბერსვე აღიძრა საქმე.

სამწუხაროდ, საჩივრის ავტორი არაერთი შეთავაზების მიუხედავად, აღარ ჩნდება მედიასთან, არადა საინტერესო იქნებოდა მისი გამოცდილება იმ ადამიანებისთვის, ვინც მართლაც ელოდება "სამართლიანობის აღდგენას" და პროკურატურას წლებია იმედით შესცქერის. მხოლოდ ნანახი ფილმის საფუძველზე ასეთი რა სარწმუნო ჩვენება მისცა მოქალაქე გვიდიანმა, რით მოახდინა ისეთი ეფექტი, რომ მაშინვე აღიძრა საქმე? მომდევნო ეტაპზე "იავნანამ" პროკურატურას გადასცა მათ მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი, გამოკითხვაზე იყვნენ ფონდის თანამშრომლებიც. მესამეა თვეა საქმე მოკვლევის პროცესშია და დარღვევაც კი არ არის გამოვლენილი.

თითქოს ყველაფერი მიწყნარდა და ის ხალხი, ვისაც სამართლიანობის გამარჯვების სჯერა, გულის სიღრმეში ის იყო ელოდნენ პროკურატურის დასკვნას, რომ საფუძვლიანმა მოკვლევამ აჩვენა "იავნანაში" ყველა თეთრი გამჭვირვალეა და არანაირი მითვისებული მილიონები არ არსებობსო, რომ კვლავ აგორდა ახალი სკანდალი. ფონდის ადვოკატმაც კი ჟურნალისტებისგან გაიგო, რომ პროკურატურა გამოკითხვაზე იბარებდა პაატა ბურჭულაძეს. გამოკითხვა არ არის დაკითხვა, ეს სრულიად უწყინარი პროცესია, თუმცა შავი პიარის მორიგი ტალღისთვის ძალზედ ხელსაყრელი. დაქირავებულ მედიას კიდევ ერთხელ მისცეს დავალება შეელახათ მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბანის სახელი, კიდევ ერთხელ მოეკლათ "საკონტროლო გასროლით" "ფონდი იავნანა".

პაატა ბურჭულაძემ, იმისთვის, რომ პროცესი საზოგადოებისთვის იყოს მეტად გამჭვირვალე, გამოკითხვა მოითხოვა მოსამართლის თანდასწრებით. დასახელდა რიცხვიც - 2018 წლის 8 იანვარი. ეს ამბავი როგორც კი ითქვა საჯაროდ, ერთ დროს "გაშავებულებმა" ახალი ფილმი გამოაქვეყნეს, გაჯერებული მორიგი სიცრუითა და ციფრების მანიპულაციით.

დაველოდოთ მოვლენებს, დაველოდოთ პაატა ბურჭულაძის საჯარო გამოსვლას 8 იანვარს.

მანამდე კი უბრალოდ გავიხსენოთ, ასე წვეთ-წვეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ, ვისი მოკვლა განიზრახეს ჩვენს თვალწინ... და თუ სიჩუმეს ვარჩევთ, მერე აღარ უნდა გაგვიკვირდეს იმ გარემოში, სადაც გამუდმებით კლავენ რწმენას, "ციანიდს" გვასმევენ ყოველ დღე, იქ სადაც წახალისებულია დაუნდობლობა და სისასტიკე, ნუღარ გავიოცებთ, რომ მოზარდები იმეტებენ და კლავენ ერთმანეთს" - წერს პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე "ფეისბუქზე".

ვრცელ წერილს ხელოვნების ცნობილი მოღვაწეების მხარდამჭერი კომენატები მოყვა:

ნიკოლოზ რაჭველი, დირიჟორი: "ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო კამპანია, რის შესახებაც კი ოდესმე მსმენია, შეგნებული მიზნის არსებობის გარეშე ამდენი ვიდეო, საგაზეთო სტატია თუ გადაცემები დაუჯერებელია, რომ ვინმემ მოამზადოს, ნიშანდობლივია ამ მასალების გავრცელების გზებიც... 21-ე საუკუნეში რა სახითაც შეიძლება ვიხილოთ ადამიანის დევნა და რეპრესია ვფიქრობ, რომ ეს არის. და ვის უხარია ეს ყველაფრი მართლა ვერ ვხვდები..."

მარინა ბერიძე, პროდიუსერი: "რატომ ანიჭებთ სიამოვნებას გაურკვეველ შეუმდგარ ადამიანებს უნიჭიერესი და საამაყო ადამიანების მოსპობა, რატომ!!!!!!!!!!!! ეს მკვლელობის ტოლფასია და მე ეს კარგად ვიცი, ამ სიცოცხლით და ბედნიერებით სავსე ქალაქში ყველაფერი მოსულა!!!!!!"

მარინა სალუქვაძე, ჟურნალისტი: "ნუთუ არ მობეზრდათ ამ სიბინძურის ტირაჟირება?! დავალების მიმცემიცა და შემსრულებელიც ერთნაირად სამარცხვინოები არიან!!! საოცარი პროტესტის გრძნობა მაქვს!!!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს