"პასპორტი გაქვს, მაგრამ არაფერს ნიშნავს - ჰაერი ხარ და არა, მოქალაქე" - რომელი ქვეყნების ნახვაზე ოცნებობენ აფხაზები?

"პასპორტი გაქვს, მაგრამ არაფერს ნიშნავს - ჰაერი ხარ და არა, მოქალაქე" - რომელი ქვეყნების ნახვაზე ოცნებობენ აფხაზები?

"მძიმე სოციალური ფონი, ყოველდღიური კრიმინალი, "თეთრი სიკვდილი", ავტოსაგზაო შემთხვევები... პროპლემები შინ და გარეთ, ყველგან, სახლში, სამსახურში, ქუჩაში, სამეგობროში... ამასობაში კი გადის ცხოვრება, ამ დაჭაობებულ ქვეყანაში" - წერენ აფხაზები და EKHO Kavkaza-სთან საუბარში მათთვის საოცნებო ევროპის ქვეყნების დათვალიერებაზე საუბრობენ.

იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ბრიტანეთი, - ეს არის ქვეყნების არასრული ჩამონათვალი, რომელთა ერთხელ მაინც დათვალიერებაზე ოცნებობენ აფხაზები, თუმცა, ფინანსური პრობლემების გარდა, მათი ძირითადი სატკივარი, იზოლაციაც არის, რომლის გამოც რუსეთის იქით, ყველგან შეზღუდვა აქვთ... ჩაკეტილობის პრობლემა მხოლოდ ახალგაზრდებს არ აწუხებთ.

რომან ხაშბა: "ქართულ-აფხაზურ ომამდე, ყოველ წელს დავდიოდით სხვადასხვა ქვეყნებში. ახლა ამის საშუალება არ არის, რადგან ჩვენი სახელმწიფო არაღიარებულია. ვცდილობთ რუსეთის პასპორტების აღებას და ამ გზით წასვლას, მაგრამ ბოლო დროს ესეც გართულდა... ჩვენი პასპორტით, ვიზას არ გვაძლევენ...

შეზღუდვა რომ არ გვქონდეს, სიამოვნებით წავიდოდი პრაღაში. ბავშვობაში ვიყავი და კიდევ ერთხელ მინდა წავიდე, დავათვალიერო... ასევე, ძალიან მინდა იტალიის ნახვა... ჩემი ოცნებაა ვეწვიო საბერძნეთს, რომელიც ძალიან ახლოს არის, მაგრამ ვერ მივდივარ. ვცდილობ, რაღაც გამოსავალი ვიპოვო, როგორღაც გავაკეთო პასპორტი, რომლითაც მოგზაურობას შევძლებ..."

ალიასი: "თურქეთსა და რუსეთში ვიყავი, ისიც, ახლო ქალაქებში... ევროპაში არასდროს ვყოფილვარ... ჩემს შემთხვევაში, მხოლოდ სახელმწიფოს შეზღუდვა არ არის პრობლემა, სახლში უამრავი საქმეა, უფრო სწორად, - სულ საქმეა. ერთი დღეც რომ დავტოვო, არ ვიცი, რა დამხვდება... თუმცა, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი მოგზაურობაზე და ალბათ პირველივე შემთხვევას სიამოვნებით გამოვიყენებდი, რომ აქედან წავიდე..."

ირაკლი: "ვის არ უყვარს მოგზაურობა და ახალ-ახალი სამყაროს გაცნობა. ჩვენ, აფხაზეთში იცით როგორი უცნაური ცხოვრება გვაქვს? - სულ ვისვენებთ, იმიტომ, რომ საქმე არაფერია... იმდენად არაფერი, რომ ამ არაფრისგან იღლები და ნევროზდები... ჩემმა ნაცნობებმა სცადეს წასვლა, მაგრამ ვინ გაუშვებდა ჩვენი პასპორტით?! პირდაპირ უთხრეს, - თქვენ არაღიარებული სახელმწიფოდან ხართო...

ეს საშინელი განცდაა, პასპორტი გაქვს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, მაინც ჰაერი ხარ და არა, რომელიმე ქვეყნის მოქალაქე. სხვათა შორის, ასეთი დამოკიდებულება რუსეთშიც მიგრძვნია, - თითქოს ადამიანი კი არა, რაღაც მეორეხარისხოვანი ხარ... ხაჯიმბა გვპირდება, - გამოვასწორებთო, მაგრამ როდის, - ვერ აკონკრეტებს. ასევე, თუ შესაძლებლობა მექნებოდა, სიამოვნებით ვნახავდი საბერძნეთს".

გალია: "მხოლოდ იმ ქვეყნებთან გვაქვს პრობლემა, სადაც ვიზა გვჭირდება - თუმცა, უვიზო მხოლოდ რუსეთია და ის უკვე ბევრჯერ ვნახე. ევროპაში არ გვიშვებენ, არადა, ჩვენი ახალგაზრდებისგან მუდმივად ევროპის ნახვის სურვილი მესმის... მეც სიამოვნებით ვნახავდი, მაგრამ რამის შეცვლის იმედიც კი არ ჩანს..."

ესმა: "ჩემი ოცნებაა პარიზი ვნახო. თუმცა, არც სხვა ქვეყნებისა და ქალაქების ნახვაზე ვიტყოდი უარს. ძალიან მაინტერესებს, ბრაზილია, ვოცნებობ, ერთხელ მაინც მოვხვდე კარნავალზე. ასევე მიყვარს იტალია. ჩემი აზრით, არ არსებობს ადამიანი, რომელიც იქ მოგზაურობაზე არ ოცნებობს... ძალიან მომწონს ირლანდიაც."

იანა ივანოვა-შევჩუკი: "თავდაპირველად, ახლო ევროპას მოვინახულებდი, შემდეგ, დანარჩენ ქვეყნებსაც ვესტუმრებოდი. კითხვა ძალიან მიყვარს და სიამოვნებით ვნახავდი იმ ადგილებს, რომლებზეც ბალზაკის, ჰიუგოსა და სხვა კლასიკოსების რომანებში წამიკითხავს... რუსეთის პასპორტი ჯერ ვერ გავაკეთე. ჩვენი პასპორტით არც მიცდია, რადგან გარშემო მესმის, რომ აფხაზებს ყველა ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს... ახალგაზრდები მეცოდებიან, - გარშემო მხოლოდ კრიმინალს და უბედურებას უყურებენ და ასეთ გარემოში, რასაკვირველია, ძნელია, ნორმალური სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდეს".

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: ვიზალიბერალიზაციის შეფასებები ენგურს გაღმიდან

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?