"რაღაც "ყარს" ქვეყანაში და ამაზე თვალის დახუჭვა კატასტროფის ტოლფასი იქნება" - გია ხუხაშვილი

"რაღაც "ყარს" ქვეყანაში და ამაზე თვალის დახუჭვა კატასტროფის ტოლფასი იქნება" - გია ხუხაშვილი

"თეა წულუკიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ სასამართლოსადმი ნდობის ზრდა საზოგადოებაში ვერ მოხერხდა, ისევ მურუსიძის დონეზე დარჩა მთელი სისტემა და გაჯანსაღების ნაცვლად, სასამართლოს ლპობის ტენდენციას ვუყურებთ", - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვლივიძის საქმემ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ დომინანტ ფიგურებს სახელმწიფო ინსტიტუტების გაკონტროლების სურვილი აქვთ. სახელმწიფოც გარკვეულწილად თანახმაა მათ დაემორჩილოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში იხევს უკან, თუ ფაქტს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვება.

"ინტერესჯგუფების სურვილი დადგნენ კანონზე მაღლა და ხელისუფლებას უკარნახონ თამაშის წესები, ნათელია. ეს ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ყოფილმა პროკურორმა ფარცხალაძემ ხელი დაარტყა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს. არავინ ჩათვალოს, რომ მან კონკრეტულად ლაშა თორდიაზე იძია შური, არა, მან ხელი ასწია სახელმწიფოს მიერ შექმნილ დოკუმენტზე, რომელიც ინტერესჯგუფებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. რა რეაგირება მოჰყვა ამ კონკრეტულ ფაქტს? ფარცხალაძე დღესაც პრივილეგირებული კასტის წევრია და დიდი ალბათობით, თუ ხვალაც მიუღებელი აღმოჩნდება მისთვის კონკრეტული გადაწყვეტილება, იმავეს გაიმეორებს. ასე, რომ საჯარო სექტორში დისციპლინა მორღვეულია, პროცესი გახდა მყიფე და არც ისე დიდი ნაბიჯი გვაშორებს სისტემურ პრობლემამდე და ტოტალურ კორუფციამდე.

ასევე წაიკითხეთ: "პატრონიანთა" და "უპატრონოთა" შერჩევითი სამართალი?!

ამასთან, ქვეყანაში სამართლის აღსრულება რომ არ ხდება და მართლმსაჯულების მიმართ კითხვები არსებობს, იუსტიციის სამინისტროს დამსახურებაცაა - სწორედ თეა წულუკიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ სასამართლოსადმი ნდობის ზრდა საზოგადოებაში ვერ მოხერხდა, ისევ მურუსიძის დონეზე დარჩა მთელი სისტემა და გაჯანსაღების ნაცვლად, სასამართლოს ლპობის ტენდენციას ვუყურებთ. სხვაგვარად ვერ შევაფასებ იმ ფაქტებს, რასაც მოსამართლეების გადაწყვეტილებებში ვხედავთ. როგორც ჩანს, წულუკიანი საქმის კეთების ნაცვლად პიროვნულ კომფორტს უქმნის ვიღაცეებს და ამიტომ ახერხებს ამ დრომდე მინისტრის პორტფელის შენარჩუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნორმალურ სახელმწიფოში მას იუსტიციის სამინისტროს დანიშვნიდან მეორე დღესვე ჩამოაცილებდნენ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ტენდენცია შენარჩუნდა ხელისუფლებას 2 გზა აქვს - დაბრუნდეს წარსულში და თავს მოგვახვიოს 90-იანი წლების დღის წესრიგი, ან მივიდეს ნულოვან ტოლერანტობამდე, რომელიც მეორე უკიდურესობაა, რადგან "ორივე შემთხვევაში მსხვერპლნი უდანაშაულო ადამიანებიც ხდებიან".

"რაც შეეხება პოლიტიკურ ფასს, ორივე შემთხვევაში იმავე გზის გავლა მოუწევთ, რაც ჯერ შევარდნაძემ და შემდეგ სააკაშვილმა გაიარეს. ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის დრო ხელისუფლებამ ოქროს შუალედი გამონახოს და გაუჩნდეს პოლიტიკური ნება მაფიოზურ თამაშის წესებს არ დაემორჩილოს, შეუვალი გახდეს ყველა იმ "მეგობრის" თუ პრივილეგირებული კასტის წარმომადგენელისთვის, რომლებიც სისტემის შექმნას ცდილობენ. თუ ეს ბრძოლა მაფიოზების გამარჯვებით დასრულდა და ინტერესთა ჯგუფებმა მოახერხეს ხელისუფლებასთან შეზრდა, ყველა მიღწევა თუ წარმატება უკან დაგვრჩება და გავხდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მსხვერპლი. ამას კი ხალხის ადეკვატური პასუხი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოჰყვება. თუ საზოგადოება ვერ მიაღწევს სამართალს ინსტიტუციების საშუალებით, მიაღწევს მიზანს ქუჩიდან. მეჩვენება, რომ ხელისუფლებას არა აქვს ზუსტი ხედვა და რისკებს სათანადოდ ვერ აფასებს. მეტიც, ზოგიერთი სეგმენტი მიდრეკილიცაა აღიაროს ინტერესთა ჯგუფები, თუმცა მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას შეეწინააღმდეგებიან - ფაქტობრივად, ახლა ომის ეტაპზე ვართ, რომელშიც საზოგადოებრივი ჩართულობა გადამწყვეტია. რაღაც "ყარს" ქვეყანაში და ამაზე თვალის დახუჭვა კატასტროფის ტოლფასი იქნება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."