თვითნასწავლი ფოტოგრაფი, რომელიც მოდელებს რძეში აწვენს

თვითნასწავლი ფოტოგრაფი, რომელიც მოდელებს რძეში აწვენს

გვანცა მაღლაკელიძე "პალიტრა მედიას" ფოტოგრაფია. გარდა იმისა, რომ ჩართულია ყოველდღიურად ნიუსების და სტატიების ფოგადაღებებში, აქვს გატაცება არტის მიმართულებით - რძის აბაზანის ფოტოგრაფიაში მუშაობს.

ყველაფერი ასე დაიწყო: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, უცხო ენაში ბავშვებს ამეცადინებდა, თუმცა მცენარეები და ფოტოგრაფია ბავშვობიდან იტაცებდა, ამასთან, მუდმივად სიახლეებს ეძებდა და გადაწყვიტა, ფოტოგრაფიისთვის ხელი სერიოზულად მოეკიდა. აპარატიც შეიძინა. "მერე წავედი და პირდაპირ დავდგი რაღაც სცენა. ერთ გოგონას მხატვრული ფოტო გადავუღე. იწვა გაშლილი თმით და თმაში მსხლის ყვავილები ჰქონდა ჩაკრული. ფოტომ კონკურსში გაიმარჯვა. პირველი ადგილი დავიკავე და ფოტოგრაფიის 6-თვიან კურსებზე უფასო სწავლით დამაჯილდოვეს. ისე, თვითნასწავლი ვარ. ფოტოშოპიც ჩემით ვისწავლე," - გვეუბნება გვანცა.

ფოტოგრაფიამ მისი ცხოვრება შეცვალა, ბევრი რამ სხვა თვალით დაინახა და რაც ყველაზე მეტად უხარია, ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნო. "მიხარია, რომ ჩემი ნამუშევრები მოსწონთ და ამას სრულიად უცხო ადამიანებიც მწერენ. ამ დროს ისეთი შეგრძნება გიჩნდება, შენი გადაღებული სულ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს," - აღნიშნავს გვანცა.

- პირველი ხარ, ვინც საქართველოში რძის აბაზანის ფოტოგრაფიაში მუშაობ. ამ მიმართულებაზე უფრო ვრცლად გვიამბე...

- კი, ჩვენთან პირველი ვარ. საერთოდ, არ ვხატავ, მაგრამ როგორც მეუბნებიან, მაქვს ფერების აღქმის უნარი. გამოკვეთილი ფერები არ მიყვარს, უმეტესად - ნაზი და სადა, რაც მაწყნარებს. მსოფლიოში რძის აბაზანის ფოტოგრაფია სიახლე არ არის. რამდენიმე დღის წინ ინგლისის სკოლიდან ერთ-ერთმა პედაგოგმა მომწერა - სკოლაში ბავშვებს არტი უნდა ვასწავლოთ და ვერ დაგვეხმარებით, გამოცდილებას ვერ გაუზიარებთო.

- მოკლედ, სერიოზულად ეკიდები ამ საქმეს.

- თავიდან მინდოდა, შემექმნა თეთრი და წითლის კომბინაცია, ლამაზია... ზღვაშიც ვაწვენდი მოდელებს და ისე ვუღებდი. მერე ვიფიქრე, თეთრ საღებავს გავხსნი წყალში და ჩავაწვენ-მეთქი. მაგრამ საღებავით ისეთი არ გამოდის, ამიტომ, სამუშაოდ რძეს ვირჩევ.

- მერე სად არის ამდენი რძე?

- რძის ფხვნილს ვიყენებ. რძეში უკეთესი ფოტოები გამოდის და ამას არ ვეშვები. სულ პირველად რომ ვიწყებდი, აბაზანაში ბევრი რძე ჩავასხი, ჩავაწვინე მოდელი და ხელში მიხაკები დავაჭერინე. მოდელს წითელი პომადა ესვა. ეს ფოტო მსოფლიოს 15 საუკეთესო აბაზანის ფოტოსესიაში მეორე ადგილზეა. ჩემი გვარიცაა მითითებული და ფოტო უცხოურმა საიტებმა დაიტაცეს.

იმის მერე ვცდილობ, ნამუშევრები სულ უფრო დავხვეწო. უკეთესი გადავიღო. თუმცა ზოგს არ მოსწონს, ცდილობენ გაგაკრიტიკონ, კრიტიკა კარგია, მაგრამ საქართველოში კრიტიკა შეურაცხყოფაში გადადის. ვცდილობ, ამას ყურადღება არ მივაქციო, რადგანაც უმრავლესობას მოსწონს და მთავარი ეს არის.

- მაინც რას ამბობენ?

- რადგან გოგო აბაზანაში წევს, მიუხედავად იმისა, რომ მას არაფერი უჩანს, ბევრს ჰგონია, რომ შიშველია. არადა, შიშველი იქ არავინ წვება, ან კაბა აცვია, ან მხოლოდ საცვლები. მაგრამ საქართველოში ასე ხდება, ბევრი რამ ჰგონიათ, ვაიმე როგორ გაბედა, ასეთ ფოტოებს როგორ იღებ და ა.შ.

- მოდელებს როგორ არჩევ?

- პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევ თითებს, სახეს. ხელით ბევრი რამის თქმა შეიძლება. ამიტომ მას ჩემთვის და ასევე ფოტოსთვის დიდი დატვირთვა აქვს. ასე რომ, მოდელის ზედმიწევნით პარამეტრებს მნიშვნელობა არ აქვს.

- ადვილად ითანხმებ?

- ერთი რომ გადაიღებს, მეორეს მოსწონს და მასაც უჩნდება გადაღების სურვილი და მოდის. ამ ყველაფერს ის დატვირთვა აქვს, რომ მე, როგორც ფოტოგრაფი, ვვითარდები და მათ კი ლამაზი პორტფოლიო რჩებათ. არიან ადამიანები, ვისაც უნდა ასეთი ფოტოები ჰქონდეს. ახალია, ბევრის გაოცებას იწვევს და ამიტომ.

ისე შიშველ სხეულს ადრე ვიღებდი, ოღონდ ჩემს გადაღებებში არც ერთი ჩემი მეგობარი, ნაცნობი ნათესავი არ მონაწილეობდა (არც ახლა). ვეუბნებოდი, რომ მათი სხეული მხოლოდ ნიკაპამდე უნდა გადამეღო და პირობა არ დამირღვევია... სულ 140 მოდელამდე მყავს გადაღებული.

- შენს ყველა ფოტოზე მცენარეები დომინირებს...

- ჯერ ერთი, მცენარეები მიყვარს და მერე უკვე ჩემს სტილში ჩაიწერა. მიყვარს ასევე წყალი... მოკლედ, ეს გადაღებები ჩემთვის არის შვება, სიმშვიდე და საყვარელი საქმიანობა.

- თუმცა, ამ გადაღებისგან აბსოლუტურად სხვა სამუშაო გაქვს "პალიტრა მედიაში," სადაც დღის განმავლობაში სხვადასხვაგვარი შინაარსისა და ფორმატის გადაღებას უძღვები...

- სფერო, რომელშიც ვმუშაობ, სიამოვნებას უნდა მანიჭებდეს. "პალიტრა მედიაში" რომ მოვედი, ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა და ეს სამუშაოც ძალიან მიზიდავს და მომწონს. მუდმივ საქმეში ვიწაფები და მეტს და მეტს ვსწავლობ. თან ჩემს თავს ვუმტკიცებ, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოვა, შეუძლებელი არაფერია. მომწონს ჩემი სამსახური, უამრავ რესპონდენტთან მაქვს ურთიერთობა. აქაც არიან მადლიერი ადამიანები, რაც სასიამოვნოა და დარწმუნებული ვარ კიდევ დავხვეწ ამ ყველაფერს. ისე გავაკეთებ, რომ ფოტოგრაფიაში მხოლოდ ერთი განხრა არ მექნება...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს