საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 22 წლის ქალის ოჯახმა, სასამართლო პროცესი 5 წლის შემდეგ მოიგო - ქუთაისელი ექიმი დაკავებულია

საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 22 წლის ქალის ოჯახმა, სასამართლო პროცესი 5 წლის შემდეგ მოიგო - ქუთაისელი ექიმი დაკავებულია

2012 წელს საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას (ნიკოლეიშვილის) საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განხილვა დასრულდა. გარდაცვლილი მატინოვას დედა ექიმ ირაკლი მერკვილაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებდა.

სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარდაცვლილის დედის ალა მატინოვას თქმით, სამართალმა იზეიმა და ირაკლი მერკვილაძე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

"5-წლიანი ლოდინის შემდეგ სამართალმა იზეიმა და დამტკიცდა, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ირაკლი მერკვილაძემ შეიწირა. მაგას უნდა დაეწვინა კლინიკაში და არ უნდა გამოეშვა სახლში. ჩვენ ექსპერტიზა ჩავატარეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, სადაც დამტკიცდა, რომ დროულად რომ ყოფილიყო პაციენტის მდგომარეობა შეფასებული, შესაძლებელი იქნებოდა გადარჩენა. საქალაქო სასამართლოში შევიტან საჩივარს და მოვითხოვ, აანაზღაუროს ის მორალური და მატერიალური ზიანი რაც მოგვაყენა. ეს იმ ბავშვისთვის, რომელიც დედის გარეშე იზრდება", - განაცხადა მატინოვამ.

დაკავებული ექიმის, ირაკლი მერკვილაძის ადვოკატის ალექსანდრე თათელიშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

იხილეთ ვიდეო

" სასამართლოში დავადასტურეთ, რომ პაციენტი თვითნებურად გავიდა სტაციონარიდან, ისე რომ ირაკლი მერკვილაძე საქმის კურსში არ იყო. მეტსაც გეტყვით, სანამ მერკვილაძემდე მივიდოდა ეს საქმე, სასწრაფოს ოთხი ბრიგადა იყო, რომელთაც არ გაყვა პაციენტი საავადმყოფოში. სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ. ჩვენ ყველა ინსტანციას გავაგებინებთ ამ უსამართლობის შესახებ. არ ველოდით ასეთ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა თათელიშვილმა.

ირაკლი მერკვილაძის კოლეგები სასამართლოს გადაწყვეტილებას კონკურენტების მხრიდან მოსამართლეზე ზეწოლას უკავშირებენ. ექიმი დანაშაულს არ აღიარებს, ხოლო მისი ოჯახის წევრები და თანამშრომლები რამდენიმე დღეში პრესკონფერენციას გამართავენ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს