რუსეთში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ვითარება მწვავდება, პუტინის რეიტინგი კი პიკზეა

რუსეთში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ვითარება მწვავდება, პუტინის რეიტინგი კი პიკზეა

"რუსეთი პუტინის გარეშე!", "პუტინი ქურდია!", "აქ ხელისუფლება ჩვენ ვართ!" "საკმარისია, ქურდების მმართველობა" - ასეთი შინაარსის აქცია, მოსკოვსა და რუსეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართა... რუსეთში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ვითარება მწვავდება. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილის მწვავე კრიტიკისა და გამოსვლების ფონზე, სოციალური კვლევა რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს დებს - ბოლო 5 წლის განმავლობაში, ვლადიმირ პუტინის რეიტინგმა პიკს მიაღწია. "ლევადა - ცენტრის" ხელმძღვანელობის თქმით, ბოლო გამოკითხვისას, რუსების 67%-მა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტად ისევ პუტინი სურს...

რუსი ბლოგერები ამ შედეგს ბოლო დროს გააქტიურებული სახელმწიფო მედიის ძალისხმევით ხსნიან. მით უფრო, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პროპაგანდაზე მილიონობით რუბლს ხარჯავს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტშია დაგეგმილი. უკვე ცნობილია, რომ ალექსეი ნავალნის არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. ის და მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ არჩევნები უკვე გააყალბა.

"ქვეყანა კორუფციაშია ჩაფლული... კრიმინალის კონტროლი შეუძლებელია, სანქციები ჩვენს ცხოვრებას ყოველდღე ამძიმებს. ეკონომიკა ჭაობშია; ამის დასტურია სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემები, რომლის თანახმადაც, 2017 წელს წინა წელთან შედარებით შობადობამ 10,7%-ით იკლო, თუმცა, მაინც პუტინი ლიდერობს... სულაც არ არის ძნელი მიხვდე, რასთან გვაქვს საქმე..." - წერენ რუსი ბლოგერები...

მათივე თქმით, შობადობის მაჩვენებელი ამ ქვეყანაში ზედიზედ მესამე წელია მცირდება. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს, რუსეთში, 1,69 მლნ ბავშვი, ანუ წინა წელთან შედარებით 203 ათასით ნაკლები დაიბადა... რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი "მწვავე დემოგრაფიული" ვითარების გამო აღშფოთდა და განაცხადა, რომ მთავრობა "რუსეთის ეროვნულ დემოგრაფიულ პროგრამას" განაახლებს. თუმცა, ადგილობრივების თქმით, არაფერი შეცვლილა... მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2016 წელს რუსეთის მოსახლეობა 144,3 მლნ იყო.

პუტინის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მისი დაბლოკვის კვალდაკვალ, საკმაოდ გაბედულად და შემართებით იბრძვის ელექტორატის მოსაპოვებლად პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, ყოფილი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი... ის გროზნოში დაკავებული უფლებადამცველის, იუბ ტიტიევის მხარდასაჭერად ჩავიდა და ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს, მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა. თუმცა დასძინა, რომ არ ჰქონდა იმის ილუზია, რომ კადიროვი ამას გააკეთებდა...

"თქვენ თქვით, რომ უფლებადამცველები არიან ადამიანები, ეროვნებისა და სქესის გარეშე... როგორ არ გესმით, ეს ადამიანები სხვისი უფლების დაცვას ეწირებიან და მე თქვენ გარწმუნებთ, - ოდესმე თქვენ მათი დაცვა დაგჭირდებათ..." - ნათქვამია სობჩაკის მიმართვაში.

გროზნოს ცენტრში, მის მიერ ორგანიზებულ აქციას, "კადიროვცებმა", თავიანთი ძალები დაუპირისპირეს, პროტესტის ნიშნად, სობჩაკის ფოტოები დაწვეს და მისი გროზნოდან წასვლა ამ ფორმით მოითხოვეს.

ქალაქში ყოფნისას, ყოფილმა ტელეწამყვანმა ერთ-ერთ კაფეში ყავა შეუკვეთა, რა დროსაც მას ახალგაზრდა ჩეჩენმა მიმართა - რატომ სვამ ყავას, ეს ხომ ცხენისთვის სახიფათოა? სობჩაკმა მასთან მშვიდი საუბარი დააპირა, თუმცა, უშედეგოდ...

პრეზიდენტობის კანდიდატის მოთხოვნას, ტიტიევის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მყისიერად უპასუხა ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, - "ადამიანს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტობის ამბიცია აქვს, არ ესმის, რომ მე ამის გაკეთების უფლებამოსილება არ მაქვს. მე არც მოსამართლე ვარ, არც პროკურორი და მით უფრო, არც შს მინისტრი... მე რესპუბლიკის მეთაური ვარ და რა უფლება მაქვს, ვინმე გავათავისუფლო, ვინც არსებული ვერსიით ნარკოტიკების გამო დააკავეს?..

ის სულელია და სულ მაინტერესებს, საიდან მოდიან და სად გროვდებიან ეს სულელი ადამიანები?.. არიან მოწმეები, რომლებმაც იციან, რომ ტიტიევი მარიხუანას ეწეოდა. მე მასზე არასდროს მსმენია..." - აღნიშნა კადიროვმა და დასძინა, რომ სობჩაკისნაირ სულელებს როგორ სურთ ისეთი პერსონის შეცვლა, როგორიც ვლადიმირ პუტინია, ეს "ლოგიკაში არ ჯდება."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე