ვინ არის ქართული წარმოშობის ბიზნესმენი, რომელიც ტრამპის "კრემლის ოლიგარქების სიაში" მოხვდა

ვინ არის ქართული წარმოშობის ბიზნესმენი, რომელიც ტრამპის "კრემლის ოლიგარქების სიაში" მოხვდა

"კრემლის სია" ვაშინგტონისგან არამეგობრული აქტია" - ასე შეაფასა რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ახალი სია, რომელშიც პუტინთან დაახლოებული 114 პოლიტიკური ფიგურა, მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები, სახელმწიფო კორპორაციის მეთაურები, სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელები და რუსეთის მოქალაქე მსხვილი ბიზნესმენები - სულ 210 ადამიანი მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ მათ დამატებით სანქციებს ჯერჯერობით არ დაუწესებს, პუტინი მიიჩნევს, რომ ტრამპის ეს ნაბიჯი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს და რაც მთავარია, საერთაშორისო პოლიტიკაზეც უარყოფითად აისახება.

მისივე თქმით, "ამერიკული სია" არ უნახავს, თუმცა, უკვირს, რომ ამ "შავ სიაში" თავად არ არის... Обидно, слушай (მისმინე, საწყენია) - განაცხადა კავკასიური აქცენტით, რატომღაც იუმორის ხასიათზე მოსულმა რუსეთის ლიდერმა, რასაც მისი კრიტიკოსებისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

"პრეზიდენტი აგონიაშია" - ასე შეაფასეს რუსმა პოლიტოლოგებმა პუტინის არაადეკვატური განწყობა. ქვეყნის ლიდერმა ასევე დასძინა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსკოვი საპასუხო ღონისძიებების განხორციელებას არ გეგმავს...

პუტინის თქმით, სისულელეა რუსეთის ირანსა და ჩრდილოეთ კორეასთან გაიგივება. "ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემი დიდი სურვილია ამერიკასთან ურთიერთობა დარეგულირდეს... არ დაგიმალავთ, ველოდით ამ სანქციას და მზად ვიყავით, საკმაოდ სერიოზული საპასუხო ნაბიჯები გადაგვედგა, რათა ჩვენი ურთიერთობები ნულამდე შემცირებულიყო..." - აღნიშნა პუტინმა.

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სიაში 96 ოლიგარქია შეყვანილი, ყველა მათგანის ქონება 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამ სიაში ერთი ქართული გვარიც აღმოჩნდა - ეს არის რუსეთში მცხოვრები მილიარდერი ალექსანდრე ჯაფარიძე.

"რუსეთის მაფიოზი", "ქართველი ბიზნესმენი - სუფთა რეპუტაციით" - ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ეპითეტებით მოიხსენიებდა რუსული მედია მას წლების განმავლობაში. დაღესტანში დაბადებული ქართული წარმოშობის ბიზნესმენის ქართულ კავშირებზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა, ცნობილია, რომ რუსეთის 200 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის მოიხსენიება...

რუსეთის ბიზნეს წრეებში აღიარებული და გავლენიანი ჯაფარიძე 1955 წელს, დაღესტანის დედაქალაქ მაჰაჩყალაში დაიბადა. მან მოსკოვის ნავთობქიმიისა და გაზის წარმოების, გუბკინის სახელობის ინსტიტუტი დაამთავრა, რის შემდეგაც გეოფიზიკის ცენტრალურ ექსპედიციაში დაიწყო მუშაობა.

1980-იან წლებში ის ექსპედიციის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, შემდეგ იმ დროისთვის გავლენიან კომპანია ПетроАльянс-ში გადაინაცვლა, სადაც პრეზიდენტის პოსტი ეჭირა, შემდეგ კი Lukoil-ში აღმოჩნდა, ასევე ხელმძღვანელ პოზიციაზე. უფრო მოგვიანებით, 2004 წელს Lukoil-ის საბურღი შვილობილი კომპანია 130 მილიონ დოლარად შეიძინა და Eurasia Drilling Company-ად გადააქცია.

ამჟამად ის რუსეთში სწორედ ამ კომპანიის გენერალური დირექტორი და მსხვილი აქციონერია. Forbes-ის მონაცემებით, მისი ქონება 1,56 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული "ოლიგარქების სიაში" ის მეოცე ნომერია.

მეუღლესთან, ელენასთან და შვილებთან, ვანო და იული ჯაფარიძეებთან ერთად

პუტინთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობის მქონე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი, არც კავკასიასთან ახლო კავშირებით გამოირჩევა. მასზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ უყვარს მაგიდის ჩოგბურთი და ძველი ღვინოებისა და ხანჯლების ძალიან ძვირფასი კოლექცია აქვს... ასევე ჰყავს ცოლი და 5 შვილი, - უფროსი - გიორგი, შემდეგ - ტყუპი ვაჟები - იული და ვანო და გოგონები, - ნანა და ასია... ჰყავს რამდენიმე ძალიან ახლო ქართველი მეგობარი, თუმცა, ამის აფიშირებას არასდროს აკეთებს.

ცნობილია, რომ მილიარდერი იახტების დიდი მოყვარულია. რუსული Forbes-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბოლო იახტა მან 2016 წელს შეიძინა. როგორც ვარაუდობენ, ჯაფარიძემ იახტაში, სახელწოდებით Here comes the Sun, სავარაუდოდ 80 მილიონი ფუნტი გადაიხადა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: მილიარდერი იახტებს საყვარელი ჯგუფის - The Beatles-ის სიმღერების მიხედვით არქმევს სახელებს. 2005 წელს მას ჰყავდა იახტა, სახელწოდებით Let it be, რომელიც ახლა ბიზნესმენის მეგობარს ეკუთვნის. 2011 წელს ჯაფარიძემ ახალი იახტა ააწყობინა, სახელად Imagine - ჯონ ლენონის ცნობილი სიმღერის პატივსაცემად.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე