"გაჩერდა ლიფტი და შემოვიდნენ ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი..." - "სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავის მოგონებები გასტროლებიდან

"გაჩერდა ლიფტი და შემოვიდნენ ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი..." - "სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავის მოგონებები გასტროლებიდან

ნინო კირვალიძე ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" ძველი თაობის ერთ-ერთი პოპულარული სახეა. ქალბატონი, რომელიც 1960-იან წლებში თითქმის ყველა ცნობილი ჟურნალის ყდაზე მოხვდა, დღემდე ბევრისთვის უცნობად დარჩა. როგორი იყო ცხოვრება ანსამბლში - ამაზე თავად ნინო კირვალიძე გიამბობთ.

პირველი შეხვედრა ნინო რამიშვილთან

ნინო რამიშვილს საოცარი სილამაზის თვალი ჰქონდა. ახლაც მახსოვს როგორ გამოიყურებოდა პირველად, რომ შევხვდი - პატარა შავი ქუდი ეხურა, წინ ვუალით. მოხვედი ჩემთანო - მკითხა. მე ვერც წარმოვიდგენდი ანსამბლში რომ მოვხვდებოდი, იქ ფერიები ცეკვავდნენ და მე ვინ მიმიღებსთქო, ჩემთვის გავიფიქრე. ორ დღეში დამიბარა, რომ მივედი უკვე ილიკოსთან ერთად შემხვდა, ილიკომ შუბლზე მაკოცა და ნინოს უთხრა - დააყენე ანსამბლთან ერთადო. ისეთი მოულოდნელი იყო, რომ სარეპეტიციო ფორმა არ მქონდა თან, ერთ-ერთი მოცეკვავის "იუბკა" მომცეს და ერთ კვირაში მთელი პროგრამა ავითვისე, ქალი გაგიჟდა! ძველ გოგოებში ასაკით ყველაზე პატარა ვიყავი. რამდენიმე თვეში სამაიაში ჩამაყენეს. სამაიას მოჰყვა სოლოები ქართული სადარბაზო, ხონგა და ა.შ..

ცეკვა ხონგა

ლიფტში "ბითლზებთან" ერთად

1963 წელს ვენესუელაში ვიყავით. სასტუმრო "ბოლივიაში" ჩვენთან ერთად იყვნენ ლივერპულელი ბიჭები. ეს ოთხი "ჩოლკიანი" ბიჭი და ჩვენ, სუხიშვილების მოცეკვავეები, ერთად ვსაუზმობდით, ერთ დროს გვქონდა ხოლმე კონცერტები, თუ ვისვენებდით, ისინიც ისვენებდნენ. ერთხელ ლიფტით ჩამოვდივართ მე, ნანა კვაჭანტირაძე და მანანა აბაზაძე. უცებ გაჩერდა ლიფტი, შემოვიდნენ ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი და მოგვაჩერდნენ. მე ზურგით დავდექი, რადგან თავი ძლივს შევიკავე სიცილისგან, მაშინ არ ვიყავით მიჩვეული გრძელთმიან ბიჭებს და მეცინებოდა. რას წარმოვიდგენდი, თუ ამ ბიჭებზე მთელი მსოფლიო გადაირეოდა.

ფოტო ჯორჯ ბალანჩინთან ერთად

1969 წელს გერმანიაში სუხიშვილების და ჯორჯ ბალანჩინის გასტროლი ერთმანეთს დაემთხვა. ჩვენს კონცერტს დაესწრო მიუნხენში, შემდეგ დიდი ბანკეტი გაიმართა. ბალანჩინმა მაშინ ქალბატონ ნინო რამიშვილს უთხრა: "ჩემი ბალეტი ხომ კლასიკაა, მაგრამ, ჩვენს ნაციონალურ ცეკვებს, ჩვენი გოგონები რომ ცეკვავენ, ეს თანდაყოლილი აქვს ჩემს ჯიშს და ჯილაგს". ბალანჩინი ძალიან სიმპათიური იყო. მერე ნინოს უთხრა ჩემზე, შეიძლება ამ გოგოსთან ერთად სურათი გადავიღოო და წელზე მომხვია ხელი. ეს ფოტო მაშინდელია.

ჯორჯ ბალანჩინთან ერთად

კმაყოფილი ხრუშჩოვი და შეხვედრა პელესთან

საქართველოში ნიკიტა ხრუშჩოვი ჩამოვიდა და ფუნიკულიორზე, რესტორანში დიდი სუფრა გაუშალეს. სუხიშვილების რამდენიმე გოგო აგვარჩიეს, თუმცა, არ გვიცეკვია, ასე ვთქვათ, ლამაზ ფონს ვქმნიდით. მე ხრუშჩოვის უკან ვიდექი და მევალებოდა, თუ რამეს ისურვებდა, მიმეწოდებინა... წვეულება რომ დამთავრდა და ხრუშჩოვი ფეხზე წამოდგა, შემომხედა, კარგად შემათვალიერა, მერე ნიკაპზე ხელი მომისვა და მითხ­რა: "Ах какие у вас девочки в Грузии"...

1966 წელს სანპაულუში წავედით გასტროლზე და საფეხბურთო მოედანზე შეგვხვდა მათი ნაკრები, რასაკვირველია, პელეც. შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში მოგვიწია ინგლისში ყოფნამ და იქ ჩვენს კონცერტს პელეც დაესწრო, აღფრთოვანებული იყო სუხიშვილების გოგოების სილამაზით, მაშინ ამ კონცერტს ესწრებოდნენ ჩვენი ფეხბურთელებიც - პაიჭაძე, რამიშვილი, ასევე ეროსი მანჯგალაძე და კოტე მახარაძე. პელესთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ.

მთავარი ფოტო: ციფრული მატიანე "ივერიელი" - დამანა მდივნიშვილის არქივიდან;

ნინო წიფურია

AMBEBI.GE

48 წლის გვინეტ პელტროუ გაშიშვლდა - "ჯერ კიდევ შემიძლია, რომ გავიხადო"

ოთხი ჯილდო ერთ ფილმს  - "ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურის არასოდეს მიუღია"

ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები - პოპულარული ოჯახის შთამომავლების ცხოვრება და წლების შემდეგ ნაპოვნი ქალიშვილი (ფოტოები)