რა ჩაიფიქრა ტრამპმა ავღანეთში - "უსასრულო ომი" თუ ახალი სტრატეგია?

რა ჩაიფიქრა ტრამპმა ავღანეთში -  "უსასრულო ომი" თუ ახალი სტრატეგია?

The Hill-ის ინფორმაციით, აშშ 2018 წელს ავღანეთში სამხედრო ოპერაციისთვის 45 მილიარდ დოლარს დახარჯავს, ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწე რენდალ შრივერმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაახლოებით 13 მილიარდი დოლარი ამერიკული კონტინგენტის მხარდასაჭერისთვის გამოიყოფა, 5 მილიარდი დოლარი ავღანელი სამხედრო მოსამსახურეების დასახმარებლად, 780 მილიონი დოლარი ქაბულში ეკონომიკური დახმარების სახით გადაირიცხება, დარჩენილი თანხა კი მატერიალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მოხმარდება.

ამავდროულად, სენატორებმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ სალივანს სთხოვეს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ "თალიბანის" წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელოს, რათა ომი დასრულდეს, რომელიც 17 წელია გრძელდება...

თებერვლის დასაწყისში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ აშშ ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის გაზრდას არ აპირებს. 2017 წლის აგვისტოს ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავღანეთში ვაშინგტონის ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტი 4 ათასი ადამიანით გაიზრდება.

ავღანეთთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე დააანონსა თეთრი სახლის მეთაურმა. მისი თქმით, ქვეყნიდან ჯარების სწრაფი გამოსვლა გამორიცხულია. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში დაახლოებით 11 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

"უსასრულო ომი, რომელიც 2001 წელს დაიწყო..." - ასე ეხმაურება რუსული მედია ამერიკის ახალ გადაწყვეტილებას. მათი ცნობით, ამერიკამ ამ წლების განმავლობაში, ავღანეთში დაახლოებით, 680 მილიარდი დოლარი გადარიცხა... ამერიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ, კონგრესთან შეთანხმებით, მთელ მსოფლიოში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისთვის მთლიანობაში, გათვალისწინებულია 65 მილიარდი დოლარი.

გასული წლის ნოემბერში ბრაუნის საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2001 წლის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში 5,6 ტრილიონ დოლარამდე დახარჯა.

კვლევაში ნახსენებია, რომ პენტაგონსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის თვალსაჩინო წინააღმდეგობაა, რადგან პენტაგონის განცხადებით, "ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ომების ღირებულება 1,5 ტრილიონამდე ჯდება."

რამდენიმე დღის წინ, Associated Press-ი წერდა, რომ ამერიკამ ერაყიდან ჯარის გაყვანა გადაწყვიტა, რადგან "ისლამური სახელმწიფო" უკვე დამარცხებულია... გამოცემის ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერაყიდან ავღანეთში ათობით ამერიკელი ჯარისკაცი გამოიყვანეს - მთლიანობაში, ერაყიდან სულ ამერიკული ჯარის 60%-ს გაიყვანეს... 8 900 ამერიკელი სამხედროდან ერაყში 4 ათასი ჯარისკაცი დარჩება, რომლებიც ერაყელი სამხედროების სწავლებას განაგრძობენ.

ცნობისთვის, 2014 წლის ზაფხულში ამერიკამ ერაყში სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნა, რომლებიც აგვისტოში ფართომასშტაბიანი საჰაერო ოპერაციების დაწყებამდე, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდნენ.

საქმე ის არის, რომ 2015 წლის 1 თებერვალს ერაყის პრემიერმა განაცხადა, რომ "დაეშთან" ბრძოლა, ფაქტობრივად, "მესამე მსოფლიო ომია", ვინაიდან ტეროროსტები "მსოფლიო ხალიფატის" შექმნაზე ოცნებობენ...

იმავე წლის აპრილში, "დაეშის" მიერ დაკავებული ტერიტორიის 25-30% გათავისუფლდა. გასული წლის 9 დეკემბერს ერაყის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა "ისლამური სახელმწიფოსგან" თავისუფალია, თუმცა, მსოფლიო მედია მუდმივად ავრცელებს ცნობებს იქ არსებულ საბრძოლო ოპერაციებზე, ტერორისტების გადაჯგუფებასა და აფეთქებებზე.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?