ლარის გაუფასურებამ პროდუქცია მხოლოდ დედაქალაქში გააძვირა

ლარის გაუფასურებამ პროდუქცია მხოლოდ დედაქალაქში გააძვირა

ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებაში დაცემა რეგიონებზე ჯერ არ ასახულა, ყოველ შემთხვევაში, დედაქალაქისგან განსხვავებით, იქ საკვები და პირველადი მოხმარების საგნები არ გაძვირებულა. რეგიონებში ფასებმა მხოლოდ უმნიშვნელოდ მოიმატა და თანაც ყველგან არა. ზოგან ამის მიზეზად "ძველ ფასში ნაყიდ" პროდუქციას ასახელებენ, ზოგან "გაჭირვებული მოსახლეობით" ხსნიან, ზოგან კი პროდუქტზე ძველი ფასების შენარჩუნებას საგადასახადოს თანამშრომლების "გაფრთხილებას" უკავშირებენ. არადა, თბილისში თითქმის ყველაფერი გაძვირდა, მათ შორის ის პროდუქტებიც, რომელთა წარმოება ადგილზე ხდება.

პროდუქციის გაძვირება მხოლოდ თბილისში მოხდა...

ლარის კურსის ვარდნას დედაქალაქის სურეპმარკეტებში პროდუქტებზე ფასების მყისიერი გაზრდა მოჰყვა. გაძვირდა როგორც პირველადი მოხმარების საგნები, ასევე პროდუქტი. ფასმა მოიმატა ადგილობრივ ნაწარმოზეც. არ გაძვირებულა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, თუმცა არც გაიაფებულა და ივნისისთვის უჩვეულო ფასში იყიდება.

მაგალითად კიტრი, რომელიც სხვა წლებში ამ დროს 40-50 თეთრი ღირდა, წლეულს 1 ლარს დაბლა არ ჩამოსულა. ასევე ძვირია პომიდორიც, რომელიც 1,30-1,50 ლარის ფარგლებშია. ფასები მაღალია ხილზეც, განსაკუთრებით კი ძვირია ალუბალი, რომელიც არც მეტი არც ნაკლები 5 ლარი ღირს.

მოკლედ, თბილისში ყველაფერი ძვირია, რასაც ხელი სწორედ ლარის გაუფასურებამ შეუწყო ხელი. რა ხდება ამ მხრივ რეგიონებში და მოიმატა თუ არა ფასებმა იმპორტირებულ პროდუქციაზე იქ ლარის გაუფასურების ფონზე? "ბიზნეს-რეზონანსი" ამის გარკვევას რეგიონებში მომუშავე კოლეგებთან შეეცადა. აღმოჩნდა, რომ თბილისისგან განსხვავვებით, რეგიონებში ფასების მატება, პრაქტიკულად, არც მომხდარა.

კახეთში ამ დრომდე მხოლოდ ზეთი გაძვირდა და ისიც მხოლოდ 5 თეთრით. უფრო მეტიც, როგორც გაირკვა, რეგიონში მოქმედ მაღაზიებში საგადასახადოს თანამშრომლებს ჩამოუვლიათ და მაღაზიის მეპატრონეებისთვის რჩევაც კი მიუციათ, რათა მათ არაფერი გაეძვირებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემებს შეუქმნიდნენ.

"კახეთში მხოლოდ ზეთის ფასმა მოიმატა და ისიც მხოლოდ 5 თეთრით. სხვა პროდუქცია ამ დრომდე არ გაძვირებულა, არც ტომატი, არც პირველადი მოხმარების საგნები და მით უმეტეს, არც სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. რაც 2 კვირის წინათ ღირდა, მაგალითად, საპონი და შამპუნი, იგივე ღირს დღესაც. მოკლედ, ჩვენთან ლარის გაუფასურება პროდუქტების გაძვირებაზე არ ასახულა.

ამ ყველაფერს კი ხელი, ალბათ, იმ "გაფრთხილებამ" შეუწყო, რაც საგადასახადოს თანამშრომლებმა მაღაზიის მეპატრონეებს მისცეს. რამდენიმე მაღაზიის თანამშრომელმა ჩემთან საუბარში ისიც თქვა, რომ ლარის დაცემის შემდეგ მაღაზიებში საგადასახადოს თანამშრომლებმა ჩამოიარეს და გაგვაფრთხილეს, რომ თუ რამეს გავაძვირებდით, კარგი დღე არ დაგვადგებოდა.

"არ გაბედოთ რამეზე ფასის მომატება, თორემ ხვალ აღარ იქნებითო - ზუსტად ასე უთხრეს მაღაზიის თანამშრომლებს", - გვითხრა ჩვენმა კოლეგამ კახეთიდან.

ლარი გაუფასურება ნაკლებად შეეხო შიდა ქართლის რეგიონსაც. ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებაში დაცემამ მხოლოდ იმ ადამიანებზე ჰპოვა ასახვა, რომელთაც ბანკებიდან კრედიტები ამერიკულ დოლარში აქვთ გამოტანილი.

"შაბათ-კვირას რამდენიმე მაღაზიაში ვიყავი და აღმოჩნდა, რომ დოლარის გაძვირება, პრაქტიკულად, არაფერს შეხებია. მეპატრონეები თუ გამყიდველები ამას იმ მიზეზით ხსნიან, რომ ყველაფერს, რასაც ახლა ყიდიან, ძველ ფასში აქვთ შეძენილი. ასეთივე სიტუაცია პირველადი მოხმარების საგნებთან მიმართებაში, ქართლში არც ისინი გაძვირებულა. გაძვირდა მხოლოდ "კოკა-კოლა", რაზეც ფასის მატება ჯერ კიდევ ლარის ვარდნამდე მოხდა.

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ამ ერთი კვირის განმავლობაში პომიდორის, კიტრი და სოფლის სხვა პროდუქტი თითქმის ორჯარე გაიაფდა.

ქართლში ყველაზე მძიმედ ლარის კურსის დაცემა იმ ადამიანებზე აისახა, რომლებსაც ბანკებიდან კრედიტი დოლარში აქვთ აღებული. ასეთები კი, ძირითადად, ჯარისკაცები არიან. სხვა მხრივ, ლარის დაცემას რეგიონის ფასებზე, პრაქტიკულად, არანაირი გავლენა არ მოუხდენია", - დასძინა ჩვენმა კოლეგამ შიდა ქართლიდან.

თითქმის ანალოგიური ვითარებაა სამეგრელოშიც. მაგალითად, იქ ამ დრომდე არაფერზე ფასი არ მომატებულა და როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ლარის დაცემა მხოლოდ მათზე აისახა, ვისაც ბანკში კრედიტი დოლარში ჰქონდა აღებული.

"ზუგდიდში ყველაფერი ძველ ფასად იყიდება, არ გაძვირებულა არც ზეთი, არც ტომატი, არც შაქარი და არც პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები. ლარის დაცემამ მხოლოდ იმ ადამიანებზე იმოქმედა, რომლებსაც ბანკებში სესხი სწორედ დოლარში ჰქონდა აღებული. სხვა მხრივ, აქ ვითარება ისევ ისეთია, როგორც ერთი თვის წინათ იყო, მოკლედ არაფერი გაძვირებულა", - ამბობენ ადგილობრივები.

სამეგრელოს, კახეთისა და შიდა ქართლისგან განსხვავებით, ლარის დაცემა მნიშვნელოვნად აისახა გურიაზე. მოიმატა მხოლოდ იმპორტირებული ზეთისა და ტომატის ფასმა. და კიდევ ერთი, გურიაში ამ პერიოდში საგრძნობლად გაძვირდა ადგილობრივი თუთუნი, რომელიც ახლა ნაცვლად 15 ლარისა, უკვე 20 ლარი ღირს.

"ერთი ყუთი იმპორტირებული ზეთი 5 ლარით გაძვირდა, ლარის დაცემის გამო მოიმატა ფასმა ასევე იმპორტირებულ ტომატზეც, რომელიც 30-50 თეთრით გაძვირდა. რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების ზეთსა და ტომატს, ისინი ისევ იმ ფასში იყიდება, რაც ლარის დაცემამდე იყო. გაძვირდა ასვე მედიკამენტებიც, ამ შემთხვევაში თუ ძვირიანი იყო, უფრო მეტით მოიმატა თუ იაფიანი, უფრო ნაკლებით.

გარდა ამისა, გაიზარდა ფასებმა ზოგიერთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე, მართალია, ნაწილი გაიაფდა, მაგალითად, როგორიცაა ლობიო, მაგრამ გაძვირდა პომიდორი და კიტრი. ასევე გაძვირდა წიწიბურა, ქატო, ფქვილი და ქარხნული წესით დამზადებული რძის პროდუქტები.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ გურიაში გაძვირდა ადგილობრივი თამბაქო, რომელიც ნაცვლად 15 ლარისა, უკვე 20 ლარი ღირს. როგორც მწარმოებლები ამბობენ, ეს დოლარის გაძვირებას არ უკავშირდება და სეზონური მატებაა. ამბობენ, რომ თუთუნი ამ დროს დეფიციტურია და ახალი მოსავლის მოყვანამდე ასეთი ფასი დარჩება", - გვითხრა ჩვენმა კოლეგამ გურიიდან.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ