თუ თქვენი მეგობარი საუბრისას ამ სიტყვებს იყენებს, მას დეპრესია აქვს - ამერიკელი ფსიქოლოგების ახალი კვლევის შედეგები

თუ თქვენი მეგობარი საუბრისას ამ სიტყვებს იყენებს, მას დეპრესია აქვს - ამერიკელი ფსიქოლოგების ახალი კვლევის შედეგები

დეპრესია ცვლის ადამიანს, ცვლის მის ყოველდღიურობას, ურთიერთობებს, ინტერესებს, მოვლენებისადმი მიდგომას, ტკივილის შეგრძნებებს და აღქმას, ენერგიულობას, ძილის და კვების რეჟიმსაც კი.

ახალ კვლევაში ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დეპრესიის გამოვლინების სხვა ასპექტი შეისწავლეს. მათ კომპიუტერული ანალიზით გამოთვალეს, თუ როგორ ცვლის დეპრესია მეტყველების არამარტო შინაარსს, არამედ მის სტილსაც. აღნიშნული კვლევის შესახებ "ამერიკის ხმამ" რუბრიკისთვის "გალილეო" მოამზადა სტატია.

ტრადიციული ლინგვისტური ანალიზი ძირითადად ჩანაწერების საშუალებით ხდებოდა. ახალ კვლევაში მეცნიერებს კომპიუტერული ტექნოლოგიები დაეხმარა, რომელსაც უზარმაზარი მოცულობის ჯგუფის მეტყველების და ნაწერის ანალიზი შეუძლია. კვლევაში 6 400-ზე მეტი ადამიანის ლექსიკა გააანალიზეს.

იოლი მისახვედრია, რომ დეპრესიის მქონე ადამიანის მეტყველებაში ჭარბობს უარყოფითი შინაარსის მატარებელი სიტყვები, რაც ამ კვლევამაც დაადასტურა. ასეთი სიტყვების მაგალითებია: "მარტოობა", "მოწყენილობა", "სევდა", "დეპრესიული", "ცუდი", "დათრგუნული", "საშინელი", "საცოდავი", "უიმედო", "უბედური".

მკვლევარებისთვის გაცილებით საინტერესო და მრავლისმეტყველი იყო დეპრესიისთვის დამახასიათებელი ნაცვალსახელების პოვნა: მე და ჩემი. პირველი პირის ნაცვალსახელი იშვიათად იხმარებოდა მრავლობით რიცხვში. შესაბამისად, დეპრესიის მქონე ადამიანები გაცილებით ხშირად საუბრობდნენ და წერდნენ საკუთარ თავზე, კონცენტრირებულები იყვნენ საკუთარ პერსონაზე და ემოციებზე. ისინი იშვიათად იყენებდნენ სიტყვებს "შენ/თქვენ", "ის/ისინი", "შენი/თქვენი", "მისი/მათი", რაც სხვებისადმი ინტერესის ნაკლებობას და სხვა ადამიანებთან ნაკლებ შეხებას, ნაკლებ კავშირს აჩვენებს.

კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება საუბრის სტილზე: დეპრესიაში მყოფი ადამიანები ხშირად ხმარობენ ე.წ. აბსოლუტიზმის შინაარსის მქონე სიტყვებს, ფრაზებს და აზრებს, რომელიც არ იძლევა სიტუაციის, დროის, ფორმის, ან სხვა კონტექსტუალური ნიუანსების განხილვის საშუალებას. ასეთი სიტყვების მაგალითად სახელდება: "სრულებით", "ერთადერთი", "არასდროს", "ყოველთვის", "ყველაფერი", "ყველა", "არავინ", "არაფერი".

ამასთან, აბსოლუტიზმის შინაარსის შემცველ სიტყვებს 50 პროცენტით მეტად ხმარობდნენ დეპრესიის მქონე ჯგუფები, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები. კიდევ უფრო მეტი, 80 პროცენტით მეტად იყენებდნენ ისინი, ვისაც თვითმკვლელობაზე უფიქრია, ან ამ იდეით იყო შეპყრობილი.

მეცნიერებს უცნაურად, პარადოქსულადაც კი ეჩვენათ ის ფაქტი, რომ უარყოფითი შინაარსის მქონე სიტყვებს დეპრესიის ჯგუფთან შედარებით, ნაკლებად ხმარობდნენ ის ადამიანები, ვინც თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. თუმცა, სავსებით ლოგიკური იყო ის, რომ გამოჯანმრთელების გზაზე მდგარი პაციენტები 70 პროცენტით უფრო ხშირად იწყებდნენ დადებითი შინაარსის მქონე სიტყვების გამოყენებას.

კვლევის ავტორები თვლიან, რომ დეპრესიის ენის გაგება სპეციალისტებს სიმპტომების სწორად აღქმაში და ინტერპრეტაციაში დაეხმარება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების და თვითმკვლელობის ტრაგიკული შემთხვევების აღკვეთის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დეპრესიის მქონე ადამიანთა რაოდენობა მსოფლიში 2005 წლის შემდეგ, სულ ცოტა, 18 პროცენტით გაიზარდა და ახლა 300 მილიონს აჭარბებს.

კვლევა 5 იანვარს გამოქვეყნდა ფსიქოლოგიური მეცნიერების ასოციაციის (წარსულში ამერიკის ფსიქოლოგიური საზოგადოება) სამეცნიერო ჟურნალში "კლინიკური ფსიქოლოგიის მეცნიერება". მისი ავტორები არიან პროფესორები მუჰამედ ალ-მოსავი და ტიმ ჯონსტონი შეერთებული შტატების რედინგის უნივერსიტეტიდან.

"ამერიკის ხმა"

რუსეთის თასზე, მატჩის შემდეგ, გია გრიგალავა ცსკა-ს მწვრთნელებს თავს დაესხა და თავის გახვრეტით დაემუქრა - ქართველი ფეხბურთელი სკანდალში გაეხვა

1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ამსახველი, ნაკლებად ცნობილი 5 ფოტო

"ამერიკელი ვარსკვლავი შეროლ პორტერი პირველად სინჯავს ქართულ ხინკალს" - ნახეთ როგორი რეაქცია აქვს მას დაგემოვნებისას