ლარის გაუფასურება კომუნალური გადასახადების ზრდას არ გამოიწვევს

ლარის გაუფასურება კომუნალური გადასახადების ზრდას არ გამოიწვევს

ლარის გაუფასურების გამო კომუნალური გადასახადის გაზრდა არ იგეგმება. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ მათთვის ტარიფის გადახედვის მოთხოვნით არც ერთ კომპანიას არ მიუმართავს. გარდა ამისა, "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბარში კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ტარიფის გაზრდა დღის წესრიგში არ დგას.

"ამ დროისთვის ტარიფის გაზრდის მოთხოვნით არც ერთ კომპანიას არ მოუმართავს, თუმცა მათ სრული უფლება აქვთ, რომ ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით კომისიაში განაცხადი შემოიტანონ. ხოლო სემეკი მათი განაცხადის შესწავლის შემდეგ შესაბამის დასკვნას გამოიტანს", - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიის ტარიფს სემეკი ადგენს, ხოლო გაზის ტარიფი ნაწილობრივ დერეგულირებულია და სემეკის კომპეტენციაში მხოლოდ გაზის ტარიფის დადგენა მხოლოდ ძველი აბონენტებისთვის შედის.

"ყაზტრანსგაზსა" და "თელასში" განაცხადეს, რომ კომპანიებში ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. ექსპერტების ნაწილის განცხადებით, კი კომუნალური გადასახადები ისედაც მაღალია და ლარის კურსის გამო მათი გაზრდის საფუძველი არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ნოღაიდელის პრემიერობის პერიოდში, 2007 წელს "თელასა" და მთავრობას შორის გაფორმდა მემორანდუმი, სადაც მითითებულია, რომ თუ ლარის კურსის 10%-იანი დაცემა მოხდა "თელასს" აქვს უფლება ტარიფის გაზრდა მოითხოვოს.

კერძოდ, 2007 წლის 20 ივნისს გაფორმებულ მემორანდუმში ნათქვამია, რომ 2015 წლის 1-ელ სექტემბერამდე "თელასი" დენს აღარ გააძვირებს. თუმცა, ტარიფის გადახედვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი (1.4 პუნქტი) პირველი - ინფლაცია 10%-ს გადააჭარბებს, მეორე - ლარის კურსი დოლართან ასევე 10%-ით შეიცვლება.

ექსპერტების განცხადებით, მაშინ ნოღაიდელი სემეკის კომპეტენციაში შეიჭრა, ვინაიდან ელექტროენერგიაზე ტარიფების შემცირება არშემცირების გადაწყვეტილების მიღება კანონით სემეკს ენიჭება.

ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, ლიანა ჯერვალიძე ანგარიშში "საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ელექტროენერგეტიკაში" წერს, რომ 2008 წელს სრულდება "ეიესთან" დადებული კონტრაქტის და ინვესტიციების ამოღების ვადა. 1998 წლიდან 2008 წლამდე "ეიესის" სამომხმარებლო ტარიფში გათვალისწინებული იყო "თელასის" მიერ გაწეული კაპიტალური დანახარჯების კომპონენტი, რომელიც, თელასის გაყიდვის შემდეგ "რაო ეეს"-ის ტარიფშიც გადავიდა.

წესით, 2008 წლის ბოლოდან თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი უნდა შემცირდეს, თუმცა 2007 წელს საქართველოს ხელისუფლებასა და "რაო-თელასის" ხემძღვანელობას შორის დადებული მემორანდუმი ტარიფის შემცირებას არ ითვალისწინებს".

ჯერვალიძის შეფასებით, ეს მემორანდუმი არაგამჭვირვალე ვითარებაში დაიდო, რადგან მის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია არც ერთ დამოუკიდებელ ექსპერტს ანდა ექსპერტთა ჯგუფს და მისი არსებობის შესახებ კი მხოლოდ 2007 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი. ექსპერტების შეფასებით, რომ არა ეს მემორანდუმი, 2008 წლიდან ტარიფი უნდა გაიაფებულიყო.

გარდა ამისა, ექსპერტის დავით ებრალიძის განცხადებით, ენერგეტიკაში იაფიანი ჰიდრორესურსების წილი გაიზარდა, შესაბამისად ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის საფუძველი არ არსებობს.

საქართველოში დღეისთვის ელექტროენერგიის დიფერენცირებული ტარიფი მოქმედებს. თბილისში ტარიფი 13,4-დან 17,7 თეთრამდე, ხოლო რეგიონებში 12,9-დან 17,5 თეთრამდე მერყეობს.

ექსპერტების იგივეს აცხადებენ გაზის ტარიფთან დაკავშირებითაც. მათი თქმით, გაზის ტარიფი ხელოვნურად არის გაბერილი და კურსის ცვლილების გამო მისი გაზრდა შეუძლებელია.

სხვათა შორის, საქართველოში გაზის შემცირების საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც ენერგეტიკის მინისტრმა ალეკო ხეთაგურმა აზერბაიჯანთან გაზის 167 დოლარად შეძენას მოაწერა ხელი. გარდა ამისა, ქვეყანას საშუალება აქვს შაჰ-დენიზიდან იაფიან გაზიც მიიღოს, ამას ემატება სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ მიღებული უფასო გაზი.

ექსპერტების განცხადებით, გაზს საქართველო გაცილებით იაფად ყიდულობს, ვიდრე ეს ტარიფზე აისახება. მათი გათვლებით, საქართველოში გაზის ტარიფი 30-40 თეთრს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა, წინასაარჩევნოდ ქრისტიან-დემოკრატები მოსახლეობას 10 თეთრიან გაზსაც სთავაზობენ.

გაზის ტარიფი საქართველოში 51 თეთრია. 2008 წლის პირველი აგვისტოდან კი ტარიფი ახალი აბონენტებისთვისა და კომპანიებისთვის დერეგულირებულად გამოცხადდა.

სემეკი ტარფს ძველი აბონენტებისთვის განსაზღვრავს, ასევე ადგენს სალიცენზიო პირობებსა და წესებს.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ