როგორ დაკარგა ანატოლი ბიბილოვმა ერთადერთი ინვესტორი

როგორ დაკარგა ანატოლი ბიბილოვმა ერთადერთი ინვესტორი

ცხინვალის რეგიონში, ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვისა და რუსეთში ცნობილი ბიზნესმენის, БТК групп-ის ჰოლდინგის ხელმძღვანელის თეიმურაზ ბოლოევის დაპირისპირება, ადგილობრივ საზოგადოებაში აქტიური განხილვის საგანია.

აღნიშნული კომპანიის სათაო ოფისი პეტერბურგში მდებარეობს. მისი დამფუძნებელი, რეიტინგული ოსი ბიზნესმენი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ 2011 წლიდან იჩენს ინტერესს. ოსური მედიის ინფორმაციით, სოჭის ეკონომიკურ ფორუმზე, მასსა და მაშინდელ "პრეზიდენტს", ედუარდ კოკოითს შორის, ცხინვალში საბჭოთა წლებში არსებული და შემდეგ განადგურებული სამკერვალო ფაბრიკის აღდგენის შესახებ შეთანხმება შედგა.

ედუარდ კოკოითმა, მაშინ ბიზნესმენსა და შემდეგ, პოტენციურ ინვესტორს, გადასახადებისგან გათავისუფლება შესთავაზა. თავის მხრივ, ბოლოევს საკუთარი ხარჯებით ის უნდა გაერემონტებინა, აემუშავებინა და იქ 400-500 ადამიანი დაესაქმებინა... ასეც მოხდა.

ფაბრიკა, ოფიციალურად 2013 წელს, ცხინვალის მომდევნო "პრეზიდენტმა" ლეონიდ თიბილოვმა გახსნა, რომელმაც მისი წინამორბედის წამოწყება გააგრძელა. სამკერვალო წარმოება БТК-4-ს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ახალი ინდუსტრიის ხელახალი აღორძინების წინაპირობად, - სწორედ მაშინ გამოუშვეს ადგილობრივი წარმოების სპეცფორმები და სხვადასხვა სახის უნიფორმის პირველი ეტაპი.

2017 წელს, БТК-4-მა პირველი მაღაზიაც გახსნა, სადაც ფაბრიკაში შეკერილი ტანსაცმელი იყიდებოდა. სხვათა შორის, მისი პირველი მუშტარი, სწორედ ანატოლი ბიბილოვი იყო, რომელმაც მაღაზიაში პერანგი შეიძინა. მან მაღაზიის საზეიმო გახსნაზე, ბოლოევს 570 ადამიანის დასაქმებისთვის, მადლობა გადაუხადა... მაშინ, ფაბრიკის დირექტორი კაზბეკ კოჩიევი ამბობდა, რომ დასაქმებულთა რაოდენობის 720-მდე გაზრდა იგეგმებოდა...

თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, "ამ დღეებში, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ БТК-4-ს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადი უნდა შეეტანა და გასული წლების ფინანსური ვალდებულებები "გაესწორებინა". პრაქტიკულად, "ხელისუფლებამ" ბიზნესმენსა და კოკოითს შორის მაშინ გაფორმებული შეთანხმების ანულირება მოახდინა.

"რუსეთიდან ჩამოყვანილ ბიზნესმენს, რამდენიმე მილიონის გადახდის ვალდებულება დააკისრეს, რამაც ქვეყანაში საინვესტიციო გარემო რადიკალურად შეცვალა," - წერს ოსური მედია და ასევე დასძენს, რომ ასეთი პირობები ჰოლდინგის მეპატრონისთვის მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყო.

მათი წყაროს თქმით, რუსეთიდან ჩამოსულ ინვესტორს, რამდენიმე მილიონი დოლარის გადახდა მოუწია. სიტუაციის ასეთი მოულოდნელი შეცვლა და რეგიონში საინვესტიციო გარემოს რადიკალური ცვლილებები მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ერთი სიტყვით, ბოლოევის უახლოესი გარემოცვის ინფორმაციით, ცხინვალის ხელმძღვანელობის წინაპირობებით გაბრაზებულმა ბიზნესმენმა იქაურობის დატოვება გადაწყვიტა.

ადგილობრივი ეკონომისტის, ვიაჩესლავ ჯაბიევის შეფასებით, რეგიონში მოქმედი "კანონი" - ინვესტიციების შესახებ განსხვავებულია, თუმცა თავის დროზე, თეიმურაზ ბოლოევს უნიკალური პირობები შესთავაზეს.

"იმ შემთხვევაში, თუ 500-მდე ადამიანი სამუშაოს გარეშე დარჩება, მათ უნდა უპოვონ ალტერნატიული სამსახური ასევე ალტერნატიული ანაზღაურებით, ჩვენთან კი ასეთი პირობები, ამ ეტაპზე არ არის. უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია, ამიტომაც ეს ყველაფერი, უკმაყოფილების ტალღის გაზრდის გარდა, კარგს არაფერს მოიტანს", - მიაჩნია ჯაბიევს.

ე.წ. საგადასახადო კომიტეტი ადასტურებს, რომ БТК-4-სგან, მთლიანობაში, 27 მილიონი რუბლის გადახდას ითხოვენ. თავის მხრიც, რუსეთში მცხოვრები ოსი ბიზნესმენის გარემოცვის წევრი აცხადებს, რომ ცხინვალის "პრეზიდენტი" ანატოლი ბიბილოვი სასწრაფო რეისით გაფრინდა მოსკოვში ბოლოევთან შესახვედრად, თუმცა, ბიზნესმენმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, მან თავის პარტნიორებს ბიბილოვთან და მის ქვეშევრდომებთან კონტაქტი აუკრძალა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი