"ფაქტია, რომ მოკლეს..." - ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე და ქართული მხარის რეაგირება

"ფაქტია, რომ მოკლეს..." - ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე და ქართული მხარის რეაგირება

ოსური მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც გუშინ, სოფელ ნინიგორში ე.წ. ოსმა სამართალდამცველებმა დააკავეს, გარდაიცვალა.

ადგილობრივ საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცხინვალის, ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, - ისინი ფლობდნენ ინფორმაციას, ტატუნაშვილის ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრმლობასთან დაკავშირებით და დიდი ხნის განმავლობაში თვალყურს ადევნებდნენ მას. ცხინვალის მხარის თქმითვე, დაკავების დროს ტატუნაშვილს თან ჰქონდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის ბარათი.

"1983 წელს დაბადებული არჩილ ტატუნაშვილი, ჩვენმა ძალოვნებმა 22 თებერვალს ლენინგორში დააკავეს. ის 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა და რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალ დივერსიებს ამზადებდა...

დაკავების შემდეგ, ის დასაკითხად ცხინვალში გადმოიყვანეს, რა დროსაც გამომძიებლებმა ტატუნაშვილს აჩვენეს მასალები, რაც ამტკიცებს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებაში მის მონაწილებას და სხვა მართლსაწინააღმდეგო საქმიანობას.

მას შემდეგ, რაც ის გაეცნო მისთვის წარდგენილი ბრალის დასაბუთებას, - ის თავის თავში ჩაიკეტა და ადვოკატისა და თარჯიმნის გარეშე შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, მაგრამ არც მათი თანდასწრებით დაიწყო გამოძიებასთან ურთიერთობა. რის შემდეგაც ის დროებითი მოთავსების იზოლატორში უნდა გადაეყვანათ, რა დროსაც მან ერთ-ერთი თანმხლები თანამშრომლისთვის იარაღის წართმევა სცადა.

თანმხლებმა პირებმა ტატუნაშვილის მცდელობაზე რეაგირება მოახდინეს და მის მიმართ ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. ეჭვმიტანილმა წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურებზე დაგორდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გულის უკმარისობით გარდაიცვალა" - წერს გამოცემა cominf.org.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ცნობით, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელიტური ქვედანაყოფის წევრი იყო და ავღანეთსა და ქუვეითში მსახურობდა.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც ადასტურებენ. გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, - ტატუნაშვილი, წარმოშობით ოკუპირებული რეგიონის სოფელ ყანჩავეთიდან იყო და იქ ხშირად დადიოდა, რადგან ბებიამისიც იქ ცხოვრობს. ახალგორში ხილი და ბოსტნეული შეჰქონდა და ვაჭრობდა.

"მას ისეთი წარსული რომ ჰქონოდა, რასაც ოსური მხარე აცხადებს, - იქ უბრალოდ არ შევიდოდა, რადგან აუცილებლად ეცოდინებოდა, რომ რისკთან იყო დაკავშირებული... არ არის გარკვეული, ესროლეს თუ რა მოხდა... ფაქტია, რომ მოკლეს" - აცხადებს ნუგზარ თინიკაშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სადაც ნათქვამია, რომ სუს-ი ცხელი ხაზის მეშვეობით, დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და მასთან ერთად დაკავებულების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოცემულ მომენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის მეშვეობით, დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და ყველა ზემოხსენებული პირის დაკავების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას", - ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი